Accessibility links

logo-print

ნატოს თავდაცვის მინისტრები ვილნიუსში


ვილნიუსში დაიწყო ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომლის ყურადღების ცენტრშიც ორი თემა დგას: ავღანეთი და კოსოვო.

თუმცა, როგორც ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა შეიტყო, შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც მსჯელობენ - კერძოდ, საქართველოსთან და უკრაინასთან ნატოს ურთიერთობაზე.

ვილნიუსში ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ვალენტინას მიტემ შეხვედრის მასპინძელთან, ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასთან საუბარში შეიტყო, რომ ნატოს შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება არაოფიციალურ შეხვედრას.

[ოლეკასის ხმა] “განვიხილავთ თვით ალიანსის ტრანსფორმირების პრობლემას. ვიმსჯელებთ ახალი წევრების მიღების პრობლემაზე, ვიმსჯელებთ ოპერაციებზე როგორც კოსოვოში, ისე ავღანეთში და იქ დამატებითი ჯარების გაგზავნაზე. განვიხილავთ აგრეთვე ენერგეტიკული და საინტერნეტო უსაფრთხოების პრობლემებს. რაც შეეხება საინტერნეტო უსაფრთხოებას, ვაპირებთ ამ საკითხზე ფორმალური შეხვედრის გამართვას და რამდენიმე გადაწყვეტილების მიღებას”.

ლიტველი მინისტრის განმარტებით, საინტერნეტო უსაფრთხოების საკითხმა დიდი აქტუალობა შეიძინა შარშან - მას შემდგ, რაც ესტონეთზე ერთგვარი საინტერნეტო იერიში განხორციელდა: ესტონეთი, როგორც ცნობილია, ნატოს წევრია, მის წინააღმდეგ მიმართული ზომები კი, რაც მოიცავდა რამდენიმე ოფიციალური უწყების ინტერნეტსაიტების უკანონო დაბლოკვასაც, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

[ოლეკასის ხმა] “ვილნიუსში გაიმართება რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა. პირველად მას შემდეგ, რაც ლიტვა ნატოს წევრი გახდა, ლიტვაში ჩამოდის რუსეთის თავდაცვის მინისტრი. გაიმართება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც”.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ის ლიტვის თავდაცვის მინისტრმა ახსენა ნატოში ახალი წევრების მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით: [ოლეკასის ხმა] “სავარაუდოდ, უფრო ფართო კონტექსტში განიხილება ახალი წევრების მიღების საკითხი. გაწევრიანების სურვილს ამჟამად გამოთქვამს ბალკანეთის სამი სახელმწფიო: ხორვატია, ალბანეთი და მაკედონია. ვიმსჯელებთ უკრაინასთან და საქართველოსთან ურთიერთობებზეც. რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მარტო მოსაზრებებს გავუზიარებთ ერთმანეთს. ლიტვა, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს უკრაინასა და საქართველოს”.

რა შედეგს მოიტანს ლიტვის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, ნატოს მორიგ საიმტზე - აპრილში ბუქარესტში გამოჩნდება. ხოლო რაც შეეხება ვილნიუსის შეხვედრის მთავარ თემებს, როგორც უკვე ითქვა ავღანეთსა და კოსოვოს, განსაკუთრებული ყურაღდებას იმსახურებს დისკუსია ავღანეთში ჯარების გაზრდის აუცილებლობის გარშემო.

ამჟამად ნატოს ავღანეთში 43 000 ჯარისკაცი ჰყავს. ერთი მხრივ, ნატოელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ საჭიროა ამ რიცხვის, აგრეთვე ბაზების ადგილმდებარეობის მოდიფიცირება გააქტიურებულ თალიბანთან უკეთ საბრძოლველად. მაგრამ როგორ უნდა განხორცილდეს ცვლილებები, ვის და რის ხარჯზე - ეს საკითხები ალიანსში დაძაბულობას იწვევს. ამ დღეებში კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი სამხრეთ ავღანეთიდან კანადელთა კონტინგენტის გაყვანითაც კი დაიმუქრა, თუ ნატოელი მოკავშირეები მეტ ჯარისკაცს არ გაგაგზავნიან სამხრეთში - განსაკუთრებით სახიფათო რეგიონში.

ამასობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ ავღანეთში - სხვათა შორის, ქაბულში ჩაფრენის შემდეგ მათ მიაშურეს სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციას, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება იქ თალიბანის გააქტიურების გამო.
XS
SM
MD
LG