Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


მთელი მიმდინარე კვირა ქართული პრესა ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართებაზე წერდა.

გამწვავდება დაპირისპირება თუ მოხერხდება დიალოგი საპარლამენტო არჩევნების წინ - ეს იყო უმთავრესი საგანი განსჯისა, რომელიც ამ კვირაში ახალი მთავრობის დამტკიცების ფონზე მიმდინარეობდა.

ამ ურთიერთმიმართების გარკვევას ეძღვნებოდა ორშაბათის ”24 საათის” პუბლიკაცია ,,წინ პარლამენტისკენ”. გაზეთი წერდა: ,, ოპოზიციის განმარტებით, არის ძირითადი საკითხები, რაზეც ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ამ შემთხვევაში მათ მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი მოლაპარაკებები აზრს კარგავს. და თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ერთიანი ეროვნული საბჭო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილობას არ მიიღებს.” ხელისუფლების პოზიცია კი გაზეთის თვალით ასე იყო დანახული: ,,ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის გაურკვეველია ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი და მასიურ საპროტესტო აქციებს საპარლამენტო არჩევნებისათის მზადებად მიიჩნევენ”, - წერდა ”24 საათი”.

თუმცა ,,კვირის პალიტრის” პუბლიკაციაში პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ,,დღეს დაძაბულობა ხალხსა და ხელისუფლებას შორისაა და სწორედ ეს არის მოსაგვარებელი”..

ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა” წერდა, რომ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, შეფასებით, მთავრობაში ვანო მერაბიშვილის დატოვება ხალხის რისხვას მხოლოდ გააძლიერებს.” ეს მან გაზეთს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. დაპირისპირებაზე საუბრისას, შეკითხვას, შეიძლება თუ არა რომ საქმე საერთო სახალხო აჯანყებამდე მივიდეს, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა: ,, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში ჩავატიოთ ჩვენი ქმედებები. სხვათა შორის, აჯანყების უფლება საერთაშორისო დოკუმენტებში წერია. ეგ ისე არაა, რომ ხალხმა მუდმივად უნდა აიტანოს მოძალადე ხელისუფლება. მაგრამ ჩვენ ამაზე არა ვართ ორიენტირებული. ჩვენ ორიენტირებული ვართ საშინაო და საგარეო რესურსების მაქსიმალურ მობილიზებაზე. საერთაშორისო მხარდაჭერით და ქართველი ხალხის ნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში. მოდი, ჩავთვალოთ, რომ აჯანყება - ეს არის მეტაფორა”,- უთხრა ”მთელ კვირას” დავით ბერძენიშვილმა.

მომდევნო დღეს ამ თემას უკვე ლევან ბერძენიშვილი განაგრძობდა, რომელიც იმაზე საუბრისას, თუ რა არის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების დროს, მედიის როლს შეეხო: ,, როგორც ყოველთვის, ახლაც მთავარი ტვირთი თქვენ გაქვთ”, - უთხრა მან ”რეზონანსის” ჟურნალისტს. - ,, ბეჭდვითმა მედიამ უნდა უთხრას სიმართლე საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ პირველ არხს ჩვენ მართლა ვაქცევთ საზოგადოებრივ არხად, საარჩევნო ადმინისტრაციას მივცემთ საშუალებას, რომ იყოს პატიოსანი და პოლიტიკურ ტერორს შევაწყვეტინებთ. ვამბობთ, რომ ხალხს მივცემთ პატიოსანი არჩევნების საშუალებას. ყველას აქვს უფლება ხელისუფლება გამოცვალოს არჩევნების გზით”, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსს”.

პარასკევის ,, 24 საათში” კი ქართული მედიის შესახებ ლევან ბერძენიშვილთან ერთად უკვე მწერალი დათო ტურაშვილი საუბრობდა. ”მასმედიის ნდობის შესახებ საერთოდ არც მიფიქრია, რადგან, ჩემის ღრმა რწმენით, მხოლოდ ის ტყუვდება სინამდვილეში, ვინც სხვის მოტყუებას ცდილობს. ასე რომ, თუ ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა მასმედიის მიმართ, ეს მასმედიის პრობლემაა და არა საზოგადოების”, - წერს დათო ტურაშვილი.

ოთხშაბათს ყველა გაზეთის მთავარი თემა ოპოზიციის მემორანდუმი იყო, ის ჩვიდმეტი ნაბიჯი, რომელიც, ოპოზიციის თვალსაზრისით, პარლამენტის არჩევნების თავისუფალ და სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს. ”24 საათი” ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი 17 პუნქტიანი მემორანდუმის სრულ ტექსტს აქვეყნებს.

პარასკევს მემორანდუმთან დაკავშირებით ”საქართველოს რესპუბლიკა” ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი იაშვილთან, ინტერვიუს აქვეყნებს. ”შესაძლოა, ოპოზიციამ ხალხი ვეღარ შეაჩეროს”, - ამბობს ირაკლი იაშვილი. - ”ბოლო მიტინგზე უკვე რადიკალური მოთხოვნები გაისმა და ოპოზიციის ლიდერები ხალხს სთხოვდნენ მშვიდობიანად დაშლას. თუ დავინახეთ, რომ არჩევნები ფარსს ემსგავსება, საგაზაფხულოდ აგორებული საპროტესტო ტალღის შეჩერება, ალბათ, გაძნელდება.”

პარასკევს მემორანდუმთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძესთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა.
,,მემორანდუმის პუნქტობრივი განხილვა დაიწყო”, - წერს უკვე შაბათს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც დიალოგში მონაწილე უმრავლესობის წარმომადგენლებს ესაუბრა. ,,შეთანხმება გარკვეულწილად შემდგარია”, - უთხრა ”რეზონანსს” ლევან ბეჟაშვილმა. ,, ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში გვემუშავა და, ვფიქრობ, ჯერჯერობით ორივე მხარეს გამოგვივიდა”, - დასძინა მან.

,,ხელისუფლებას ჭკუის სწავლაში დავეხმარებით” - ამ სათაურით გამოაქვეყნა ამ შეხვედრის შესახებ წერილი გაზეთმა ”ახალი თაობა”.

ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარემ კახა კუკავამ კი გაზეთ ”24 საათს” უთხრა, რომ” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს საბოლოო მარცხს. ”
შაბათის პრესა წერს, რომ კონსულტაციების მორიგი რაუნდი 5 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG