Accessibility links

logo-print

სუპერსამშაბათი


აშშ-ში დღეს ე.წ. სუპერსამშაბათია: 50 შტატიდან თითქმის ნახევარში, 24 შტატში აირჩევენ ფავორიტ დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს.

ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ საარჩევნო დღეზე დიდად არის დამოკიდებული, რომელი ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

სუპერსამშაბათს წარმატების შანსი აქვს ორ რესპუბლიკელ და ორ დემოკრატ კანდიდატს. დავიწყოთ რესპუბლიკელებით, რომელთა წარმომადგენელიც ახლა დგას აშშ-ის ხელისუფლების სათავეში. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირების საუკეთესო შანსი - რესპუბლიკელებს შორის - აქვს სენატორ ჯონ მაკკეინს, ვიეტნამის ომის ვეტერანს, რომელსაც განსაკუთრებით კომპეტენტურად მიიჩნევენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი მეტოქე მიტ რომნი ბიზნესში გამოცდილებით გამოირჩევა.

რესპუბლიკელებისთვის სუპერსამშაბათი, შესაძლოა, გადმწყვეტი ეტაპი აღმოჩნდეს - 24 შტატის უმრავლესობაში კანდიდატი, რომელიც პრაიმერებში იმარჯვებს, შტატის ყველა დელეგატის ხმას იღებს. ამდენად, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი უკვე ძალიან სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება.

სხვა საქმეა დემოკრატების შემთხვევაში: არჩევნების სპეციფიკა ისეთია, რომ მათ თითოეულ შტატში ხმები პროპორციული პრინციპით ერგებათ, რაც ნიშნავს, რომ თუ ორი წამყვანი დემოკრატი კანდიდატი, სენატორები ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა - 24 შტატში დღევანდელი კენჭისყრების შედეგად - ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებულ შედეგებს არ აჩვენებენ, დელეგატების ხმები მათ შორის გაიყოფა და აშკარა ფავორიტი ისევ არ იქნება ცნობილი.

მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი ძალიან საყურადღებო გარემოება: თუ აშშ-ში ამჟამად მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს რაიმე გამოკვეთილი მახასიათებელი აქვს, ეს არის მოულოდნელობები - სირთულე, წინასწარ ივარაუდო, რა მოხდება.

მაგალითად (თუ ამჯერად დემოკრატებით დავიწყებთ), წინასაარჩევნო პროცესის დასაწყისში, ამ დაახლოებით ერთი წლის წინ, ჰილარი კლინტონი აშკარა ფავორიტად იყო აღიარებული, მის დემოკრატ კანდიდატად ნომინირებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქარიზმატული ბარაკ ობამა უაღრესად სახიფათო კონკურენტია. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მასმედია და ბევრი რესპუბლიკელიც კი ძალიან სკეპტიკურად აფასებდა ჯონ მაკკეინის ნომინირების შანსებს. არადა, დღეს ის აშკარა ლიდერია.
ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, მეტი სიურპრიზის მოწმეც აღმოვჩნდეთ...

24 შტატში, მათ შორის კალიფორნიასა და ნიუ-იორკში კენჭისყრების შედეგები, თბილისის დროით, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. მანამდე კი შეგვიძლია, ამერიკელ ამომრჩევლებს მოვუსმინოთ - რამდენიმეს ჩიკაგოში გამოელაპარაკა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი და დაადგინა, რომ უმრავლესობას აშშ-ის ეკონომიკური დასუსტება აღელვებს ყველაზე მეტად.

40 წლის ენტონი ხმას ჰილარი კლინტონს აძლევს, რადგან მისი მეუღლის, ბილ კლინტონის სახელს ეკონომიკური სტაბილურობა უკავშირდება.
[ენტონის ხმა] “ვფიქრობ, რეცესია მოგველის, სამწუხაროდ. სტატისტიკისა და უმუშევრობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ვფიქრობ საქმე უარესობისაკენ მიდის, სამწუხაროდ”.

რაც შეეხება ერაყში ომის საკითხს, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, ამომრჩევლების უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს ერაყში ამერიკელთა სამხედრო მისიის დასრულების გეგმას. დეილი - 35 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩვენი კორეპსონდენტი გამოელაპარაკა, აპირებს ხმა მისცეს რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს, რადგან ის მიაჩნია ყველაზე კომპეტენტურ კანდიდატად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამ ამომრჩევლისთვის, კანდიდატის შერჩევისას, პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაა. [დეილის ხმა] “ვფიქრობ, ჩვენგან მოელიან მსოფლიოს დამცველის როლის შესრულებას და ეს თუ არ გავაკეთეთ, ჩვენთვის საზიანო იქნება. ამიტომ პრიორიტეტად საგარეო პოლიტიკა მიმაჩნია. ალბათ მაკკეინს მივცემ ხმას, რადგან ის არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი საგარეო პოლიტიკის სფეროში”.

48 წლის შიელასთვის, აფროამერიკელი ქალისთვის, გადამწყვეტი საკითხია ჯანდაცვა - იმ ამერიკელთა მძიმე მდგომარეობა, რომელთაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ გააჩნიათ. შეილას თავდაპირველად გაუჭირდა გადაწყვეტა, დემოკრატი კანდიდატებიდან რომელს მისცემდა ხმას, ჰილარი კლინტონს, თუ ბარაკ ობამას. მაგრამ ბოლოს არჩევანი ობამაზე შეაჩერა: [შეილას ხმა] “ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, რომელი ამერჩია. ჯერ თითქოს გამოცდილებას მივიჩნევდი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, მაგრამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში მივხვდი, რომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაახლოება ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად. ხშირად მიწევს უცხოეთში მოგზაურობა და ვიცი, მსოფლიოში რა ხდება. საჭიროა მეტი გავაკეთოთ და გლობალურ კონკურენციაში ჩვენს როლზე ვიფიქროთ”.
XS
SM
MD
LG