Accessibility links

logo-print

ოპოზიციის მემორანდუმის პუნქტებზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები დაიწყო


საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის

ურთიერთობის კონფრონტაციიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლას ამ ეტაპზე ოპოზიციის ჩვიდმეტპუნქტიანი მემორანდუმი ემსახურება. მემორანდუმის პირველი განხილვა 1 თებერვალს შედგა. ის, რომ მემორანდუმში გაწერილი მუხლების შესრულების მოთხოვნა ცალსახა ულტიმატუმი არ არის და პოზიციების ურთიერთგაცვლის ფონზე ურთიერთშეჯერებას ითვალისწინებს, შეხვედრაში მონაწილე მხარეებმაც დაადასტურეს. მემორანდუმის პირველ განხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის რამდენიმეკაციანი ჯგუფები ესწრებოდნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგაც უცნობი დარჩა.


ოპოზიციის მემორანდუმის ირგვლივ პარლამენტის თავმჯდომარესთან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თითქმის სამ საათს ისაუბრეს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შეხვედრა კონსტრუქციული იყო, თუმცა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია. მემორანდუმის პუნქტობრივი განხილვის პირველი შედეგები, გავრცელებული ინფორმაციით, 5 თებერვალს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროისათვის დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

[კახა კუკავას ხმა]“ სამშაბათს ჩვენ გვეცოდინება 17 საკითხიდან რამდენ საკითხზე ხერხდება შეთანხმება, რამდენ საკითხზე ხერხდება კომპრომისი და რამდენი საკითხია შეუთანხმებელი.”

განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კახა კუკავამ. წინასწარი ინფორმაციით, 1 თებერვალს გამართული დიალოგის ფორმატში კონსულტაციები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებითაც გაიმართა. პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“ საკონსტიტუციო ცვლილება მოითხოვს, პირველი, რომ გაზაფხულზე გადმოვიდეს არჩევნების ვადა. ეს ისედაც გადაწყვეტილია. მეორე, ახალარჩეული პარლამენტის წინაშე იყოს მთავრობის ნდობის საკითხი განხილული. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით - მათ შორის, ამ მიმართულებით - ნაბიჯი გადავდგით ურთიერთშემხვედრი.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციის მემორანდუმს, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი პოლიტიკური ორგანიზაციების გარდა, ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეების“, „მრეწველებისა“ და „მომავლის პარტიის“ ლიდერები. მათი გადაწყვეტილებით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წინააღმდეგობის კამპანია ხელისუფლების მიმართ კონსტიტუციური, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებების გამოყენებით უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ისინი ერთიანნი არიან იმაში, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზითაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით მემორანდუმი ცალ–ცალკე ჩამოთვლის პუნქტებს, რა უნდა გაკეთდეს არჩევნების პროცესის კანონიერად წარსამართავად, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმური შედეგების დასაძლევად, სიტყვის თავისუფლების დასაცავად და პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ამ ძირითადმა მიმართულებებმა მემორანდუმში, როგორც უკვე მოგეხსენებათ, 17 პუნქტი შეადგინა.

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ ეს დოკუმენტი არ შექმნილა სავაჭროდ. ჩვენ ვთქვით, რომ 17–ვე პუნქტი, ერთობლიობაში, წარმოადგენს პაკეტს, რომელიც, ერთი მხრივ, ემსახურება შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვას და, მეორე მხრივ, ემსახურება ნორმალური პოლიტიკური ფონის შექმნას საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამიტომ ამ დოკუმენტზე მიდგომა, რომ, დავუშვათ, ხუთს გავიტანთ, 12–ს დავთმობთ ან, პირიქით, არის არაჯანსაღი და არასერიოზული.“(სტილი დაცულია)

აცხადებს მემარჯვენე ოპოზიციის წევრი მამუკა კაციტაძე, თუმცა, ამის მიუხედავად,
ჩვიდმეტივე საკითხის ერთ შეხვედრაზე განხილვის, მით უფრო, რაიმე შეთანხმების მიღწევის ილუზია ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს თავიდანვე არ ჰქონიათ. გავრცელებული ინფორმაციით, 1 თებერვალს შეხვედრამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოში პარიტეტული პრინციპის უზრუნველყოფა და სხვ. ამ უკანასკნელზე, კერძოდ, სამეურვეო საბჭოს შემჭიდროებულ ვადებში დაკომპლექტების ნების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 31 იანვრის სხდომაზე განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე იქნეს რეალიზებული, ახლა რომ არ იყოს ძალიან აბსტრაქტული, რას ნიშნავს ეს უმოკლესი ვადა, ვიტყვი, რომ თებერვლის ბოლომდე ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.“

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ვადების შემცირება ოპოზიციური პარტიების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო. თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პარალელურად დღის წესრიგში რჩება სამეურვეო საბჭოს მიუკერძოებელი ადამიანებით დაკომპლექტების საკითხი. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ოპოზიცია საკუთარი კანდიდატების წარდგენას აღარ გეგმავს და საუკეთესოს კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან შეარჩევს.
XS
SM
MD
LG