Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ფერერო-ვალდნერთან


4 თებერვალს, საღამოს, თბილისს ევროკავშირის ე.წ. ”ტროიკა” ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირის ყოფილი,

ახლანდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები შედიან ხოლმე. დღეს სასტუმრო ”შერატონ-მეტეხი-პალასში” გაიხსნა საგანგებო კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს შეეხება. ევროკავშირის ახლანდელ თავმჯდომარე ქვეყანას ამ ვიზიტისას სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი რუპელი წარმოადგენს. დელეგაციაში შედის აგრეთვე ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი, რომელთან საუბრის საშუალებაც დღეს დილით, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, მომეცა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:

-
პირადად თქვენ და არაერთმა საერთაშორისო ლიდერმა საქართველოს ხალხს, უპირველეს ყოვლისა, არჩევნების ”მშვიდობიანად” ჩატარება მიულოცეთ. რატომ მოხდა ამის ხაზგასმა?

-
იმიტომ რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვშიშობდით, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალადობის გამოვლენა, რადგან დიდი კონკურენცია იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, არამედ ძალადობისგან თავისუფალი არჩევნების ჩატარება და, ვფიქრობ, სწორედ ეს გამოვხატეთ მკაფიოდ.

-
თქვენ აგრეთვე მოუწოდეთ ხელისუფლებას გამოეძია ყველა საჩივარი და სარჩელი, რაც კი არჩევნებს შეეხებოდა. ეუთოს შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საჩივრებისა და სარჩელების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ იყო სრულად ან ადეკვატურად გამოძიებული. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია?

-
ჩემი რჩევა იქნება, სწორედ ის საკითხები მოგვარდეს ახლა, საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც რეალურად შეამოწმებს საჩივრებს. ეს ნორმალური რამ არის არჩევნებისას.

-
და მაინც, რა არის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოსთვის?

-
მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ის, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მიიღოს ის სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ ევროპულ სტანდარტებად ვაცხადებთ. უნდა ითქვას, რომ ეუთომ ამ საკითხში ძალიან კარგი წესები და ნორმები დაამყარა და ისინი უნდა შესრულდეს.

-
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სმენიათ ამის შესახებ. ვიცით, რომ ეს პროგრამა ფინანსდება და თქვენ - ევროკომისია - ზრუნავთ მის განხორციელებაზე. თუმცა სად აქვს შეხება საქართველოს რიგით მოქალაქეს ამ ”მეზობლობასთან”?

-
ვფიქრობ, რიგით მოქალაქეს უკვე აქვს შეხება ამასთან, რადგან: თუკი არსებობს ეკონომიკური განვითარება, ბიზნესკლიმატის განვითარება; თუკი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირში ექსპორტის უკეთესი საშუალება - ეს ყველაფერი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დახმარებით ხდება. თუკი კორუფცია ნაკლებია, სასამართლო უკეთესია, არის მეტი დემოკრატია და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა, - მაგალითად, უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა, - ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მთავრობის რეფორმების პროგრამის ნაწილია, მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, ყველაფერ ამას ძლიერად ვუჭერთ მხარს.

-
რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ კონფლიქტების მოგვარებას, კერძოდ - პროცესის ”გაყინული” წერტილიდან დაძვრას?

-
ვფიქრობ, არ უნდა გავჩერდეთ. უნდა განვაგრძოთ თქვენი დახმარება პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში და სამეზობლო პოლიტიკამ უნდა შექმნას შესაბამისი გარემო ამისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ურთიერთნდობის აღდგენისთვის გამიზნული პროექტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების სურვილებთან შესაბამისობაში იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ხალხს ესმოდეს, რომ ეს რეგიონები არ არის შორს. ეს საქართველოს რეგიონებია და მათ უნდა იხეირონ ყველა იმ საშუალებით, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია. სწორედ ამას ვაკეთებთ.

-
ერთი შეკითხვა ენერგეტიკაზე, თუ შეიძლება. ”ნაბუკო”, ”სამხრეთის ნაკადი” და ”თეთრი ნაკადი” - რა ურთიერთმიმართებაშია ეს პროექტები ერთმანეთთან და როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება თითოეულის მიმართ? შესაძლებელია, რომ ყველა მათგანმა იარსებოს და იფუნქციოს მომავალში?

-
უმნიშვნელოვანესი, ჩემი აზრით, არის ის, თუ ჩვენ რა გვინდა. ჩვენ კი გვინდა როგორც რესურსების, ისე მათი მარშრუტების დივერსიფიკაცია. ასე რომ, ეს სხვადასხვა გაზსადენი ერთმანეთის შემავსებელია. რასაკვირველია, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტი არის ”ნაბუკო”. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, სხვა ქვეყნებთანაც, აღმოსავლეთ კასპიის ქვეყნებთან იმისათვის, რომ მოვიპოვოთ იქაური რესურსები, მაგრამ, ამის პარალელურად, თუკი არის მეტი და მეტი გაზსადენი, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ისინი ერთმანეთს ავსებს.

-
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამისთვის ”გაზპრომთან” თანამშრომლობს, რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იმის ბრალია, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა და რომ პრობლემა ევროკავშირშივეა. მართალია თუ არა ეს? როგორი იქნება თქვენი კომენტარი?

-
ჩემი კომენტარი ასეთი იქნება: რაც უფრო ერთიანი ვიქნებით (მათ შორის, საერთაშორისო ენერგოპოლიტიკის საკითხებში), მით უკეთესი. მაგრამ, რასაკვირველია, არსებობს უკვე დადებული კონტრაქტები და ისინიც უნდა შესრულდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. მაგრამ, იცით, ენერგეტიკული პოლიტიკა განვითარდება სულ უფრო მეტი და მეტი ერთიანობის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG