Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


,,სააკაშვილმა მოსკოვი საერთო რიგიდან გამოჰყო” - ამ სათაურით აქვეყნებს 4 თებერვლის ,,ნეზავისიმაია გაზეტა” პუბლიკაციას,

რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხება. ამ თემაზე გასულ კვირაში ბევრს წერდა რუსული პრესა.

ციტატა ”ნეზავისიმაია გაზეტადან”: ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება რუსეთის სპეციალური დეპარტამენტი. ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს თანამშრომლების წინაშე ახალი მინისტრის, 35 წლის დავით ბაქრაძის, წარდგენისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება საგანგებო დეპარტამენტი, რომელსაც დაეკისრება ფუნქცია ,, დაარეგულიროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და იგი სათანადო დონეზე აიყვანოს.”

გაზეთი წერს, რომ საგარეო პოლიტიკაში რუსული მიმართულების გაძლიერების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, ინაუგურაციაზე, როცა თქვა, რომ რუსეთს ,,კვლავ უწვდის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელს”. შემდეგ, წერს გაზეთი, სააკაშვილი სტრასბურგში გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ ,,ძალიან წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე ”, რაც მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოხდა. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, თუ შესაბამისი მოწვევა იქნება, მოსკოვში ვიზიტით ჩამოვიდეს”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა” და დასძენს, რომ ჯერჯერობით მოსკოვში ჩასვლას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე აპირებს. საგულისხმოა, წერს ავტორი, რომ ახალ პოსტზე დამტკიცების შემდეგ ბაქრაძემ პირველად რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს თავკაცთან, სერგეი ლავროვთან, დარეკა.

გაზეთს მოჰყავს დავით ბაქრაძის სიტყვები: ,,ჩვენ მოვილაპარაკეთ განვაგრძოთ თანამშრომლობა და იმედი მაქვს, რომ უკვე თებერვალში დავინახავთ ორივე მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს.” მომდევნო აბზაცში კი ვკითხულობთ: ,, თუმცა უკვე რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა დააზუსტა: ,,უპირველეს ყოვლისა, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ და დააფიქსირონ თავ-თავიანთი ინტერესი. გაარკვიონ სად არის ერთმანეთის ინტერესების დაკმაყოფილების პერსპექტივა და სად გადის ზღვარი”, რომელსაც საქართველო არასოდეს გადააბიჯებს. რა არის ამ ზღვარს მიღმა, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა: საქართველო არასოდეს იტყვის უარს ნატოში ინტეგრაციის კურსზე და არასოდეს შეეგუება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას.”

ამ თემას ”დეილი ტელეგრაფის” რუსული გამოცემა ,,გაზეტაც” შეეხო.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეა საუბარი ჟურნალ ,,ვლასტის” 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ ოლგა ალიონოვას ვრცელ წერილშიც.
სტატიაში ვკითხულობთ:,,სრულიად ნათელია, რომ რუსეთი რაიმე დათმობაზე მხოლოდ იმ პირობით წავა, თუ საქართველო ნატოში არ შევა. თუ საქართველო უარს იტყვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე, კოსოვოს პრეცედენტის შექმნის შემდეგ რუსეთი აფხაზეთის ცნობაზეც კი იტყვის უარს. ამაზე მიანიშნა სერგეი ლავროვმაც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ,,რუსეთს არასოდეს მიუცია პირობა, რომ კოსოვოს აღიარების შემდეგ ცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსო ”. თუმცა საქართველოს ლიდერები არ აპირებენ თავიანთი ოცნება გაწირონ და მიაჩნიათ, რომ ამგვარი გაცვლა თანაბარშეწონილი არ არის”, - წერს ოლგა ალიონოვა.

ნატოში გაწევრიანებას ქართველების ოცნებას უწოდებს ”კომსომოლსკაია პრავდაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორიც. პუბლიკაციის სათაურია : ,, ’ავ’ რუსეთსა და ’კეთილ’ ნატოს შორის”. სტატიაში, რომელიც მხატვრული ნარკვევის სახით არის დაწერილი, ავტორი დარია ასლამოვა ამ თემებზე, როგორც თვითონ ამბობს, თავის ახალ ქართველ მეგობრებს ესაუბრება. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,ჩვენ ცივ სახლში ვსხედვართ, მაგრამ მხოლოდ მე ვეფიცხები გამათბობელს და მხოლოდ მე ერთი ვსვამ ,,დეიდა ნინოსა” და ,,ძია დათოს” გამოგზავნილ შინაურ ღვინოს. ქართველი ქალები არაყს სვამენ.” და კიდევ ერთი ამონარიდი ამ სტატიიდან: ,,ახალი საქართველო დასასვენებლად აჭარაში (ბათუმში) დადის და ცრემლმორეული მღერის სევდიან სიმღერებს ულამაზეს, დაკარგულ აფხაზეთზე. ახალი საქართველო სწავლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, ნატრობს რუსულ ბაზარზე გასვლას და ოცნებობს ნატოში შესვლაზე...”.
XS
SM
MD
LG