Accessibility links

logo-print

ოპოზიციის 17-პუნქტიანმა მოთხოვნამ ხელისუფლებას საფიქრალი გაუჩინა


ოპოზიციის 29 იანვრის მემორანდუმში ჩამოთვლილ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის ხელისუფლებამ მორიგი ტაიმ-აუტი აიღო,

თუმცა მოსაფიქრებელი დრო ძალიან მცირეა, მაშინ როცა ოპოზიციის მოთხოვნები და მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნოემბრის დღეებში იყო. მე შევეცადე გამერკვია, რა ხდებოდა სახელისუფლებო კულუარებში ოპოზიციის მემორანდუმის გამოქვეყნების მეორე დღეს და რას უპასუხებს მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული მემორანდუმის გამოქვეყნების შემდეგ ერთი დღე-ღამე მიიწურა, საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს გამოხატოს ერთიანი მიდგომა 17 პუნქტიანი მოთხოვნების მიმართ. ამის გამო ოთხშაბათს მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს არიდებდნენ საკუთარი აზრის გამოხატვას.

ბოლოს კი გაირკვა, რომ უმრავლესობა აპირებს ოპოზიციის მემორანდუმზე თათბირი გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან. უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ქავთარაძემ ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებას” სატელეფონო საუბარში აცნობა. თუმცა დეპუტატს არ დაუზუსტებია შეხვედრის დრო და სხვა კონკრეტული დეტალები.

ამასობაში, ოპოზიციის ახალი მემორანდუმი, რომელშიც სამჯერ მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ნოემბრის დღეებში იყო, საზოგადოების გაცხოველებული მსჯელობის საგანია. პოლიტოლოგების უმრავლესობა ამბობს, რომ, მიუხედავად მოთხოვნათა გრძელი ჩამონათვალისა, მემორანდუმი შეიძლება იქცეს ბაზისად რეალური სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს პირველ ეტაპზე შესასრულებელ მოთხოვნად საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა ესახება:
[სოსო ცინცაძე] ”ჩემი აზრით, ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, რომელიც ეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისა და საზოგადოების დამშვიდებას, რომ არ განმეორდება ის, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ცვლილებებს კანონში და პარიტეტულ საწყისებზე [საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას]. ” (სტილი დაცულია)

სტრასბურგიდან დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ტრიბუნიდან ბევრი ილაპარაკა ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ოპოზიციამ აღნიშნული მემორანდუმით კვლავ მოსთხოვა ხმების ხელახალი გადათვლა სადავო ოლქებში, კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევების გამოძიება და თანამდებობიდან გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა, რომელმაც მინისტრის პორტფელი ახალ კაბინეტშიც შეინარჩუნა.

ერთი სიტყვით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არანაკლებ რთულ ვითარებაშია, ვიდრე იგი ნოემბრის დღეებში იყო. მემორანდუმის ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი ლეგიტიმურობა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქვეყანა უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდეს. თუმცა არსებობს სივრცე კომპრომისული გადაწყვეტილებისათვის. ოპოზიციის ”ეროვნული საბჭოს” წევრი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი გარკვეულ მოლოდინზეც საუბრობს:

[ლევან ბერძენიშვილი ] ”ნამდვილად არის მოლოდინი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხელისუფლებამ გადადგას ადეკვატური ნაბიჯი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე - საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - იყოს პარიტეტი და რომ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეთა შეთანხმებით. ეს სრულიად შესაძლებელი ამოცანა არის და, მე მგონი, უმრავლესობაში ამის გაგება არსებობს.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, საარჩევნო დარღვევების ობიექტური და სამართლიანი გამოძიების ჩატარებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში თანაბარ წარმომადგენლობას საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს მიერ 25 იანვარს მიღებული რეზოლუციაც ურჩევს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ოპოზიციის მემორანდუმის მოთხოვნების შესასრულებლად კი ხელისუფლებას მოსაფიქრებლად 17 დღე აქვს მიცემული.
XS
SM
MD
LG