Accessibility links

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს წყვეტს და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება


გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, მოლაპარაკება, რომელიც 17 პუნქტიანი მემორანდუმის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან წარმოებდა, ჩიხში შევიდა.



ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები აღარ აპირებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მანამდე, ვიდრე არ შესრულდება, სულ ცოტა, სამი ისეთი მოთხოვნა, რომელთა დაკმაყოფილება არ საჭიროებს კანონების შეცვლას. ლაპარაკია როგორც ნოემბრის მოვლენების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შეცვლაზე. რა უშლის ხელს დაპირისპირებულ მხარეთა დიალოგს და რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია?


ოპოზიციამ ჩვიდმეტი მოთხოვნისაგან შემდგარი მემორანდუმი პარლამენტის თავმჯდომარესა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 29 იანვარს გაუგზავნა. მემორანდუმის თანახმად, ოპოზიცია ითხოვდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას, გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლას. ოპოზიციის ლიდერები საკუთარ მოთხოვნებს, არგუმენტების გარდა, მუქარითაც ამაგრებდნენ:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „თუ არ იქნება შესრულებული ეს მოთხოვნები, 15 თებერვალს 2 საათზე პარლამენტის წინ მთელ საქართველოს ვუხმობ საპროტესტო მიტინგზე.“

თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან პირველი შეხვედრები გაიმართა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქმე საპროტესტო აქციამდე არ მივიდოდა და ყველა სადავო საკითხი დიალოგის გზით გადაიჭრებოდა.
ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯერ კიდევ 7 თებერვალს დარწმუნებული იყო, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებდნენ:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „სურვილი ორივე მხრიდან, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნეს პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში, სახეზეა და ვფიქრობ, რომ ასეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ეს დიალოგი.“ (სტილი დაცულია)

მაგრამ ლევან ბეჟაშვილის ეს სურვილი სურვილად დარჩა. 8 თებერვალს კობა დავითაშვილმა ოპოზიციის სახელით თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა და პარლამენტის წინ მიტინგის ჩატარების ნებართვა ითხოვა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „აქამდე ხელისუფლების ტაქტიკა იყო დროის გაწელვა მოლაპარაკებებზე. დღეიდან ჩვენ მათ ვეუბნებით: სანამ არ შესრულდება ის შეთანხმებები, რომლებიც იყო ამ მოლაპარაკებებზე, სანამ ისინი არ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს და არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე უაზრო დიალოგზე მისვლას არ ვაპირებთ. მივალთ მხოლოდ იმ შეხვედრაზე, სადაც წინასწარ დავინახავთ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომლებსაც კანონმდებლობაში ცვლილება არ სჭირდება.“

ოპოზიციის ულტიმატუმს მყისიერად გამოეხმაურა ხელისუფლება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ესმის ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც მოლაპარაკების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს მემორანდუმში შეტანილი იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციას, ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და პატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ყველა ეს შეთანხმება არის შესრულებისა და შეთანხმების პროცესში და არამხოლოდ იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა შეიცვალოს. ამიტომ მოლაპარაკებისა და შეთანხმებების რეალიზაციის შუა პროცესში განცხადებების გაკეთება, რომ დიალოგი წყდება და ულტიმატუმზე გადასვლა, უბრალოდ, უცნაურია.“(სტილი დაცულია)

თუმცა ერთიან ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. კონესერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, 15 თებერვალს, იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „აქცია 15-დან დაიწყება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება პერმანენტულად... იმიტომ რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ეს აქცია პერმანენტული იქნება თუ არა.“

ზვიად ძიძიგურის თქმით, ულტიმატუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოპოზიცია
მხოლოდ რამდენიმესაათიან მიტინგს დასჯერდება. ყველა სხვა შემთხვევაში კი, ერთიანი ეროვნული საბჭო, მერიაში შეტანილი განცხადების თანახმად, 15 თებერვალს დაწყებულ მიტინგს ათი დღის შემდეგ, ანუ 25 თებერვალს, დაასრულებს.



XS
SM
MD
LG