Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შეფასების მისია საქართველოს კარგი შთაბეჭდილებით ტოვებს


5 დღიანი სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოში მყოფმა ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა ბოლო შეხვედრა შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობასა და

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამთავრობო კომისიასთან გამართა. შემფასებელთა მისიამ, რომელიც ალიანსის თითქმის ყველა საკვანძო დეპარტამენტის წარმომადგენლით იყო დაკომპლექტებული, საქართველო კარგი შთაბეჭდილებით დატოვა. თუმცა მისიის საბოლოო დასკვნები მხოლოდ თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ნატოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრანკ ბოლანდი, საქართველოს საკითხების კოორდინატორი პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოდან ჯეიმს მაკეი და მათი თანმხლები დელეგაცია 31 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის სარდალსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მთავარი მომხსენებელი სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია იყო. სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ისმენდნენ ინფორმაციას სამხედრო ძალების ბიუჯეტირების, მართვისა და დაგეგმარების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ შეფასების მისიამ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამხედრო საკითხებზე რამდენიმე ახალი რეკომენდაცია დააყენა:

[ბათუ ქუთელია] ” ეს განსაკუთრებით შეეხება პერსონალის მართვის სისტემის გაუმჯობესებას. ეს სისტემა უკვე შექმნილია, თუმცა საკმაოდ რთულიც არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ საიდან მოდიან და რა მემკვიდრეობა ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებს. ისინი (ნატოელი ექსპერტები) გაგებით ეკიდებინა ამას და მოგვცეს დამატებითი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გახდეს ეს სისტემა კიდევ უფრო ეფექტური. ბუნებრივია, სამოქმედო გეგმაში ყველა მათი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სამხედრო სფეროს მიმართ, რომელიც, პრიორიტეტული დაფინანსების პირობებში, სწრაფად განაგრძობს რეფორმირებას, ნატოს შემფასებელთა მისია არც ადრე იშურებდა ქათინაურებს. პროგრესი აღინიშნებოდა სხვა, არასამხედრო, მიმართულებითაც, როგორიცაა პოლიტიკური სისტემის რეფორმა, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს გაუმჯობესება. უფრო მეტი შენიშვნები გამოითქმოდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური გარანტიების უქონლობისა და პროგრესის არარსებობის თაობაზე კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით, რაც ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებაა.
ამ საკითხებზე ნატოელი ექსპერტები არასოდეს საუბრობდნენ საქართველოში ყოფნის დროს და მათი შეფასებების ადაპტირებული ვერსიების მოსმენა მხოლოდ ცალკეული ქართველი ექსპერტების გზით იყო შესაძლებელი. ამჯერადაც შეფასების მისიამ თავი აარიდა რაიმე შთაბეჭდილებაზე საუბარს. უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოდან ჯეიმს მაკეიმ რადიო ”თავისუფლებას” პრივატულ საუბარში უთხრა, რომ შეფასების დოკუმენტი მზად თებერვლის ბოლოს იქნება და მის საკომიტეტო განხილვებს ბრიუსელში საქართველოს დელეგაციაც დაესწრება.
ბათუ ქუთელიას თქმით, შეფასების მისიის საბოლოო დოკუმენტი საქართველოსთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს:

[ბათუ ქუთელია] ”ამ კონკრეტული შეხვედრის მიზანი არ იყო ბუქარესტის სამიტის დღის წესრიგის განხილვა. მაგრამ ამ შეხვედრის შედეგები ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბუქარესტში ან, საერთოდ, 2008 წლის განმავლობაში.”

რაც შეეხება საქართველო-ნატოს მომავალ ურთიერთობას და შემდგომ ეტაპზე, ე.წ. მაპზე, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, გადასვლას, 31 იანვარს რადიო ”თავისუფლებამ” საინტერესო დეტალი გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საქართველოს არ წარუდგენია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების თხოვნა, როგორც ეს ორი კვირის წინ უკრაინამ გააკეთა:

[ბათუ ქუთელია] ”ჩვენი მაპის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში იმ მომენტში, როდესაც ამას ჩვენ ალიანსთან ერთად ჩავთვლით საჭიროდ და პოლიტიკურად იქნება ყველაზე სწორი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას, აღარ დაუზუსტებია, თუ როდის იქნება ”პოლიტიკურად სწორი” მაპის მიღების შესახებ თხოვნის დაყენება საქართველოს მხრიდან, რომლის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში გეგმავდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. თუმცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ საქართველომ მაპის გადაცემისათვის საჭირო ყველა რეფორმა გაატარა და ახლა ჯერი ნატოს 26 წევრ ქვეყანაზეა, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG