Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ლევან წულაძე თავის ჩანაწერებს გაგვაცნობს

რეჟისორი ლევან წულაძე.

27 იანვარი, კვირა
11-ს თხუთმეტი აკლია. სახლიდან გამოვდივარ და თეატრში მივდივარ. კარგარეთელის ქუჩის კუთხეში ჯემალა მხვდება და პასტერის ქუჩის კუთხემდე მაცილებს. მივდივართ ერთად, ამაყად, უსიტყვოდ! მან იცის, ვინ ვარ მე და მე ვიცი, ვინ არის ის. ჩვენი მეგობრობა ურყევია, ასკეტური, ღირსეული და მამაკაცური. მხოლოდ პატარა გრძნობაა ყბედი და ლაქლაქა, ჩვენ კი სიტყვები არა გვჭირდება – შინაგანი მორალური კოდექსი გვაერთიანებს!..
ჯემალა პლეხანოველი ქუჩის ძაღლია. ორი წლის წინ, ერთ ბნელ ღამეს, მეტოქე ძაღლებთან უთანასწორო ბრძოლაში გამოვექომაგე და დავიცავი. მას შემდეგ დავმეგობრდით და ყოველ დილით უცვლელად მელოდება კარგარეთელის ქუჩის კუთხესთან, მაცილებს შემდეგ მოსახვევამდე და მერე თავის საქმეებზე მიდის... ასეთია ჩვენი დილის რიტუალი.
რეპეტიციის შემდეგ თეატრი მნიშვნელოვანმა ამბავმა შეძრა: ხელფასი მოვიდა!
რა მშვენიერია ოცნებითა და პერსპექტივებით აღსავსე ის წამი, როდესაც ბანკომატს უახლოვდები! ხელში პლასტიკური ბარათი გიჭირავს – სიმბოლო, კვერთხი შენი ძლიერებისა! და თავისუფლების ასეთ წუთებში გეჩვენება, რომ სიმაღლეშიც იზრდები, ლამაზდები კიდეც და წლებიც გაკლდება. შენა ხარ შენივე ბედის მჭედელი: თავისუფალი, მდიდარი, შეუზღუდავი და შეყვარებული მეფე სოლომონი! მაგრამ ეს ბედნიერება ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, სულ რამდენიმე წუთს, რადგან გონების ბნელი კუნჭულებიდან ამოტივტივდება უსიამოვნო მოგონებები: გადასახდელი ვალები, კომუნალური გადასახადები და “საოჯახო ბეგარა” მკაცრი და შეუვალი მებაჟის, ჩემი პირმშვენიერი მეუღლის, მანანას სახით და მოჩვენებითი სიდიადეც უკვალოდ ქრება.
ფრთებჩამოყრილი ვშორდები ბანკომატს, მაგრამ მცირედი იმედი მაინც ღვივის ჩემს ტანჯულ გულში. თეატრის წინ შეთქმულებივით იტკეპნებიან ჩვენი მსახიობები. დღეს სპექტაკლი არა აქვთ… ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ იქვე, თეატრის მახლობლად, პატარა დუქანში ვიკრიბებით და თბილისიც ალკოჰოლისა და პოეზიის სევდიან ნისლში იძირება...

28 იანვარი, ორშაბათი
რეპეტიცია დაგვიანებით დავიწყე. ჩვენი ქორეოგრაფი გია მარღანია და მე სცენაზე ვსხედვართ, ვუსმენთ ვატო კახიძის მიერ ჩვენი სპექტაკლისათვის დაწერილ მუსიკას და თან ცარიელ სივრცეში ვთხზავთ მიზანსცენებს.
“პიგმალიონზე” ვმუშაობთ. ბერნარდ შოუს ამ უღრუბლო, ფეერიული პიესის აკა მორჩილაძისეულ, გადმოქართულებულ ვარიანტს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამოგვივიდეს ზღაპარი, სიზმარი ძველ თბილისზე; კეთილ, ლამაზ, ცოტა უქნარა, მაგრამ მეოცნებე ხალხზე. ინგლისური (ამ პიესაში ერთგვარად დიკენსისებური) იუმორი არაჩვეულებრივად ესადაგება ქართულ სევდიან და კეთილ ირონიას. ასეთ პიესებზე მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა რეჟისორისთვისაც და მსახიობებისთვისაც. ზღაპარში, ოცნებაში ვეფლობით. ჩვენ გარშემო მყოფი ბოროტი, ავი, დაუნდობელი და ბრუტალური სამყარო თეატრის ფანჯრებს მიღმა უკვალოდ ქრება. თურმე ვახტანგოვს რუსეთის რევოლუციის დროს თეატრის ფანჯრებზე საბნები აუჭედებია. ასე უნდოდა, გამიჯვნოდა იმ სიგიჟეს, რაც გარეთ ხდებოდა.
სახლში გვიან ვბრუნდები. შინ აღშფოთებული მეუღლე მხვდება. ტელევიზორის წინ ზის, ერთ ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს, ჩვეულებრივი ტელეფონი ყურსა და მხარს შორის მოუქცევია, მეორე ხელით კი გამალებული აჭერს თითს დისტანციურ პულტის ღილაკებს.
ჩემი მშვენიერი მანანა ბოლო დროს მთლიანად ჩაეფლო პოლიტიკაში. ყველა გადაცემას უყურებს (თანაც, პარალელურ რეჟიმში), ყველაფერს განიცდის, ნერვიულობს, პროტესტს გამოთქვამს. ის რადიკალურია!!! უკომპრომისო, შეუვალი და პრინციპული! (ოღონდ, ერთი რამ ვერ გამირკვევია: ვის მხარესაა ბოლოს და ბოლოს – მთავრობის თუ ოპოზიციის?)
ვუყურებ ტელევიზორის ეკრანთან გაცხარებით მოკამათე მანანას და რატომღაც ძველი, ორიათასი წლის წინანდელი იერუშალაიმი მაგონდება…

29 იანვარი, სამშაბათი
სიმდიდრე ისეთივე უბედურებაა, როგორიც სიღარიბე!
ჩვენის თეატრის მმართველმა ეკა მაზმიშვილმა მოულოდნელად რაღაც მანქანებითა და ხრიკებით სცენის ახალი განათებისათვის ფული იშოვა! ახდა ოცნება!!! ჩვენზე ბედნიერი ამ წუთას ცოტა ვინმე თუ მეგულება ამ პლანეტაზე. მაგრამ ვაი, რომ უფრო დიდი და საშინელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. სანამ ფული არ გვქონდა, ზუსტად და ზედმიწევნით კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა, რამდენი და რა ტიპის პროჟექტორები უნდა გვეყიდა. მაგრამ ახლა, როცა ფული გაგვიჩნდა… რა ძნელი ყოფილა არჩევნის გაკეთება!
შეგვიძლია, 40 ცალი იაფი დანადგარი ვიყიდოთ, მაგრამ შეგვიძლია შევიძინოთ 25 ძვირიანი. ძვირიანი (ინგლისური პროჟექტორები) ძალიან, ძალიან კარგია, მაგრამ, სამაგიეროდ, იაფიანი (ჩინურები) ბევრი მოგვივა, თანაც თოვლის მანქანასაც მივაყოლებთ!.. არადა, ინგლისურები მაინც ძალიან, ძალიან კარგია. ჩინურები კი ბევრი მოგვივა. ინგლისურები კი მაინც...
გვიან ღამით ვამთავრებთ თათბირს მე, ეკა, შმაგი და თამაზი (ჩვენი ტანჯული გამნათებლები). მაინც ვერ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ახლა მშფოთვარე ღამეს მივანდოთ ჩვენი ფიქრები, ხვალ დილით კი, ალბათ, ყველაფერი თავიდან დაიწყება.

30 იანვარი, ოთხშაბათი
საშინელი დღეა – ცივი, ცარიელი. რეპეტიციაც უღიმღამოდ, მდორედ მიდის…
დღის მეორე ნახევარში რამდენიმე მეგობარი ვიკრიბებით და საავადმყოფოში მივდივართ – ტუბდისპანსერში. მსახიობი ლევან ბერიკაშვილი უნდა მოვინახულოთ. ლოტკინზე ავდივართ. შევდივართ საავადმყოფოში. უსახლკარო ლოთი ქალის თავს ჰგავს დისპანსერი: კბილებჩამტვრეული, თვალებდაწითლებული და ტალახიანი, ურცხვი გამოხედვით (იქვე, გვერდით, ახლად აშენებული კორპუსია იმავე საავადმყოფოსი, მაგრამ ავადმყოფებს, რატომღაც, შიგ არ უშვებენ).
აქ, ამ სიცივეში, ოთხ კედელში გამოუკეტავთ ჩემი საუკეთესო მეგობარი! ლევანი ხმაურითა და სიხარულით გვხვდება, იხტიბარს არ იტეხს, მშვენივრადა ვარო.
ვუყურებ ამ თავქარიან, ხმაურიან, ბავშვივით მგრძნობიარე არაჩვეულებრივ ადამიანს და ვხვდები, როგორ მიყვარს ჩემი ერთადერთი სიყრმის მეგობარი.
საღამოს ბიჭები ისევ დუქანში ვიკრიბებით და თბილისი ისევ ალკოჰოლის სევდიან ბურუსში ეხვევა.

31 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს თეატრში პეტრე ოცხელის გამოფენა მოაწყო ჩვენმა მუზეუმმა. ნინო ვაჩეიშვილი თვეების განმავლობაში დაჰფოფინებდა გაყვითლებულ ესკიზებს და აი, დღეს მისი პრემიერის დღეც დადგა, დღეს ის ბედნიერია. საოცარია, რა სიმდიდრის პატრონები ვართ და როგორ ხშირად ვივიწყებთ ამას. ეს 25 წლის ბიჭი, პეტრე ოცხელი, ნამდვილი გენიოსია! უნიკალური, განუმეორებელი ხედვისა და წარმოსახვის ადამიანი. შეუძლებელია, ქვეყანამ რომელმაც ასეთი შვილი გამოზარდა, არ გაიმარჯვოს. როდესაც რაიმე გენიალურს ეხები, გჯერა, რომ ყველაფერი მართლა კარგად იქნება.

1 თებერვალი, პარასკევი
რემონტი! რემონტი ჩემი მეორე სახელია! როდესაც თეატრალურ სარდაფს ვაშენებდით, არანაირი ხელსაწყო არა გვქონდა. ჩაქუჩიც კი მოვპარეთ მაღლა სართულზე მომუშავე ხელოსნებს და იმით ვანგრევდით კედლებს.
ახლა კი მთელი “კომბინატი” გვაქვს: დურგლებით, შემდუღებლებით, მუშებით…
თბილისის ბენდმა, რომელიც ჩვენს თეატრში მუშაობდა, ახალი შენობა მიიღო და გამოთავისუფლებულ სივრცეში მცირე სცენის მოწყობა გადავწყვიტეთ, და დაიწყო რემონტი! ნგრევა, ხმაური, ახალი ოცნებები, ახალი გეგმები, რომლებიც სამშენებლო მტვერში იბადება.
ყოველი რეპეტიციის მერე ავდივარ ჩვენს ახალ მცირე თეატრში და მუშებსა და ინჟინრებს ცხოვრებას ვუწამლავ გაუთავებელი შეკითხვებითა და წინადადებებით. როდესაც ყველა მიდის და იქაურობა ცარიელდება, შუა ოთახში დამტვრეულ სკამზე ვჯდები და მომავალი სპექტაკლის აჩრდილებიც გარს მეხვევიან (მაგონდება გოეთეს ფაუსტის პროლოგი: “вы снова здесь, изменчивые тени!...”)

2 თებერვალი, შაბათი
დღეს შაბათია, ჩემი “‘თავისუფლების’ დღიურის” ბოლო დღე. დილაა, გასვლის წინ დედაჩემის ოთახში შევდივარ და ტრადიციულ შეკითხვებს ვისმენ:
- სად მიდიხარ?
- როდის მოხვალ?
- რატომ დაივიწყე ნათესავები?
- არა გრცხვენია? რას გავხარ – გაბურძგნული, გაუპარსავი…
- ბავშვი რატომ არ დაგყავს ოპერაში, მამა ხარ შენ?
კარგარეთელის ქუჩაში ისევ ჩემი ჯემალა მხვდება და პასტერის კუთხემდე მაცილებს.
მაღლა, ჰაერში, ვგრძნობ, როგორ დამტრიალებს თავს დედაჩემის ლოცვა. მიყურებს, მიღიმის და მეფერება…

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG