Accessibility links

logo-print

დღევანდელი ქართული პრესის მთავარი თემა ოპოზიციის მემორანდუმი გახდა - უკლებლივ

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესის მთავარი თემა ოპოზიციის მემორანდუმი გახდა - უკლებლივ ყველა წამყვანმა გაზეთმა პირველი გვერდი დაუთმო ოპოზიციის მოთხოვნებს.

”რეზონანსის” სტატიას ამ თემაზე ”17 მოთხოვნა 17 დღიანი ვადით” ჰქვია. გაზეთი წერს: ”მემორანდუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიცია 500 ათასკაციანი აქციით იმუქრება. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რის დათმობას შეძლებენ მხარეები და, საბოლოოდ, რაზე შეთანხმდებიან.” მემორანდუმის სრულ ტექსტს ”24 საათი” აქვეყნებს. მასში ჩამოთვლილია ის ჩვიდმეტი ნაბიჯი, რომელიც, ოპოზიციის აზრით, პარლამენტის არჩევნების თავისუფალ და სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.

”რეზონანსი” აშუქებს აგრეთვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს და წერს: ”კონსტიტუციაში შეიცვლება ერთი პატარა ჩანაწერი, რომელმაც, შესაძლოა, საკმაოდ დიდი ცვლილება გამოიწვიოს. პრეზიდენტად ორჯერადი არჩევის შეზღუდვა უქმდება. ახლა ამის ნაცვლად გაჩნდება ჩანაწერი, რომ ერთ პირს არა აქვს უფლება ზედიზედ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყოს პრეზიდენტი”. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ცვლილებას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა გაიხანგრძლივოს. ”თუკი ყველაფერი მშვიდობით ჩატარდა, სააკაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრამდე”, - ამბობს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, გაზეთთან საუბრისას და დასძენს - ”ჯამში, გამოდის, რომ სააკაშვილი იპრეზიდენტებს 9 წელი და ორი თვე. თუკი ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები და თუკი მოხსნილი იქნება არჩევითობის ორზე მეტი შეზღუდვა, მას შეეძლება კიდევ იყაროს კენჭი”, - ამბობს მამუკა კაციტაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათი” წერს ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით მედიასაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ. მედიასაბჭოს განცხადებით, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო შემდეგი წესით უნდა დაკომპლექტდეს: პირველი - შეიქმნას საკონკურსო კომისია სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევად. მეორე - ეს კომისია ჩამოყალიბდეს საპარლამენტო უმრავლესობასა და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს შორის პარიტეტის საფუძველზე. მესამე - გადაწყვეტილება ყოველი კანდიდატის შერჩევის შესახებ მიღებულ იქნეს ხმების უმრავლესობით.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი ინგა გრიგოლიას გადაცემა ”პრაიმ-ტაიმს” აფასებს. სტატიის სათაურია: ”სირცხვილია, ხალხო, როდემდე უნდა ვაძიძგილაოთ ყვინჩილებივით ეს ავად პოლიტიკანაყლაპი ჩვენი გოგო-ბიჭები?!” ავტორი წერს: ”მე ამ გადაცემას, ”პრაიმ-ტაიმს” კი არა, უფრო ინგას რინგს დავარქმევდი თუნდაც იმიტომ, რაც 28 იანვარს ვნახე, როცა ცოტას გაწყდა, დაკა-დაკა და მუშტი-კრივი არ გაიმართა გადაცემაში ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯგუფად მიწვეულ ყვინჩილა ახალგაზრდებს შორის”. სტატიის სრულად წაკითხვა დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში” შეგიძლიათ.
XS
SM
MD
LG