Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აიძულებენ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პასპორტები აიღონ


აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აიძულებს ეგრეთ წოდებული „აფხაზური პასპორტები“ აიღონ.

ინიციატივა, როგორც ირკვევა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ეკუთვნის. სერგეი ბაღაფშმა ორიოდე დღის წინ გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს გაჭიანურებული პროცესის დასასრულებლად წლის ბოლომდე მისცა ვადა. რატომ აიძულებენ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პასპორტების აღებას და როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია?

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობა ბოლო დრომდე რუსული და საბჭოთა პასპორტებით გადიოდა ფონს. ერთი ხანობა სოხუმის რეჟიმს საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტებით ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმაც გაუმართა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 15 წლის შემდეგ აფხაზეთში უსაბუთო ადამიანების წილმა მნიშვნელოვნად იმატა. სწორედ მათ გასაგონად განაცხადა თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე ანქვაბმა:

[ალექსანდრე ანქვაბის ხმა] „ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ აფხაზური პასპორტების გარეშე არათუ ცნობებს ვერ აიღებენ, არამედ შეუძლებელი იქნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ხელშეკრულების დადება ან გაფორმება. შეუძლებელი იქნება, მაგალითად, მანქანის, სახლის ან სხვა რამის ყიდვა-გაყიდვა.“

სეპარატისტთა ლიდერებმა, ჯამში, წლის ბოლომდე 177 ათასი პასპორტი უნდა დაარიგონ, თუმცა, როგორც ჩანს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გაკიცხული გამგებლები და მილიციის უფროსები შემოდგომის დადგომას არ ელოდებიან. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგენელი რაულ ქირია ამბობს, რომ გალის მილიცია უკვე გააქტიურდა:

[რაულ ქირიას ხმა] „სოფელ ოტობაიაში ქვეგანყოფილების უფროსად ისევ დაინიშნა ბესიკ ჭყონია, რომელმაც დაიბარა ქართული მოსახლეობა და დაავალდებულა, რომ თუ არ აიღებენ აფხაზურ პასპორტებს, დატოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას და მათ ისე მოუწევთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.“

თუმცა, ამგვარი მუქარის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ მათ, შეშფოთების საფუძველი არა აქვთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია განმარტავს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „ნებისმიერი პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ერთ შემთხვევაში, პასპორტის იძულებით აღებას, გაგებით მოეკიდება ქართული სახელმწიფო, ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ უარს განაცხადებს, დაიცავს მას.“

შოთა მალაშხიას მსგავსად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული „აფხაზური პასპორტი“ ფარატინა ქაღალდია და მას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „ეს არის შიდამოხმარების ქაღალდი. ასე შეიძლება სკოლაში დაარიგონ ქაღალდი და თქვან, რომ ეს არის სკოლის მოსწავლეობის მოწმობაო... ანუ ამ ქაღალდს არაფერი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან. თუ არ აიღებენ და ამით თავს დაიცავენ, ამაში პრობლემა არაა, მაგრამ თუ მათი ცხოვრება გალის რაიონში დამოკიდებულია იმაზე, აიღებენ თუ არ აიღებენ ამ უკანონო და არაფრისმთქმელ ქაღალდს, მაშინ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.“(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტი მის მფლობელს არანაირად არ ავალდებულებს. კონფლიქტოლოგის ვარაუდით, სეპარატისტები პირადობის მოწმობების დარიგებით გარე ექსპანსიისაგან თავის დაცვას ცდილობენ:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „არა მარტო ქართული გარე ექსპანსიისაგან, რომელიც, მათი აზრით, არსებობს, არამედ უფრო მეტად რუსული ექსპანსიისაგან. იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ან მიიღო, ან იღებს რუსეთის მოქალაქეობას და, შესაბამისად, ძალიან ძნელია გაარჩიო ვინ არის აფხაზეთის მკვიდრი რუსეთის მოქალაქე და ვინ - ჩამოსული. რუსეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ მოქალაქეს უნდა აფხაზეთში ფეხის მოკიდება, საკუთრების შეძენა და ასე შემდეგ. აფხაზებს კი დემოგრაფიული ხასიათის პრობლემები აქვთ და ეშინიათ, რომ მოხდება ექსპანსია.“

თუმცა, როგორც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების უყურადღებოდ დატოვებას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ მოქალაქეობისა და ეროვნების იძულებით შეცვლა, რასაც სეპარატისტები სჩადიან, აუცილებლად გახდება გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG