Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხმების ქურდები“ თბილისის ქუჩებში


საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულმა საბჭომ 7 თებერვლიდან საპროტესტო კამპანიის მეორე ეტაპი წამოიწყო. აქცია,

სახელწოდებით „ხმების ქურდები“, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პორტრეტებიანი პლაკატების თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოკვრით დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მომდევნო დღეების განმავლობაში პლაკატები მთელ თბილისსა და საქართველოს მოიცავს; პარალელურად კი გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება, დევიზით „მე არ ამირჩევია სააკაშვილი.“

გაერთიანებული ოპოზიცია მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის პუნქტებს თანმიმდევრულად მიჰყვება. 5 თებერვალს, „ხმების ქურდების“ აქციამდე, დედაქალაქის მეტროსადგურებში დაწყებული ხელმოწერების შეგროვების კამპანია ჯერ დასრულებულად არ ითვლება და, შესაბამისად, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური ვერ აზუსტებს, უკვე რამდენი ხელმოწერა შეგროვდა:

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ რამდენიმე ათეული ათასი ხელმოწერა არის უკვე. ეს აქცია დღეს შევწყვიტეთ იმიტომ, რომ აქ სხვა აქციას ვაწყობთ და ამ აქციას გავაგრძელებთ ორშაბათიდან. ჩვენ ამას არ დავამადლით ხელისუფლებას და მუდმივად და რაც შეიძლება ხშირ–ხშირად შევახსენებთ ხოლმე, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან.“

როგორც კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, შენიშნავს, გაერთიანებული ოპოზიციის ამ მიზანს ემსახურებოდა 7 თებერვალს გამართული საპროტესტო აქციაც, რომელმაც ერთგვარი თეატრალიზებული სახეც კი მიიღო.

[კახა შარტავას ხმა]“ ახლა გაკეთდება ხეივანი, საპატიო. იქეთ–აქეთ მხარეს განლაგდებიან ჩვენი მომხრეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამომრჩევლები. ამ პლაკატებს დაიჭერენ ხელში და ამ საპატიო ხეივანში გაივლის ყველა, ვინც ხმა მისცა თუ არ მისცა სააკაშვილს, ვისაც მისცა. თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სურათებზე გამოკრულებსაც, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ამ საპატიო ხეივანში გაისეირნონ–გამოისეირნონ. შემდეგ ამას გავაკრავთ იქ, სადაც შეიძლება ამის გაკვრა, რომ არ დავანაგვიანოთ და არ დავამახინჯოთ ქალაქი.“(სტილი დაცულია)

გვითხრა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრმა კახა შარტავამ. ეგრეთ წოდებული ხეივანი კი რუსთაველის გამზირის - პარლამენტისწინა -მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალი გზის ორივე მხარეს, ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარმა ადამიანებმა გააკეთეს. აქციის მონაწილეებს ხელში მათ მიერ საარჩევნო ხმების ქურდებად წოდებული მიხეილ სააკაშვილისა და ლევან თარხნიშვილის პლაკატები ეკავათ.

[თემურ ანდრიაძის ხმა]“ჩვენ საქართველოსთვის მოვედით, საქართველოს კეთილდღეობისათვის, იმისათვის, რომ ჩვენი ხმების ქურდებს ვუთხრათ, რომ ქურდები არიან. იმისათვის მოვედით, რომ მოსახლეობას ატყუებენ, იმისათვის, რომ თვალებში ნაცარს გვაყრიან - ყოველივე ამისათვის. იმისათვის, რომ კეთილი მომავალი გვინდა.“(სტილი დაცულია)

ასე გამოხატა ჩვენთან საუბარში თავისი პოზიცია აქციის მონაწილე თემურ ანდრიაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის გამაფრთხილებელი აქციები, ზოგადად, 15 თებერვლის საპროტესტო აქციის ერთგვარ სამზადისადაც მოიაზრება. რა სახეს მიიღებს დაგეგმილი აქცია, ეს, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება შედეგებზე, რომლებიც მიიღწევა ოპოზიციის 17 პუნქტიანი მემორანდუმის თაობაზე წარმოებულ კონსულტაციებში.

[პაატა დავითაიას ხმა]“ 15 თებერვლამდე მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას აქვს და მინდა ვთქვა, რომ შეხების წერტილები ამ დიალოგში არის. აქედან გამომდინარე, თუ ეს არ დაკმაყოფილდა, 15 თებერვალს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ 2 ნოემბრის რეჟიმი იქნება, იქნება საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი და ის არ დაიშლება, იქნება პერმანენტული და არაა გამორიცხული, რომ შიმშილობაც დაიწყოს ვიღაცამ. 15-მდე უნდა დაკმაყოფილდეს 3 ძირითადი მოთხოვნა. ესაა: ტელევიზია, ცესკო და პატიმრები.“(სტილი დაცულია)

ამბობს ლიდერი პოლიტიკური მოძრაობისა „ჩვენ თვითონ“, პაატა დავითაია, რომლის თანახმად, ამ სამ მოთხოვნაში იგულისხმება: ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის თამარ კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და ნოემბრის საპროტესტო აქციების ამჟამად პატიმრობაში მყოფი მონაწილეების გათავისუფლება. პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საკითხზე პასუხს, გავრცელებული ცნობით, ოპოზიცია ორშაბათს, 10 თებერვალს, მიიღებს. მანამდე და მას მერეც მოლაპარაკებების პროცესისა და ქუჩის აქციების სინქრონულ რეჟიმში წარმართვას რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად გამართვის მთავარ წინაპირობად მიიჩნევს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ არჩევნების შედეგებში არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი. 2 პროცენტითაც რომ მიიღოს ვიღაცამ და ერთი პროცენტითაც, ყველამ უნდა აღიაროს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტარდება წესიერად და ყველამ იცის, რომ წესიერად ჩატარდება. აი, ამის მიღწევა გვინდა ჩვენ, ესაა მთავარი მიზანი.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG