Accessibility links

logo-print

საქართველოში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის პრივატიზაციის პროცესი დაიწყო


საქართველოს მთავრობამ იმ ხუთი კომპანიის კომერციული წინადადებების განხილვა დაიწყო, რომლებმაც საქართველოს რკინიგზის პრივატიზების სურვილი გამოთქვეს.

პარალელურად მთავრობა რკინიგზის გასხვისების სხვა ვარიანტებზეც მუშაობს, მათ შორის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანაც განიხილება. რკინიგზასთან ერთად, უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს ფოთის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორის ვინაობაც.

საქართველოს მთავრობა იმ ხუთი კომპანიის წინადადებათა განხილვის პროცესშია, რომლებმაც საქართველოს რკინიგზის ინვესტირების გეგმები წარმოადგინეს. საქართველოს რკინიგზის გასხვისების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ინტერესთა გამოსახატად გამოყოფილი ვადა გასულ კვირას ამოიწურა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ობიექტის მართვის უფლების შეძენის მსურველებისთვის საკუთარი პირობები არ შეუთავაზებია და მყიდველთა შერჩევა მათ მიერვე მომზადებული წინადადებების საფუძველზე მოხდება. რკინიგზის შესაძენი ფასი, ასევე საწარმოს განვითარების გეგმა თავად კონკურსში მონაწილე კომპანიებმა დაასახელეს.

საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს რკინიგზის პრივატიზებაზე, რადგან ეს ქვეყანას დიდ ინვესტიციებთან ერთად დამატებით სამუშაო ადგილებსაც მოუტანს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანა იქნება საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარება და სრულყოფა და ეს შეიძლება მოხდეს ორი სცენარის მიხედვით. რომელს ავირჩევთ, ამას გვიჩვენებს დრო. პირველი, ეს არის რკინიგზის ძალიან მაღალი ხარისხის სტრატეგიული ინვესტორისთვის მიყიდვით ან რკინიგზის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანით.”(სტილი დაცულია)

როგორც გურგენიძის განცხადებიდან ჩანს, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით მოხდება საქართველოს რკინიგზის პრივატიზება. მიუხედავად ამისა, რკინიგზის გასხვისებას ექსპერტთა ნაწილი მაინც ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ცნობილი ეკონომისტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო პაპავა. ის აქცენტს რუსეთთან გართულებულ ურთიერთობასა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე აკეთებს:

[ლადო პაპავას ხმა] ”ასეთ ვითარებაში მე არა მარტო რკინიგზის, არამედ საერთოდ ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტის განსახელმწიფოებრიობისგან შევიკავებდი თავს, - რომელი ობიექტიც არ უნდა იყოს, - იმიტომ რომ ჩვენ არანაირად არ ვართ დაცული იმისგან, რომ შეიძლება შუამავალი კომპანიების მეშვეობით შემოვიდეს ის კაპიტალი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ჯდება საქართველოს ინტერესებში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზების განაცხადი აშშ-ის ორმა, რუსეთის, შვეიცარიისა და ყაზახეთის კომპანიებმა გააკეთეს. ჯერჯერობით მათ საინვესტიციო პაკეტებს საქართველოს მთავრობა მხოლოდ განიხილავს.

ასევე განხილვის პროცესშია ფოთის პორტის საპრივატიზაციო წინადადებები, რომლებიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა ამ საინვესტიციო პროექტზეც დიდ იმედებს ამყარებს. წინასწარი გათვლების თანახმად, ფოთის თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ 20 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის კომენტარი:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”მიმდინარეობს შერჩევის ტენდერი ოპერატორისა ფოთის პორტის და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის. საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ძალიან მაღალი ხარისხის და დამაჯერებელი წინადადებები შემოიტანეს. და შემოიტანეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც მსოფლიოს ხუთეულში და ათეულში შედიან პორტებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების მართვის თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

სამ კომპანიას შორის, რომლებმაც ტენდერის მეორე ტურში გაიმარჯვეს, არიან დიდი ბრიტანეთის, გაერთიანებული საემიროებისა და გერმანიის წარმომადგენლები. მათ საინვესტიციო წინადადებების გაუმჯობესებისთვის გარკვეული ვადა განესაზღვრათ, რომელიც 15 თებერვალს იწურება. სავარაუდოდ, სწორედ 15 თებერვლის შემდეგ გაირკვევა, ვინ გაუწევს ოპერირებას ფოთის პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.
XS
SM
MD
LG