Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი შევარდნაძისდროინდელ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის იდეას დაუბრუნდა


გასულ კვირაში პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი ძლიერი სტრუქტურის - საინფორმაციო-სადაზვერო სამსახურის - შექმნის იდეა წამოაყენა და მას სათავეში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ჩაუყენა. საქართველოში მსგავსი სპეცსამსახური უშიშროების სამინისტროს ბაზაზე 12 წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა შემდგომში იგი არაერთხელ გადაკეთდა, რის გამოც ფუნქციურადაც ჩაიკარგა აღმასრულებელი ხელისუფლების ლაბირინთებში და ბოლო დრომდე აღარავის გახსენებია. ახალი სპეცსამსახურის ფუნქცია ამჯერადაც ბუნდოვანია, თუმცა მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ გამოცდილი გელა ბეჟუაშვილი საგარეო დაზვერვას ანგარიშგასაწევ სპეცსამსახურად აქცევს და ხელისუფლებაც უფრო ყურადღებით მოეკიდება მზვერავების ინფორმაციასა და რეკომენდაციებს. ეს კი უმნიშვნელოვანესი, თუმცა არასაკმარისი წინაპირობაა ნებისმიერი სამსახურის წარმატებისათვის.

2 თებერვალს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საჯარო და გამჭვირვალე მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, საზოგადოების თვალსაწიერიდან გაუჩინარდა და ამიერიდან მისი ნახვის საშუალება ქვეყნის პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს წევრებს ექნებათ. ამას მოითხოვს მისი ახალი თანამდებობა და დაკისრებული დავალების სირთულე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გელა ბეჟუაშვილმა უნდა შეძლოს შექმნას ძლიერი და ახალი ტიპის სპეცსამსახური, რომლის ინფორმაციებზე დაყრდნობით ქვეყანა საერთაშორისო გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არის უწყება, რომლის მთავარი ამოცანა არის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, მოგვაწოდოს ზუსტი, მიუკერძოებელი და სწორად პროგნოზირებადი ინფორმაცია იმაზე, რა ხდება ჩვენს თავს, რა ხდება ჩვენ გარშემო. მე ვფიქრობ, რომ ამ სამსახურს სერიოზული გაძლიერება სჭირდება. მან, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, ბოლო ხანებში ვერ შეძლო ისეთი პროდუქციის შექმნა, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით, რომ მიგვეღო. და მე ვნიშნავ ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ნულიდან ანდა რთული სიტუაციიდან სამსახურების აწყობა.”(სტილი დაცულია)

უწყება, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, არასათანადო პროდუქტს ქმნიდა, დაზვერვის დეპარტამენტია და მას ბოლო ორი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ახალგაზრდა ქალი, ანა ჟვანია, რომელსაც არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რაც მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად უწყოდა. უსაფრთხოების ექსპერტ ბესიკ ალადაშვილის აზრით, ასეთი საკადრო პოლიტიკით საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაუნებურად, თავადვე დააკნინა საგარეო დაზვერვის მნიშვნელობა:

[ბესიკ ალადაშვილი] ”მე პიროვნულად არაფერი მაქვს ქალბატონ ჟვანიას საწინააღმდეგო, რომელიც ბოლომდე ხელმძღვანელობდა [უწყებას]. მაგრამ გავიხსენოთ, რომ მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ სტრუქტურაში; მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, შემდეგ - პრეზიდენტის აპარატში და, ბუნებრივია, უკვე აქედან ჩანს, რომ თვითონ ამ სისტემის და ინსტიტუტის, როგორიც საგარეო დაზვერვაა, მნიშვნელობა იყო დაკნინებული.”(სტილი დაცულია)

უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე გელა ბეჟუაშვილის დანიშვნას, რამდენადაც ყოფილი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კარგად ერკვევა საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ნიუანსებში, აქვს უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის გამოცდილება და ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომლითაც შეეცდება შექმნას ანგარიშგასაწევი საგარეო დაზვერვის სპეცსამსახური. თუმცა, როგორც ბესიკ ალადაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ძლიერ სპეცსამსახურს ძლიერი ფინანსური და საკანონმდებლო ბაზაც სჭირდება, რაც ასევე საჭიროებს სრულყოფას:

[ბესიკ ალადაშვილი] ”ვხედავთ, რომ ბიუჯეტი გაიზარდა 5-ჯერ, 6-ჯერ, როგორც ოფიციალური ცნობებია, მაგრამ არ შეიცვალა მიდგომა, დამოკიდებულება საგარეო დაზვერვისადმი. ამიტომ, გააჩნია რა ამოცანებს დაუსახავს პრეზიდენტი, ეს ერთი, და, მეორე, როგორ მოიაზრება სახელისუფლებო კონფიგურაციაში სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახური, რომელიც კონსტიტუციაში არ არსებობს.”(სტილი დაცულია)

ფინანსები და საკანონმდებლო ბაზის შექმნა კი ტექნიკის საქმეა, რაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს გელა ბეჟუაშვილს, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღალი ნდობა გამოუცხადა. ასეთი რამ კი არც ერთ მის წინამორბედს არ ღირსებია:

[მიხეილ სააკაშვილი] ”გელა არის ჩემი მეგობარი ბოლო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირადი მეგობარი. მე მას ვენდობი და, რაც მთავარია, მე მას ვენდობი, როგორც პროფესიონალს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებთან კარგად თანამშრომლობა. იმიტომ რომ ეს არის ორგანო, რომელიც ჩაბმულია ფართო საერთაშორისო თანამშრომლობაში, შეუძლია ობიექტური ანალიზი და მიუკერძოებელი პროგნოზების გაკეთება.”(სტილი დაცულია)

მაგრამ პირადი ნდობა არ არის მუდმივი კატეგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. იმისთვის, რომ ანგარიშგასაწევი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი შეიქმნას, საჭიროა, რომ საგარეო დაზვერვას გადაეცეს ზოგიერთი ის ფუნქცია, რომელიც უშიშროების სამინისტროს მიერთების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წლის წინ გადაეცა, - დასძენს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი:

[ბესიკ ალადაშვილი] ”შესაძლებელია, გარკვეული გათვლები ხდება, რომ ამ სამსახურს გადაეცეს გარკვეული კონტრდაზვერვითი ფუნქციები, მაშინ უკვე გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოიყოფა ის ფუნქციები, რაც მისთვის [სამინისტროსთვის] უცხოა. აქ მეორე მომენტია: მე არ მინდა და მეშინია იმის, რომ ეს ახალი სტრუქტურის შექმნა არ იყოს მხოლოდ რაღაც ფასადური ცვლილების მცდელობა ბატონი გელა ბეჟუაშვილის გამოცდილების გამოყენებისთვის ან მისთვის რაღაც ახალი სამსახურის შექმნა.”(სტილი დაცულია)

ასეთ ეჭვს ისიც აძლირებს, რომ გელა ბეჟუაშვილი, რომელიც უკონფლიქტო და ზომიერ დიპლომატად არის ცნობილი, ვერასოდეს გაბედავს ფუნქციებში ჩაეზიაროს გავლენიან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც, კონტრდაზვერვის ხაზით, იქით აკონტროლებს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ მივლინებაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს. შესაბამისად, ბოლო სიტყვა, როგორც ამბობენ, კვლავ საქართველოს პრეზიდენტზეა: მიხეილ სააკაშვილი ან მოინდომებს და მართლაც ანგარიშგასაწევ სტრუქტურად აქცევს საგარეო დაზვერვას, ანდა გელა ბეჟუაშვილს მოუწევს შეეგუოს ბედს - დარჩეს სააკაშვილის ორბიტაზე როგორც მაღალანაზღაურებადი, მაღალი სტატუსის მქონე, მაგრამ უფუნქციო და უპრეტენზიო მოხელე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG