Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასიანია თუ არა სკოლამდელი აღზრდა თბილისში?


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელ აღზრდას, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტი 2008 წლის განმავლობაში 40 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, თუმცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბაგა-ბაღების მომსახურება ფასიანი გახდა. მე შევეცადე გამომერკვია, მართლაც ფასიანია თუ არა სკოლამდელი აღზრდა თბილისში.

[ბავშვების ხმა]

2007 წელს თბილისში დაწყებული ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების შედეგად, 26 ათასამდე ბავშვი დაახლოებით 150 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშია განაწილებული. იმას, რომ, სტანდარტის ფარგლებში, ბაგა-ბაღების მომსახურება უფასოა, ადასტურებს თბილისში მცხოვრები ქალბატონი მანანა - ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი:

[ქალბატონ მანანას ხმა] „ბავშვი ახლა 5 წლისაა, მესამე წელია დადის ბაღში და არანაირი გადასახადი არ ყოფილა. პროგრამაში შედიოდა მუსიკა, აერობიკა და მასწავლებელი ამზადებდა სკოლისთვის.“

გარდა ამისა, ქალბატონ მანანას თქმით, ბაღის ადმინისტრაცია ასევე ყოველგვარი გადასახადის გარეშე უზრუნველყოფს აღსაზრდელებს სამჯერადი კვებით, თუმცა, ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, ამტკიცებს, რომ თბილისში სკოლამდელი აღზრდა ფასიანია:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ეს არის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე გაწერილი ხელშეკრულება, რომელიც მასობრივად ურიგდებათ მშობლებს და მათ აიძულებენ ხელი მოაწერონ ამ ხელშეკრულებას და 30 ლარიანი გადასახადი კიდევ უფრო მეტად აწვება მშობლებს და მათ ბავშვებს. ეს არის ყოველთვიური გადასახადი. ხელთ მაქვს ხელშეკრულების ნიმუში, სადაც წერია 30 ლარი ყოველთვე...“ (სტილი დაცულია)

იოსებ შატბერაშვილის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია რადიო ”თავისუფლებამ“ თბილისის ნომერ პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში გადაამოწმა. ხელშეკრულება, რომლის ასლიც ლეიბორისტებმა 6 თებერვალს გაავრცელეს, სწორედ ამ დაწესებულების დირექტორის მიერაა შედგენილი, თუმცა თეონა ჯულუხაძე განმარტავს, რომ სკოლამდელი აღზრდა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის ფარგლებში, კვლავაც უფასოა. დირექტორის თქმით, ბაღს, როგორც არასამეწარმეო იურიდიულ პირს, წესდება აძლევს საშუალებას მომხმარებელს შესთავაზოს სტანდარტს ზემოთ მომსახურებაც:

[თეონა ჯულუხაძის ხმა] „მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, - და ეს ხელშეკრულებაშიც წერია, - რუსული და ინგლისური ენები, ქართული ხალხური ცეკვები და ასე შემდეგ - გრძელდება ჩამონათვალი - ეს არის ფასიანი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ნებაყოფლობითი ან თუკი მშობელს აქვს სურვილი, რომ მისმა შვილმა მიიღოს სტანდარტს ზემოთ მომსახურება, მაშინ მან უნდა გადაიხადოს. თუკი არ აქვს ასეთი სურვილი, მაშინ მას აქვს ყველა უფლება არ გადაიხადოს და არც იხდიან, ანუ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც არ იღებენ მსგავსი ტიპის მომსახურებას.“(სტილი დაცულია)

სტანდარტს ზემოთ მომსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს ქალბატონი მანანა, რომლის 5 წლის ვაჟიშვილი ბაღში უკანასკნელ წელს ატარებს და სკოლაში წასასვლელად ემზადება:

[ქალბატონ მანანას ხმა] „ჩვენ თანახმა ვართ, იმიტომ რომ მაინც დამყავდა პარალელურად ხატვაზე, აერობიკაზე და წრეების ფულს ისედაც ვიხდიდი. ახლა, როცა შემოგვთავაზეს ფასიანი, ამაში შედის ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, რუსული ენა, აერობიკა, კიდევ პედიატრისა და ფსიქოლოგის მომსახურება და ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი.“(სტილი დაცულია)

თბილისის მერიაშიც ამბობენ, რომ არჩევანის გაკეთებისას ძალას არავის ატანენ და რომ სტანდარტული სკოლამდელი აღზრდა კვლავინდებურად უფასოა. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი სანიკიძე ლეიბორისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს და ოპონენტებს მერიის სამომავლო გეგმებსაც შეახსენებს:

[გიორგი სანიკიძის ხმა] „შარშან დაფინანსება იყო 32 მილიონი ლარი. წელს დაახლოებით 40 მილიონამდე გავუზარდეთ, იგეგმება 40-50 ბაღის გარემონტება, უცხოეთიდან ახალი სახის სათამაშოები შემოგვაქვს... ერთი სიტყვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ბაღებში ყველაფერი იყოს უფასო.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG