Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა, ბევრი სხვა თემის გარდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობაზე წერს.

”რეზონანსი”: ”ცხადია, მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გამოკვეთილია, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება და რაზე არა. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, ოპოზიციისთვის რა არის აქედან მისაღები. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით კი, დიალოგის გამართვისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ დაკმაყოფილდეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან და, საერთოდ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული მოთხოვნები.” ”ყველა სიახლე”: ”თუ ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვიდა ან დიალოგის იმიტაციას შეეცადა დროის გაჭიანურების გზით, ოპოზიციას, რა თქმა უნდა, გაუჭირდება საპროტესტო აქციების კონსტიტუციურ ფარგლებში შენარჩუნება. იგი ან უნდა დაჰყვეს მისი ელექტორატის მოთხოვნას, დადგეს აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში და დაიწყოს პერმანენტული აქციები, ან ელექტორატი მათ, უბრალოდ, ჩამოწერს როგორც პოლიტიკურ ლიდერებს და მაშინ მათი ადგილი, შესაძლოა, მარგინალურმა პოლიტიკოსებმა დაიკავონ. ამ შემთხვევაში კი ძალადობრივი სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა უფრო მეტი იქნება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.” ”ახალი თაობა”: ”7 ნოემბრის შემდეგ საქართველოში სხვა სიო ქრის. ხელისუფლებაც სხვანაირად ჟღურტულებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ყველაფერი ისევ ისე ყოფილა, როგორც უწინ.”

დღევანდელ ”ახალ თაობაში” გაეცნობით ვრცელ ინტერვიუს, სათაურით ”ვაჟა ლორთქიფანიძე პოლიტიკაში ბრუნდება”. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი თავისი ორგანიზაციის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და გასული წლის 7 ნოემბრის მოვლენებსაც აფასებს: ”ვერც ერთი უცხოური სპეცსამსახური ვერ შექმნიდა პროტესტის ისეთ მუხტს, იმ საყოველთაო აღელვებას, რომელიც სუფევდა და კვლავ სუფევს საქართველოში”, - ამბობს ლორთქიფანიძე, რომელსაც ჟურნალისტი ბადრი პატარკაციშვილზეც ეკითხება. რესპონდენტი ამბობს: ”ჩვენი ურთიერთობები დაიწყო 90-იან წლებში, როდესაც მე ელჩად ვმუშაობდი რუსეთში. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა დაკავშირებული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასთნ. მე არ შემიძლია არ ვთქვა, ბადრიმ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რუსეთის საზოგადოებას საქართველოს შესახებ სიმართლე გაეგო და საქართველოს ინტერესები ღირსეულად წარმოჩენილიყო. ჩემი მასთან მეგობრობა დაკავშირებულია ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობების სამშობლოში დაბრუნებასთან.”

”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: ”როცა ისმის დევიზი აჯანყების შესახებ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ აჯანყების საფუძველს არასოდეს ქმნის ოპოზიცია. ასეთი საფუძველი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ხელისუფლების უნიათო მართვის შედეგად.” ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ დეპუტატ რატი სამყურაშვილთან, რომელიც თვლის, რომ ”კრიზისი დაძლეულია მას მერე, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონია შედგა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მრავალი ხარვეზის მიუხედავად, არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი, მთლიანობაში, დადებითად შეაფასა.”
”ყველა სიახლე” კი აქვეყნებს ინტერვიუს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან. ”მე რომ მერაბიშვილი ვიყო, ადეიშვილის გაშვების შემდეგ ნამდვილად ვიფიქრებდი, ჩემი რიგიც დადგება-მეთქი. რა თქმა უნდა, მისი რიგიც მალე დადგება. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილი პიარისტია და იცის, როდის უნდა გააკეთოს ეს. შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდეს შემონახული”, - ფიქრობს ლევან ბერძენიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ყველა სიახლე” აქვეყნებს. ამავე გაზეთში გაეცნობით იუსტიციის მინისტრ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს. ”გასაგებია, რომ ოპოზიცია მხარს არასდროს დაუჭერს უმრავლესობის მიერ მოწონებულ მინისტრთა კაბინეტს. ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, რომელიც მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. გაუგებარი ის განცხადებებია, რომ არ ცნობენ პრეზიდენტსა და მთავრობას”, - აცხადებს ნიკა გვარამია ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG