Accessibility links

logo-print

საქართველოში დიდთოვლობაა


მეორე დღეა, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვს. მეტეოროლოგთა პროგნოზით, ნალექიანი ამინდი დიდხანს არ გაგრძელდება,

თუმცა დიდთოვლობამ უკვე შეუქმნა პრობლემები მთიან რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს. საქმე ის არის, რომ ჩაკეტილია უღელტეხილების უმრავლესობა, ხოლო მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორ ებრძვიან უამინდობას საქართველოში და რამდენ ხანს გაგრძელდება თოვა?

მეტეოროლოგთა მტკიცებით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ყველაზე დაბლა იანვარში ეცემა. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა მიმდინარე წელი, როცა მთელი ორი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ბარშიც კი მინუს ათ გრადუსზე დაბლა იყო დაცემული. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსის დოდო გვაზავას თქმით, დათბობის მიუხედავად, ამჟამად საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვს. რა არის ამის მიზეზი?

[დოდო გვაზავას ხმა] „ცივი ჰაერის მასები ულტრაპოლარულად ეშვებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ და მიმართულება მიიღო წუხელ სამხრეთიდან. შედარებით თბილი, ნოტიო ჰაერის ურთიერთქმედება ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარ ცივი ჰაერის მასასთან განაპირობებს დღევანდელ ამინდს.“

დოდო გვაზავას თქმით, დიდთოვლობის გამო ზვავსაშიშროებაა ზემო აფხაზეთში. ჭუბერის უღელტეხილზე თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია. თოვა გრძელდება მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სადაც, ამ მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, რამდენიმე სოფელთან კავშირია გაწყვეტილი:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] „ფასანაურის ზემოთ მოძრაობა შეუძლებელია, თოვლია 1,5 მეტრზე მეტი და, ალბათ, მალე დაიწყებენ გამწმენდ სამუშაოებს, მაგრამ ზვავსაშიში ვითარება უშლის ხელს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ყაზბეგის რაიონს, სადაც ასევე არის ძალიან დიდი, !,5 მეტრიანი, თოვლი.“

სწორედ ამ მეტრნახევრიანი თოვლის საფარის გამო ვერ ხერხდება ყაზბეგის რაიონისათვის დენის მიწოდების აღდგენა. ელექტროგამანაწილებელი კომპანიის, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“, წარმომადგენელი ავთანდილ დვალიშვილი განმარტავს:

[ავთანდილ დვალიშვილის ხმა] „დიდთოვლობის გამო გაითიშა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ანანური“. დილის მონაცემებით, გათიშული იყო დაახლოებით 8 ათას 800 აბონენტი. „ენერგო-პრო-ჯორჯიამ“ შეძლო რაღაც ნაწილისთვის დენის მიწოდების აღდგენა, მაგრამ 5 ათასი აბონენტი მაინც უდენოდაა დარჩენილი. იმდენად დიდია თოვლი, რომ დაზიანების ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება.“

თუმცა თოვლის გასაწმენდად უკვე მობილიზებულია გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ტექნიკა. რომან დალაქიშვილის - დეპარტამენტის ხელმძღვანელის -თქმით, მუშაობას მხოლოდ ზვავის ჩამოწოლის საშიშროება აფერხებს.

[რომან დალაქიშვილის ხმა] „ძირითად მაგისტრალებზე, რაიონულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა არ შეწყვეტილა. გამონაკლისია სამხედრო გზა, სადაც ფასანაურამდე მოძრაობა თავისუფალია, ფასანაურიდან ლარსამდე დაკეტილია ზვავსაშიშროების გამო. მოგეხსენებათ, ერთი დღის განმავლობაში 1,5 თოვლი მოვიდა.“

ერთ დღე-ღამეში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ნალექის ინტენსივობა მკვეთრად შემცირდება. დოდო გვაზავას თქმით, თებერვალი იანვარივით ცივი არ იქნება:

[დოდო გვაზავას ხმა] „ხვალ, როგორც გითხარით, ინტენსივობა თოვლისა აღმოსავლეთ საქართველოში შემცირდება და დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში მაინც, ველოდებით თოვლს. რაც შეეხება თბილისს, დღის მეორე ნახევრიდან ინტენსივობა იკლებს, ხოლო ხვალ, შესაძლოა, იყოს დროგამოშვებით მცირე თოვლი.“

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე - დაბლობსა და ბარში - ჰაერის ტემპერატურა ღამით - 5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი, სავარაუდოდ, -1, +4 გრადუსი იქნება.
XS
SM
MD
LG