Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


მიუნხენის უსაფრთხოების 44–ე კონფერენციაზე,

რომელიც გუშინ გაიხსნა, საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია მონაწილეობდა სადისკუსიო პანელში „ევროპის სტაბილურობის გამოწვევები: სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მომავალი.“ საქართველოს დელეგაციისა და მისი თავკაცის, მიხეილ სააკაშვილის, მიუნხენში გამართული შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენები იყო. რით გამოირჩეოდა გასული სამუშაო კვირა?


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის თავზე და მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში, გასულ სამუშაო კვირაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში 9-დან სამი რწმუნებულის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.ცვლილებების შესახებ საზოგადოებას რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა ამცნო:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა]“ მცხეთა–მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ბატონი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც დღემდე გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ლადო ვარძელაშვილი, რომელიც მანამდე კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, და გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნული იქნება ბატონი რამაზ ნიკოლეიშვილი, რომელიც მუშაობდა ფინანსური პოლიციის თბილისის საგამოძიებო სამსახურის უფროსად.“

სამხარეო რწმუნებულთა საკადრო გადაადგილების გარდა, ცნობილი გახდა გადაწყვეტილება რამდენიმე ელჩის შეცვლის შესახებაც. თუმცა გასულ სამუშაო კვირაში განვითარებული მთავარი პოლიტიკური მოვლენები, ძირითადად, მაინც გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმის პირობებისა და ამ პირობების შესრულებას შორის არსებული წინააღმდეგობების ფონზე წარიმართა. პროცესს კი არა მარტო გრძელვადიან პერსპექტივაში, მიმდინარე კვირაშიც ჰქონდა დასაწყისი და კულმინაცია. დასაწყისი იყო ორშაბათს, 4 თებერვალს, როდესაც ოპოზიციამ საჯაროდ განაცხადა, რომ, ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკების მიუხედავად, საპროტესტო აქციების ახალ კამპანიას იწყებს. პირველი ასეთი აქცია, სახელწოდებით „მე არ ამირჩევია სააკაშვილი“, 5 თებერვალს დაიწყო. აქცია თბილისის მეტროსადგურებში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობდა. მას 7 თებერვალს მოჰყვა მეორე აქცია, „ხმების ქურდები“, რის შემდეგაც თბილისის ქუჩები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პლაკატებით აჭრელდა. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციისა და მმართველი ძალის წარმომადგენელთა შორის მემორანდუმის პირობების ირგვლივ კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები. პირველადი შეფასებებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა და პრობლემურ საკითხებში შეხების წერტილებიც გაჩნდა.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებულები ვართ ოპოზიციასთან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალი რეალიების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ხელახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. დაახლოებული იქნა პოზიციები – ეს არის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემადგენლობა, ეს არის საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელობის საკითხიც, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკადრო საკითხების გადაწყვეტა, ასევე საპარლამენტო არჩევნების თარიღი.“(სტილი დაცულია)

გვითხრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, რომლისთვისაც არსებითად, მისი სხვა კოლეგების დარად, მოულოდნელი აღმოჩნდა მოვლენების ის სცენარი, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ განვითარდა. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, დანარჩენებთან შეუთანხმებლად, ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა. ინიციატივა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაახმაურა:

[კობა დავითაშვილის ხმა]“აქამდე ხელისუფლების ტაქტიკა იყო დროის გაწელვა მოლაპარაკებებზე. დღეიდან ჩვენ მათ ვეუბნებით: სანამ არ შესრულდება ის შეთანხმებები, რომლებიც იყო ამ მოლაპარაკებებზე, სანამ ისინი არ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს და არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე უაზრო დიალოგზე მისვლას არ ვაპირებთ. მივალთ მხოლოდ იმ შეხვედრაზე, სადაც წინასწარ დავინახავთ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომლებსაც კანონმდებლობაში ცვლილება არ სჭირდება.“(სტილი დაცულია)

საკითხები, რომლებზეც კობა დავითაშვილი და მისი თანამოაზრეები მიუთითებენ, სულ სამი პუნქტისგან შედგება: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის პოსტიდან წასვლა და ნოემბრის მოვლენებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების უპირობოდ გათავისუფლება.

ოპოზიციის ულტიმატუმის პათოსი მარტივია – პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ სამი პირობის დაკმაყოფილება მყისიერად შეიძლება. ხელისუფლებაში კი განმარტეს, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ ამ სამი საკითხის მოგვარების სურვილით არ ამოიწურება. აი, რა განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 8 თებერვალს - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ დიალოგის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ყველა ეს შეთანხმება არის შესრულებისა და შეთანხმების პროცესში. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა შეიცვალოს. ამიტომ მოლაპარაკებისა და შეთანხმების რეალიზაციის შუა პროცესში განცხადებების გაკეთება, რომ დიალოგი წყდება და ულტიმატუმზე გადასვლა, უბრალოდ, უცნაურია.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან მემორანდუმის საკითხებზე დიალოგის შეწყვეტის გადაწყვეტილება ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილის პოზიციას ასახავს. მოვლენების განვითარებამ კი ცხადყო, რომ ეს,მართლაც, ასეა. „მრეწველები“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას არ უერთდებიან და მოთმინებით ელიან პარლამენტის თავმჯდომარესთან 11 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრას, რომელზეც მემორანდუმთან დაკავშირებით ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია გამჟღავნდება. მათგან განსხვავებით, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო 15 თებერვლის საპროტესტო აქციისათვის ემზადება და უკვე არ გამორიცხავს, რომ აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღოს:

[პაატა დავითაიას ხმა]“ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ეს არ დაკმაყოფილდა, 15 თებერვალს პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ 2 ნოემბრის რეჟიმი იქნება. იქნება საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი და ის არ დაიშლება, იქნება პერმანენტული და არაა გამორიცხული, რომ შიმშილობაც დაიწყოს ვიღაცამ. 15–მდე უნდა დაკმაყოფილდეს 3 ძირითადი მოთხოვნა. ესაა: ტელევიზია, ცესკო და პატიმრები.“

გვითხრა პაატა დავითაიამ, ლიდერმა პარტიისა „ჩვენ თვითონ“. გავრცელებული ინფორმაციით, ულტიმატუმის თუნდაც ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოპოზიცია მხოლოდ რამდენიმესაათიან მიტინგს დასჯერდება. ყველა სხვა შემთხვევაში კი ერთიანი ეროვნული საბჭო 15 თებერვალს დაწყებულ აქციას ათი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, დაასრულებს. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერიაში 8 თებერვალს შევიდა.

5 იანვარს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჭიდილის პირობებში, მიმდინარე სამუშაო კვირაში საქართველოს ჭრელ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეემატა. „ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობა“ - ასე ჰქვია ახალ ორგანიზაციას, რომლის ძირითად ბირთვს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები წარმოადგენენ. ახალი პარტიის მთავარი მიზანია ეროვნული ფასეულობების დაცვა და გაძლიერება, ქართული ეროვნული იდენტობისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება.

[გიორგი თარგამაძის ხმა]“ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერეს და მის ხელშეუვალობას. ხელისუფლება, რომელიც 4 წლის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოში, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ასუსტებდა და ანადგურებდა ყველა ტრადიციულ დემოკრატიულ ინსტიტუტს: სასამართლოს, მედიას, არჩევნებს. და ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანი არის ასეთი დემოკრატიული ინსტიტუტების გადარჩენა და გაძლიერება.“

გვითხრა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის, „ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობის“, ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც ჯერ აქტიურად არ ჩართულა საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში. რა არის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოსთვის? - ეს შეკითხვა ჩვენმა კორესპონდენტმა ევროკომისარს საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს დაუსვა.

[ბენიტა ფერერო–ვალდნერის ხმა]“ მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ის, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მიიღოს ის სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ ევროპულ სტანდარტებად ვაცხადებთ. უნდა ითქვას, რომ ეუთომ ამ საკითხებში ძალიან კარგი წესები და ნორმები დაამყარა და ისინი უნდა შესრულდეს.“

ბენიტა ფერერო-ვალდნერი მონაწილეობას ღებულობდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, რომელზეც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება შეფასდა. კონფერენცია, რომელიც 5–6 თებერვალს გაიმართა, შედგებოდა სამი სესიისაგან და მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა და კონფლიქტები.

XS
SM
MD
LG