Accessibility links

logo-print

ნატოს ექსპერტები საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას შეფასებას აძლევენ


კვირის დასაწყისში საქართველოს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს ექსპერტები ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანია შეფასდეს როგორ სრულდება საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მიმართულებას მოიცავს. ნატოს დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვეულებისამებრ, პრესის დაუსწრებლად ხვდება. წინასწარი დასკვნებისა და ოპტიმისტური პროგნოზებისგან ამჯერად თავს იკავებს ხელისუფლებაც, რომელმაც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს დასავლეთს, რომ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 72 პროცენტმა. ევროატლანტიკურ არჩევანში შეთანხმებულები არიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია სექტემბრის ”საგურამოს მანიფესტში” გამოხატეს. პოლიტიკური კონსენსუსი და მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს. მით უფრო, როდესაც არსებობს სერიოზული დაპირისპირება იმავე დასავლურ ძალებს შორის სამართლიანობისა და ქვეყნის შიდა მოწყობის საკითხებზე. ამ კოლიზიამ ქვეყანა ნოემბრის კრიზისამდე მიიყვანა. სწორედ ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ დემონსტრაციის დაშლა და საგანგებო რეჟიმის შემოღება არ შეესაბამება ალიანსის ფასეულობებს.
გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაკარგა საქართველომ შანსი მიეღო ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უკვე ბუქარესტის სამიტზე. თუმცა საქართველოს გაწევრიანება დემოკრატიული ქვეყნების ბლოკში შეუქცევადია, მიაჩნია უსაფრთხოების ექსპერტს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორს, ლევან ცუცქირიძეს:
[ლევან ცუცქირიძე] ”სტაბილური განვითარების კურსი უნდა შენარჩუნდეს და ის ხარვეზები და შეცდომები, რაც ამ ბოლო ხანს გამომჟღავნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოიფხვრას, რაც, მე არ მგონია, რომ შეუძლებელია. ბევრი რამ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. და მეორე: ჩვენი დიპლომატია კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს. გასაგებია, რომ არის რაღაც დაბრკოლებები რუსეთიდან, მით უმეტეს, მისი მზარდი გავლენის ფონზე, მაგრამ ნატოს ისტორიული გზა არის უფრო სხვა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე.”(სტილი დაცულია)

ნიშანდობლივია, რომ მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ევროსაბჭოს ტრიბუნაზე, სტრასბურგში, უფრო მეტს საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ვიდრე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ვადებზე. რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში კი მიხეილ სააკაშვილმა პირველად განაცხადა, რომ ალიანსში მიწვევამდე ქვეყანას ბევრი პრობლემის, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგობის გადალახვაც მოუწევს.
[რადიო “თავისუფლების” შეკითხვა] “როგორ შეატყვეთ, ნატოში საქართველოს გაწევრიანება აღარ აღიზიანებს ისე ძალიან რუსეთს?”

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ნატოს საკითხი გეოპოლიტიკურად იწვევს... უფრო სწორად, ეს არის ცხელი თემა, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ იდეის მიმართ შეჩვევა ხდება. ეს ხომ ძალიან გრძელი პროცესია, ეს არის რთული პროცესი, ეს არის შიდა რეფორმების პროცესი და, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რუსეთს - იმდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი, მთლიანობაში, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ლაპარაკი კანდიდატად გახდომაზე, არამედ თვითონ წევრობაზე, რომ ამასობაში ძალიან ბევრი რამ, თვითონ მიდგომაც რუსეთში შეიცვლება.” (სტილი დაცულია)

ამ ფონზე საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემფასებელთა ჯგუფი ზუსტად იმავე მოხელეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც საქართველოს ვალდებულებების შესრულებას მესამე წელია სწავლობენ. უცვლელია ჯგუფის ხელმძღვანელი - შეიარაღებული ძალების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრანკ ბოლანდი, რომელიც საქართველოში 30 იანვარს ჩამოდის. მაგრამ ეს ადამიანი არასოდეს ამბობს პირდაპირ თავის სათქმელს. შარშან ბოლანდმა მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს რეფორმებს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და რომ არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი.

XS
SM
MD
LG