Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა გაზსაცავის მშენებლობის საკითხს დაუბრუნდა


ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება

უკვე მეორედ გამოვიდა გაზსაცავის მშენებლობის იდეით. უკანასკნელად ასეთი ინიციატივა გასული წლის მარტის თვეში გამოითქვა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში გაზსაცავის პროექტი კვლავ გაიხსენეს და მისი მშენებლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემ, ისაუბრა. რა საჭიროა გაზსაცავი, ვისი სახსრებით უნდა აშენდეს ის და როდის?

გაზსაცავის მშენებლობის პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას, ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობაზე საუბრისას შეეხო. გურგენიძის განცხადებით, გაზსაცავი, მიუხედავად სიძვირისა, საქვეყნო მნიშვნელობის პროექტია:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ჩვენ გვაქვს ასაშენებელი გაზსაცავი ქვეყანაში. ეს კიდევ უფრო ძვირი პროექტია. ეს ჩვენ გვაძლევს გაზის მოწოდების სტაბილიზაციისა და დივერსიფიკაციის საშუალებას. არ გამოვრიცხავ, რომ ევრო ობლიგაციებიდან შემოსული 500 მილიონის ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯოს.”(სტილი დაცულია)

გაზსაცავის პროექტის სიძვირის გამო საქართველოს ხელისუფლებას ინვესტორის მოძიება გაუჭირდა. ის უკვე მეორედ მიუბრუნდა საცავის მშენებლობის იდეას. დაახლოებით 1 წლის წინ გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ალაპარაკდა.

საქართველოს ხელისუფლებას მაშინაც ნინოწმინდაში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი ჰქონდა მხედველობაში და ახლაც. ეს იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს არსებობის ბოლო წლებიდან იღებს სათავეს. ლაპარაკია ნინოწმინდის გაზის საბადოდან ბუნებრივი აირის ამოტუმბვისა და ცარიელ სივრცეში გაზის ჩატუმბვის შესახებ. ენერგეტიკის ექსპერტის მიხეილ სიდამონიძის კომენტარი:

[მიხეილ სიდამონიძის ხმა] ”ეს გაზსაცავი 2-3 ფუნქციას ასრულებს, ესე იგი არეგულირებს მოთხოვნილების ცვალებადობას. მეორე შემთხვევაში ან ავარიაა გაზსადენზე, ან მომწოდებელი ვერ აწვდის გაზსს. ამ შემთხვევაში გაზსაცავი არის ამ ფორსმაჟორული სიტუაციის დასარეგულირებელი ყველაზე კარგი საშუალება.”(სტილი დაცულია)

მიხეილ სიდამონიძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოში ბუნებრივი აირის საცავის შექმნის საკითხებზე. სიდამონიძის აზრით, 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის არსებობის შემთხვევაში, 2-3 წლის მანძილზე, ნინოწმინდის საბადოს საფუძველზე, შესაძლებელია 300 – 400 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავი შეიქმნას. ამ მოცულობის გაზი საქართველოს დაახლოებით 3 თვის მარაგს წარმოადგენს.

[მიხეილ სიდამონიძის ხმა] ”15 წელია ვლაპარაკობთ, რომ საჭიროა. 15 წელია ვლაპარაკობთ, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ. 100 დღის მარაგი გვექნებოდა, არავის არ შევეკითხებოდით და არ დავიწყებდით ხვეწნას.”(სტილი დაცულია)

საქართველოში გაზსაცავის შექმნის იდეა სათავეს იღებს 1988 წლიდან. მაშინ საბჭოთა კავშირს გაზის სანაცვლოდ საქართველოში გაზსაცავის აშენებას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა დაჰპირდა, მაგრამ, გერმანიის გაერთიანებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა. უფრო მოგვიანებით - ხან ევროკავშირის, ხანაც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით - გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა, დაფინანსების უქონლობის გამო, პროექტი დღემდე პროექტად რჩება.
XS
SM
MD
LG