Accessibility links

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირა საქართველოს

მთავრობის ახალი შემადგენლობის საპარლამენტო განხილვით დაიწყო და მთავრობის დამტკიცებითა და უმრავლესობა-ოპოზიციის კონსულტაციებით დასრულდა. კვირის მანძილზე აქტუალური იყო ნატოს ექსპერტთა შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი, გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმი, ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდის შესაძლებლობა და სხვ.

გასული კვირა საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვით დაიწყო და უკვე კვირის ბოლოსთვის პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესა და კაბინეტის დანარჩენ 17 წევრს მხარი 141-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რა დაედო საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობის ასეთ ერთსულოვან მხარდაჭერას? - ამ კითხვის პასუხი ახალი მთავრობის ინიციატივებშია.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ თავის ერთსაათიან გამოსვლაში, ძირითადად, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკის სტიმულირების გზებზე ისაუბრა. გურგენიძის თქმით, დაკანონდება პროფიციტური ბიუჯეტი და ერთნიშნა ინფლაცია, ხოლო გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება:

[ლადო გურგენიძის ხმა] „ჩვენი პროგრამა მოიცავს 2009 წლის პირველი იანვრიდან გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე გადასახადისა, რომელიც ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან ობლიგაციებიდან მოდის; გაუქმებას ფასნამატზე მოგების გადასახადისა, გაუქმებას დივიდენდზე გადასახადისა, თუკი ეს არის დივიდენდი, გადახდილი ლიკვიდური საჯარო კომპანიის მიერ. ხოლო ხუთი წლის მანძილზე ეს სამი შეღავათი გავრცელდება საერთოდ ყველა ტიპის აქტივზე და ეს მოხდება იმის კვალდაკვალ, რაც საშემოსავლო გადასახადი შემცირდება. ამ წუთას არის 25 პროცენტი, დაიწევს 15 პროცენტამდე. შედეგად ყველა ამ გადასახადის დაწევისა ჩვენ მივიღებთ ყველაზე ლიბერალურ საგადასახადო ფონს მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.“

ამ ცვლილებებმა, ლადო გურგენიძის გათვლებით, საქართველოს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს, რაც 200 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გამოიწვევს. სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად მთავრობა ბიუჯეტის დაახლოებით მესამედს მიმართავს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამ და სხვა მუხლებმა საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მოწონება დაიმსახურა:

[დეპუტატის ხმა] „აი, ასეთი ჩამოყალიბებული, პროფესიონალური და ძლიერი გუნდი არ ჰყოლია არც ერთ პრეზიდენტს.“

[დეპუტატის ხმა] „უპირველესად, მინდა მწუხარება გამოვხატო იმის გამო, რომ განხილვას არ ესწრება ოპოზიცია და ამ მშვენიერი დოკუმენტის განხილვაში არ იღებენ მონაწილეობას.“

საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობა დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა. ოპოზიციის წევრები არ ცნობენ არც პრემიერ-მინისტრისა და არც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ეს მთავრობა მიგვაჩნია დროებით მთავრობად, იმიტომ რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ იქნება სულ სხვა ბალანსი. ჩვენ გვაქვს იმის რწმენა და იმედი, რომ ოპოზიცია იქნება მეტად წარმოდგენილი და, ალბათ, უმრავლესობაშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მთავრობას ვუყურებთ როგორც დროებითსა და გარდამავალს.“

სხვანაირად ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ-სამ თვეში ახალი მთავრობა ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონის გაუმჯობესებას შეძლებს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ უარი განაცხადა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში მონაწილეობაზე, რაც მას ხელისუფლებამ შესთავაზა. სანაცვლოდ, ოპოზიციამ ხელისუფლებას 17 პუნქტიანი მემორანდუმი გაუგზავნა.

ოპოზიციის მემორანდუმს, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი პოლიტიკური ორგანიზაციების გარდა, ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეების“, „მრეწველებისა“ და „მომავლის პარტიის“ ლიდერები. მათი აზრით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზითაა შესაძლებელი. მემორანდუმში ცალ–ცალკეა ჩამოთვლილი პუნქტები, რა უნდა გაკეთდეს არჩევნების პროცესის კანონიერად წარსამართავად, სიტყვის თავისუფლების დასაცავად და პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველსაყოფად. მათ შესახებ ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, საუბრობს:

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ ეს დოკუმენტი არ შექმნილა სავაჭროდ. ჩვენ ვთქვით, რომ 17–ვე პუნქტი, ერთობლიობაში, წარმოადგენს პაკეტს, რომელიც, ერთი მხრივ, ემსახურება შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვას და, მეორე მხრივ, ემსახურება ნორმალური პოლიტიკური ფონის შექმნას საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამიტომ ამ დოკუმენტზე მიდგომა, რომ, დავუშვათ, ხუთს გავიტანთ, 12–ს დავთმობთ ან, პირიქით, არის არაჯანსაღი და არასერიოზული.“(სტილი დაცულია)

მემორანდუმის ავტორთა კატეგორიული ტონი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გააკრიტიკა, თუმცა ოპოზიციასთან შეხვედრით მაინც კმაყოფილი დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 თებერვლის შეხვედრაზე ისეთი საკითხები დაისვა, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოში პარიტეტული პრინციპის უზრუნველყოფა და სხვ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“ საკონსტიტუციო ცვლილება მოითხოვს, პირველი, რომ გაზაფხულზე გადმოვიდეს არჩევნების ვადა. ეს ისედაც გადაწყვეტილია. მეორე, ახალარჩეული პარლამენტის წინაშე იყოს მთავრობის ნდობის საკითხი განხილული. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით - მათ შორის, ამ მიმართულებით - ნაბიჯი გადავდგით ურთიერთშემხვედრი.“(სტილი დაცულია)

მემორანდუმის ერთ-ერთი საკითხი იყო ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ვადების შემცირება, რაზეც შეთანხმება მოხერხდა. თუმცა, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პარალელურად, დღის წესრიგში რჩება სამეურვეო საბჭოს მიუკერძოებელი ადამიანებით დაკომპლექტების საკითხი. ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ოპოზიცია საკუთარი კანდიდატების წარდგენას აღარ გეგმავს და საუკეთესოს კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან შეარჩევს.

გასული კვირის დასაწყისში საქართველოს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს ექსპერტები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო შეფასდეს როგორ სრულდება საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მიმართულებას მოიცავს. ნატოს დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ნატოს ამჯამინდელი შეფასების მისიის საბოლოო დოკუმენტი საქართველოსთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს:

[ბათუ ქუთელია] ”ამ შეხვედრის შედეგები ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბუქარესტში ან, საერთოდ, 2008 წლის განმავლობაში.”

გავრცელებული მოსაზრებით, ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაკარგა საქართველომ შანსი ბუქარესტის სამიტზე მიეღო ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. თუმცა საქართველოს გაწევრიანება დემოკრატიული ქვეყნების ბლოკში შეუქცევადია, მიაჩნია ექსპერტს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორს, ლევან ცუცქირიძეს:

[ლევან ცუცქირიძე] ”სტაბილური განვითარების კურსი უნდა შენარჩუნდეს და ის ხარვეზები და შეცდომები, რაც ამ ბოლო ხანს გამომჟღავნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოიფხვრას, რაც, მე არ მგონია, რომ შეუძლებელია. ბევრი რამ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. და მეორე: ჩვენი დიპლომატია კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს.”(სტილი დაცულია)

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით კი საქართველომ მაპის გადაცემისათვის საჭირო ყველა რეფორმა გაატარა და ახლა ჯერი ნატოს 26 წევრ ქვეყანაზეა, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გასული კვირის მოვლენებიდან კიდევ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. გაზის გაძვირების თემა ლამის კვირის სკანდალად იქცა. თბილისის მოსახლეობის აღშფოთება ბუნებრივი აირის ყოველთვიური საფასურის მკვეთრმა ზრდდამ გამოიწვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ”თბილგაზი” გაზის ტარიფის თვითნებურ ზრდაშიც კი დაადანაშაულეს.

ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, – განმარტავენ ”ყაზტრანსგაზ-თბილისში”, გადასახადის გაზრდილ ოდენობას თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში, ძირითადად, აირის მოხმარების პერიოდის ერთჯერადი, მექანიკური გახანგრძლივებით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ მთელ ამ საქმეში გაუგებრობა ახალი წლის დღესასწაულმა გამოიწვია. ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა სარია:

[ეკა სარიას ხმა]“ მივიდნენ ინკასატორები, მაგრამ არ მივიდნენ ახალი წლის, შობისა და ბედობის დღეებში. ისინი მივიდნენ 8 იანვრიდან. ასე რომ, ამ ანათვლებში ახლა არის მინიმუმ 38 დღის მონაცემი. ზოგან ეს გაიჭიმა და არის 40–45 დღის მონაცემები. ანუ, თუ მოუწიათ ამ თვეში თვე-ნახევრის, ანუ 45 დღის, გადასახადი, შესაბამისად, თებერვალში რომ მიიღებენ, იქ იქნება 15 დღის. ანუ ეს დაბალანსდება ამ ხარჯით.“(სტილი დაცულია)

აღნიშნავენ იმასაც, რომ იანვარში აბონენტებთან ბინაზე მისულ ქვითრებში გადასახადის სიდიდე განაპირობა თავად მოსახლეობის მიერ ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების ზრდამაც. კლიმატური პირობების გაუარესების გამო დეკემბერსა და იანვარში დედაქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და, ბოლო წლებთან შედარებით, 40-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა.

XS
SM
MD
LG