Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვის მინისტრები ვილნიუსში მსჯელობდნენ


8 თებერვალს ვილნიუსში მუშაობას განაგრძობდნენ ნატოს

თავდაცვის მინისტრები. მათი 2-დღიანი შეხვედრა საგანგებოდ ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა. შეხვედრის პირველი დღე, ხუთშაბათი, ეთმობოდა ნატოს სამხედრო კონტინგენტის გაფართოების სადავო საკითხს. დღეს კი, გავრცელებული ცნობით, ალიანსის თავდაცვის მინისტრები ავღანეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების გარშემო მსჯელობდნენ.

ვილნიუსში შეკრებილი ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს იმ შესაძლებლობებს განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ალიანსი ავღანეთს სამოქალაქო მმართველობის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი დღევანდელი სესიის გახსნისას ცდილობდა შეეჯამებინა უკვე მიღწეული წარმატებები და ხაზი გაესვა იმისთვისაც, რომ გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია:

(სხეფერის ხმა) "უეჭველია, რომ სიტუაციის საფუძველი პრობლემურია. მაგრამ, სამწუხარო აქცენტების მიუხედავად, აშკარაა პროგრესიც: ჯანმრთელობის დაცვაზე ხელი უკვე მიუწვდება ავღანელების 80 პროცენტზე მეტს და ეს დაახლოებით ათჯერ აღემატება 2001 წლის მაჩვენებელს; სკოლაში დადის 6 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი, მათი 40 პროცენტი გოგონაა; საკუთარ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდა 4 მილიონზე მეტი დევნილი – ეს უპრეცედენტოა ისტორიისთვის. ამასთან, ავღანეთის არმია უკვე იწყებს მთავარი სამხედრო ოპერაციების გაძღოლას ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ავღანეთთან მიმართებით ფრთხილი ოპტიმიზმი გამართლებულია."

ოპტიმიზმს შედარებით დიდი კითხვის ნიშანი უკავშირდება სამხედრო სფეროში. ნატოს წევრი სახელმწიფოები თანაბრად არ ინაწილებენ პასუხისმგებლობას და, მეტიც, ზოგი მათგანი უარს ამბობს გააფართოოს თავისი კონტინგენტი სამხრეთ ავღანეთში - ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც თალიბები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება გერმანია, რომელიც, მართალია, ავღანეთში დამატებით 200 ჯარისკაცით დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების შენაერთის გაგზავნას აპირებს, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთ და არა სამხრეთ ნაწილში. სამხრეთისკენ მათ გადასროლას ბერლინი დასაშვებად მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში მიიჩნევს.

შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდი უსამართლობად მიიჩნევენ, რომ ავღანეთის ომის ძირითადი სიმძიმე მათ აწევთ. სწორედ ამ ქვეყანათა შენაერთები იბრძვიან ყველაზე ცხელ წერტილში. სამხრეთ ავღანეთიდან კონტინგენტის გაყვანით იმუქრება კანადა, თუკი ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები არ ჩაერთვებიან ყანდაარის პროვინციაში წარმოებულ საომარ მოქმედებებში. ხუთშაბათს ვილნიუსის შეხვედრაზე კანადის დახმარების მზადყოფნა გამოხატა საფრანგეთმა, თუმცა პარიზი ნაადრევად მიიჩნევს სამხრეთ ავღანეთში გასაგზავნ სამხედროთა ზუსტი რიცხვის დასახელებას.

ამ ჯერ კიდევ გაურკვეველი პრობლემის ფონზე, ვილნიუსის შეხვედრის მეორე დღე ისეთ საკითხებს დაეთმო, რომელთა გარშემოც მეტი ერთსულოვნებაა მოსალოდნელი. იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღევანდელი გამოსვლისას ეს საკითხები ჩამოთვალა. თუმცა ნუსხაში, გარკვეული კუთხით, მაინც ექცევა სამხედრო სფერო:

(სხეფერის ხმა) "მმართველობის გაუმჯობესება თვალსაჩინო უნდა გახდეს, რათა ლიდერებმა ავღანელი ხალხის მეტი ნდობა დაიმსახურონ. განვითარებისთვის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება პოლიციას და ეს მხარდაჭერა საჭიროა ახლავე. ნარკოეკონომიკა უნდა შეიცვალოს კანონიერი, სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკით. ნატოს ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს ავღანეთის არმიამაც, რათა ფეხზე დადგეს და დაიცვას საკუთარი ქვეყანა."

ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს განიხილავდნენ დღის წესრიგის სხვა საკითხებსაც, როგორიც არის ეგრეთ წოდებული "ვირტუალური ომის" საფრთხე და ენერგეტიკული პრობლემები.

ვილნიუსში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანტისარაკეტო თავდაცვაზეც ისაუბრა. მართალია, დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იაპ დე ჰოოპ სხეფერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია ალიანსისა და შეერთებული შტატების გეგმების შეჯერების შესაძლებლობები, რათა დაცული იყოს ნატოს 26-ვე წევრის უსაფრთხოება. ამერიკის გეგმებს – ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები ევროპაში განათავსოს – კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი.





  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG