Accessibility links

logo-print

რა ნიშნით შეარჩიეს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის თავზე მეორე ვადით არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში საკუთარი რწმუნებულების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ თითქმის ყველა გუბერნატორს, თუმცა, საბოლოოდ, ცვლილება მხოლოდ სამ რეგიონში განხორციელდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებს, ვასილ მაღლაფერიძის, ვლადიმერ გეგელაშვილისა და მიხეილ სიმონიშვილის ნაცვლად, ცეზარ ჩოჩელი, ლადო ვარძელაშვილი და რამაზ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებენ. რატომ შეცვალა პრეზიდენტმა რწმუნებულები და რა ნიშნით შეარჩია მათი შემცვლელები?

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების შეცვლის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ორიოდე დღის წინ ამცნო, როცა საკუთარი ინიციატივით რეგიონალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა გუბერნატორებსა და გამგებლებს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო უსაყვედურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ განვაახლეთ საქართველოს მთავრობა და სერიოზულად ვაპირებთ განვაახლოთ მთლიანად საქართველოს ყველა დონის ხელისუფლება, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე მე ვიარე რეგიონებში და ვნახე ბევრი ისეთი ხელმძღვანელი, - მათ შორის, გუბერნატორებიც, - რომლებიც არ იყვნენ სოფლებში ნამყოფი და რომლებიც არ ჰყავდა ხალხს ნანახი. არიან გამგებლები, რომელთა სახელი და გვარი ხალხმა არ იცის. ყველა დონეზე ასეთ ხელმძღვანელებს მე მოვთხოვ პასუხს, ვაიძულებ იმუშაონ სხვანაირად ან ჩავანაცვლებ იმ ხალხით, ვინც იმუშავებს სხვანაირად.

თუმცა, მუქარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ჯერჯერობით ცხრიდან მხოლოდ სამი რწმუნებული შეცვალა. რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი განმარტავს:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ბატონი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც დღემდე გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი; შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ლადო ვარძელაშვილი, რომელიც მანამდე კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, და გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ბატონი რამაზ ნიკოლეიშვილი, რომელიც მუშაობდა ფინანსური პოლიციის თბილისის საგამოძიებო სამსახურის უფროსად.“

მოგვიანებთი დავით ტყეშელაშვილმა ახალი რწმუნებულები პირადად წარუდგინა სამხარეო ადმინისტრაციების თანამშრომლებს:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ ლადო ვარძელაშვილს ამ საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული გორის და, მთლიანობაში, შიდა ქართლის ცხოვრებაში...“

დავით ტყეშელაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი რწმუნებულები შეძლებენ მათ წინაშე დასმული ამოცანების გადაჭრას და წარმატებით დაძლევენ ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც რეგიონების განვითარებას უშლის ხელს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად რადიო ”თავისუფლება“ პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა, თუმცა პავლე კუბლაშვილმა, მოუცლელობის გამო, განმარტების გაკეთება ვერ შეძლო:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „იქნებ გვიან მოვახერხოთ, იმიტომ რომ, მართლა ძაან დაძაბული რეჟიმი გვაქვს ამ მოლაპარაკებების გამო და ამჟამად სხვა თემებზე ვარ გადართული.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოლაპარაკების პროცესი ხელს არ უშლის ოპოზიციას. პარლამენტის წევრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის კომენტარი:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ყველა საკადრო ცვლილება, დაწყებული მინისტრებიდან და დამთავრებული რწმუნებულებით, უკავშირდება არჩევნებსა და მის შედეგებს. სადაც კმაყოფილი არიან არჩევნების შედეგებით, იმ ხალხს აწინაურებენ, სადაც უკმაყოფილოები არიან, იმ ხალხს ხსნიან. ეს არის ძალიან მარტივი სქემა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი თითქოს დემოკრატიული და განახლებული ტიპის ხელისუფლებას გვთავაზობს ახლა.“

ზვიად ძიძიგურის ამ მოსაზრებას იზიარებს ჩოხატაურში გამომავალი გაზეთის, „გურია ნიუსის“, დამფუძნებელი ია მამალაძე, რომლის თქმითაც, მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის შეცვლა ერთმნიშვნელოვნად არჩევნების შედეგებს უკავშირდება:

[ია მამალაძის ხმა] „სვიმონიშვილის „დამსახურებაც“ იყო ის, რომ დაბალი მაჩვენებელი აჩვენა ხელისუფლებამ. გარდა ამისა, სვიმონიშვილმა ვერ შეძლო ადგილობრივი კადრების ხელისუფლებაში დასაქმება. გურიის სამივე რაიონში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობენ თბილისიდან ჩასული ადამიანები, რომლებმაც არ იციან ადგილობრივი პრობლემები და მოსახლეობაც ნაკლებად ენდობა. თავისთავად ის, რომ ოჯახი თბილისში ცხოვრობს და თანამდებობის პირი მეტ დროს ატარებს ოჯახში, ვიდრე სამსახურში, ნიშნავდა იმას, რომ პრაქტიკულად გურიაში ხელისუფლება არ არსებობდა და სვიმონიშვილმა ვერ მიხედა ამ პრობლემას.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების ახალი საკადრო პოლიტიკა რწმუნებულების შეცვლით არ დასრულებულა. სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე არაერთი გამგებელი და მერი დაკარგავს თანამდებობას.

XS
SM
MD
LG