Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ენ ეპლბაუმთან: “საქართველო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას”


ამ დღეებში ჩვენი რადიოს პრაღის შტაბ-ბინაში სტუმრობს ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი, ენ ეპლბაუმი,

რომელმაც სახელი გაითქვა არა მარტო თავისი ანალიტიკური მასალებით, თუ საავტორო სვეტით, რომელსაც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” აქვეყნებს, არამედ რამდენიმე წიგნითაც. მათგან ყველაზე გახმაურებულია წიგნი საბჭოთა გულაგების ისტორიაზე, რომელმაც 2004 წელს ფრიად პრესტიჟულ ჯილდო - პულიცერის პრემია დაიმსახურა.

როგორც ამ წიგნის თემაც მიუთითებს, ეპლბაუმის ინტერესის საგანი, პირველ რიგში, ყოფილი კომუნისტური ქვეყნებია. ამდენად, ბუნებრივი იყო, რომ ეპლბაუმიც გამოეხმაურა საქართველოში შარშანდელი ნოემბრის დრამატულ მოვლენებს. ჩვენ ვიუწყებოდით ენ ეპლბაუმის 13 ნოემბრის სტატიაზე (http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/11/12/AR2007111201419.html), რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნოემბრის ერთ კვირაში მეტი ზიანი მიაყენა “დემოკრატიის მხარდაჭერის” ამერიკულ პოლიტიკას, ვიდრე ამას ოდესმე შეძლებდა ათი ფერვეზ მუშარაფი პაკისტანში დემონსტრაციების დარბევით და საგანგებო მდგომარეობის შემოღებით. ამის შემდეგ ჩვენმა რადიომ შემოგთავაზათ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დისკუსია ენ ეპელბაუმისა და კიდევ ერთი ცნობილი პუბლიცისტის, ვლადიმირ სოკორის მონაწილეობით.

ამჯერად კი საშუალება გვაქვს, შემოგთავაზოთ ენ ეპლბაუმთან ინტერვიუ, რომელიც 30 იანვარს პრაღაში ჩაწერა სალომე ასათიანმა. მან ამერიკელ პუბლიცისტს თავდაპირველად ჰკითხა, როგორ აფასებს საქართველოში ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს: წინასაარჩევნო კამპანიასა და საპრეზიდენტო არჩევნებს. მოხერხდა თუ არა ვითარების სტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა? ენ ეპლბაუმის პასუხი:

[ეპლბაუმის ხმა] “არჩევნები ყოველთვის დამხმარე ფაქტორია. ის, რომ არჩევნები, როგორც ჩანს, საკმაოდ სამართლიანი იყო, დამაიმედებელია. ჩემს სტატიაში, საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულების კუთხით, ყურადღება იყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს შემთხვევაში იგივე შეცდომა, რაც რუსეთის შემთხვევაში დავუშვით. არ უნდა ვუთხრათ მას, რომ უკვე მიღებულია დემოკრატიულ კლუბში, არ უნდა ვუთხრათ “გთხოვთ, გაწევრიანდით ნატოსა და ევროკავშირში, ახლა დემოკრატიული ქვეყანა ხართო” - როცა ასე არ არის. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც ადგილზე ხდება. ჩემი აზრით, საქართველოს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - როგორც ეს ჩემს სტატიაში და შემდეგ თქვენს რადიოსთან ინტერვიუში გავაკეთე, რომ საქართველო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. ვითარება ამ რეგიონში ძალიან რთულია. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გამუდმებით ცდილობს სააკაშვილის პოზიციების შესუსტებას.”

[რადიო “თავისუფლება”] “იყო ჩანაწერებიც. რაღაც მომენტში უსიამოვნოც იყო, იმდენი ჩანაწერი გავრცელდა. მაგრამ იყო ერთი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით, მისი პოზიციის მართებულობას ასაბუთებდა - ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქმე შესაძლოა შეთქმულებას ეხებოდა...”

[ეპლბაუმის ხმა] “დარწმუნებული ვარ, რომ შეთქმულებები იყო! საკითხავი ის არის, რა ზომებს მიმართავ შეთქმულებების წინააღმდეგ: რადიოსადგურს დახურავ? თუ შეთქმულების მონაწილეებს ამხელ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილს აკლია სათანადო ინსტრუმენტები, ან არ გაუაზრებია მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც არის შესაძლებელი ბრძოლა ასეთი პრობლემების წინააღმდეგ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც შეთქმულებები იყო, მაგრამ საკითხავია, რა ზომებს მიმართავს სააკაშვილი, რა ინსტიტუციებს გამოიყენებს. მას ყოველთვის მართებს სიფრთხილე, რათა დაიცვას კანონის უზენაესობა, რათა არ შეზღუდოს ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა პრესის თავისუფლება და თავშეყრის თავისუფლება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს დემოკრატიის ძირგამომთხრელ ძალებთან ბრძოლაში - ვინც უნდა წარმოადგენდეს ამ ძალებს - დაიცვას გარკვეული სტანდარტები. და იგივეს ვიტყოდი ნებისმიერ სხვა ქვეყანაზეც: შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ასევე უნდა დაიცვას გარკვეული სტანდარტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მხარე დამარცხდება. სხვაგვარად თუ ვიტყვით: თუ ანტიდემოკრატებთან ბრძოლაში შენ თვითონაც ანტიდემოკრატი გახდი, მაშინ რა აზრი აქვს? იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია გარკვეული სტანდარტების დაცვა. სააკაშვილმა რაღაცეები აუცილებლად უნდა გააკეთოს. არ შეიძლება მაგალითად, ტელესადგურის დალეწვა.

[რადიო “თავისუფლება”] “პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ შეარბილებს თავის პოლიტიკას - როგორც საშინაოს, ისე საგარეოს. მან ურთიერთობის მოგვარება შესთავაზა რუსეთსაც, განაცხადა რა, რომ სურს უკან მოიტოვოს დაპირისპირება და სამომავლო წინსვლაზე იზრუნოს. ყველა ამ პროცესის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივას ნატოს მიმართულებით?”

[ეპლბაუმის ხმა] “ეს საინტერესო შეკითხვაა, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა! ვფიქრობ, ორივე ქვეყნის შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ამ ქვეყნების შიგნით. უკრაინაში ჯერ ღია საკითხად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი დამოკიდებულება. ბოლო საუბრების დროს, რომლებიც უკრაინაში მქონდა, ის შევიტყვე, რომ ხალხის ერთი მესამედი ემხრობა ნატოს, ერთი მეასმედი წინააღმდეგია, ხოლო ერთ მესამედს ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ვფიქრობ, ვაშინგტონში ამ რამდენიმე წლის წინ ძალიან დადებითად უყურებდნენ ნატოში უკრაინის შესვლის იდეას. მაგრამ ენთუზიაზმი ცოტა განელდა - იმის გამო, რომ უკრაინაში არ ჩანს ენთუზიაზმი. იცით, ვაშინგტონში არ სურთ ნატოს წევრობა წინააღმდეგობის გამომწვევი საკითხი იყოს. მათ უნდათ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს მართლაც სურდეთ ნატოს წევრობა.

საქართველო ცოტა განსხვავებული შემთხვევაა. იმ მახასიათებლებს შორის, რომლებიც საჭიროდ არის მიჩნეული საიმისოდ, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანების ღირსეულ კანდიდატად ჩაითვალოს, არის გარკვეული ფუნდამენტური, დემოკრატიული ღირებულებები - როგორიცაა შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. და ნატო ამას საქართველოსგანაც მოელის.”

[რადიო “თავისუფლება”] “ასე რომ, რეალისტურ პერსპექტივად არ მიგაჩნიათ, რომ ნატოს სამიტზე, აპრილში, საქართველოს მეპ-ს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებენ?”

[ეპლბაუმის ხმა] “იცით, არ ვიცი, ახლა როგორ ფიქრობენ ამ საკითხზე. ალბათ, შეუძლებელი არ არის: გავიხსენოთ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებას, ნატო საკმაოდ ადვილად აკეთებს. ვფიქრობ ეს შესაძლებელია. მაგრამ არ ვიცი, ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG