Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს კავკასიურ ნაწილს კვლავ აქტიურად აკვირდება


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში

ვითარების მოსალოდნელი დათბობა, რაზეც ჯერ კიდევ სტრასბურგში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ენთუზიაზმით საუბრობდა, მეტად თამამი პროგნოზი აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, თუკი აქამდე კრემლი, საქართველოს ხელისუფლების სიჯიუტის გამო, ქართველ ხალხს სჯიდა, ახლა რუსეთი ცდილობს ქართველი ხალხის გული მოიგოს და გაუძლიეროს ნიჰილიზმი ქვეყნის ხელისუფლებისა და ევროპული არჩევანის მიმართ. რუსულმა პრესამ გასულ კვირაში ტერორისტული საფრთხის კონტექსტში კვლავ ახსენა პანკისის ხეობა, იმავდროულად კი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნელებს საქართველოსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას დაჰპირდა.
რატომ აკვირდება ასე აქტიურად რუსეთი საქართველოს კავკასიურ ნაწილს?


5 თებერვალს რუსეთის საელჩომ საქართველოში გააუქმა ფასიანი ჩაწერა და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცა ვიზების მისაღებად ჩვეულებრივად ჩაეწერონ საკონსულო განყოფილებაში. გარდა ამისა, რუსეთის საელჩომ სავიზო ანკეტის ახალი ფორმა შემოიღო. თითქოს უმნიშვნელო დეტალია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არ ჩქარობს სავიზო რეჟიმის შემოღებას და საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვამდე ჩასვლა, დიდი დანახარჯების ფასად, კვლავ შემოვლითი გზით უხდებათ. მაგრამ, როგორც დიპლომატები ამბობენ, ”ეშმაკი სწორედ დეტალებში ბუდობს” და რუსეთმაც კარგად იცის, თუ რას აკეთებს, როდის და რატომ.

საქართველოში საბჭოთა პერიოდშიც კი არ თქმულა იმდენი სალანძღავი სიტყვა ამერიკის ადმინისტრაციისა და ევროპის მისამართით, რამდენიც ითქვა 5 იანვრის სადავოდქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თანაც, აქტიურობდნენ სწორედ პროდასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის მიმდევარი ლიდერები, რომლებიც ამერიკასა და ევროკავშირს არცთუ იშვიათად უსაყვედურებდნენ პროცესების შეფასებისას ორმაგი სტანდარტებით მოქმედების გამო. დავით გამყრელიძემ, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში ანტიამერიკული განწყობის ზრდა უწინასწარმეტყველა; მეთიუ ბრაიზაზე გაბრაზებულმა კობა დავითაშვილმა კი საპროტესტო აქცია მოაწყო ამერიკის საელჩოს წინ.
სხვათა შორის, ასეთი ანტიდასავლური რიტორიკა რომ ძალზე საშიშია და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებით თავად ოპოზიციასაც ემუქრება, ეს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა კახა კუკავამაც დაადასტურა:

[კახა კუკავა] ”ასეა თუ ისე, როცა ”დემოკრატიის ხერხემლად” და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად მონათლულ საქართველოში ამერიკას უდიერად მოიხსენიებენ, ეს რუსეთს, რა თქმა უნდა, ძალიან სიამოვნებს.”

შესაბამისად, სულ არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი, ამ მზარდი ანტიამერიკული განწყობის ფონზე, ცდილობს ქართველი ადამიანების გული მოიგოს. ჰოდა, ადგა და ვიზების მიღების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ცოტათი გაუიოლა საქმე - შესაძლებლობა მისცა ვიზების მისაღებად ჩვეულებრივად ჩაეწერონ საკონსულო განყოფილებაში და თანხა არ გადაიხადონ.


შემთხვევითი არ არის არც ის, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთის საელჩომ ახალი, შემსუბუქებული, რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისათვის, რუსეთმა კიდევ ერთი ინიციატივა გაახმაურა საქართველოს მიმართ. 4 თებერვალს დაღესტანში მოულოდნელად ჩასული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნელებს დაჰპირდა, რომ ბოთლიხისა და ცუმადინის რაიონიდან გზას გაიყვანს არა მხოლოდ მახაჩყალამდე, არამედ საქართველოს საზღვრამდე.

პუტინმა კარგად უწყის, რომ დაღესტნის ამ ორ რაიონში მცხოვრებ ავარიელებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ ყვარლის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ეს ყველაფერი მათზე მამობრივ მზრუნველობაშიც ჩამოერთმევა.


არადა, საინტერესოა, რატომ უნდა სურდეს რუსეთს მესამედ გახვრეტა კავკასიის ქედისა დაღესტნის მხრიდან, როდესაც, ფაქტობრივად, უმოქმედოდაა დარჩენილი საქართველოს სამხედრო გზა? ხომ არ იმალება საშიში საწამლავი რუსეთის ბოლოდროინდელ დამტკბარ დიპლომატიაში?

ღირს გავიხსენოთ, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალებისა და სამთო გადასასვლელების გზით (მაგალითად, როკის გვირაბის მეშვეობით) ხდებოდა და ხდება საქართველოში კონტრაბანდული იარაღისა და უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფების ექსპორტი.
ბოთლიხისა და ცუმადინის რაიონები კი სავსეა ამ ორივე ”სიკეთით”. 1999 წელს შამილ ბასაევი სწორედ ამ ორ რაიონს დაესხა თავს, რამაც მოსკოვს მიზეზი მისცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მეორე ანტიტერორისტული საომარი კამპანია წამოეწყო, რაც, პარტიზანული ომის სახით, დღემდე გრძელდება.
თუმცა პრეზიდენტ პუტინის ამ ნედლ ინიციატივას ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ საქართველოს ხელისუფლებაში. მეტიც, პარლამენტში არსებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ ასეთი გზის მშენებლობა საქართველოს ინტერესებისთვის სავსებით მისაღებია.

[შოთა მალაშხია]

ასეთია უმრავლესობის წევრის, დეპუტატ შოთა მალაშხიას მოსაზრება -
ოპტიმისტური, მაგრამ რეალობისგან, შესაძლოა, საკმაოდ შორს მდგარი, რადგან არსებობს არანაკლებ ანგარიშგასაწევი კონტრარგუმენტი. თუ თვალსაწიერ მომავალში საქართველო დასთანხმდება დაღესტნის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი კავკასიური დერეფნის გაჭრას, მაშინ მას დასჭირდება მკაცრი სასაზღვრო კონტროლის დაწესებაც, რადგან, შესაძლოა, განმეორდეს 2001-2002 წლების პანკისის კრიზისი, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა დერეფანი შეუქმნეს და უპრობლემოდ გაატარეს საქართველოსკენ ჩეჩენი მებრძოლები, შემდეგ კი საქართველო აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ, როგორც ტერორისტების მფარველი და ხელშემწყობი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ რუსლან გილაევისა და დოკ უმაროვის რაზმებმა საქართველოს ტერიტორია 6 წლის წინ დატოვეს, რუსეთი კვლავ აქტიურად აკვირდება საქართველოს კავკასიურ ნაწილს და ცდილობს არ გაანელოს პანკისის ხეობის, როგორც ტერორისტული საფრთხის მუდმივი წყაროს, თემა. გასულ კვირაში რუსეთის სპეცსამსახურები მათ ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ჩეჩენი ბოევიკების გადასვლის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
”ხეობაში კვლავ რჩებიან ჩეჩენი ბოევიკები, რომლებმაც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა სცადონ”, - განაცხადა გასულ კვირაში რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის პირველმა მოადგილემ, გენერალმა ანატოლი ზაბროდინმა.
ეს განცხადება ფუჭ გასროლას ჰგავს და გათვლილია, ერთი მხრივ, იმაზე, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს მიუნხენის უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციის წინ. და კიდევ უფრო იმაზეა გათვლილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს ჰქონდეს ზედმეტი ილუზია მოსკოვთან ურთიერთობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG