Accessibility links

logo-print

რა ფორმით და რატომ ხორციელდება საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია


საქართველოში ცხარე კამათი მიმდინარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რკინიგზის პრივატიზებასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გაურკვეველია რა ფორმით და როგორ განხორციელდება პრივატიზაცია, მაგრამ რკინიგზის განსახელმწიფოებრიობას მაინც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბევრი შიშობს, რომ რკინიგზას საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყანა დაეპატრონება. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა იძლევა ასეთი შეშფოთების საფუძველს და როგორია რკინიგზის პრივატიზების მომხრეთა არგუმენტები.

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, სომხეთის, რკინიგზის მართვის უფლების პრივატიზება განხორციელდა და ის 30 წლის ვადით რუსეთის კომპანიას გადაეცა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი არგუმენტი შესძინა საქართველოს რკინიგზის პრივატიზების მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, დეპუტატ ლადო პაპავას. 12 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ლადო პაპავამ განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთის რკინიგზას ’სამხრეთ კავკასიის რკინიგზა” უწოდა:

[ლადო პაპავას ხმა] ”მე შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს, თუ რა სახელწოდება იქნა შერჩეული - ”სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”. ამიტომ დღეს რაიმე ქმედების განხორციელება საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით - იქნება მისი სრული პრივატიზაცია თუ მმართველობის უფლებით გადაცემა რომელიმე კომპანიისთვის - ჩვენ გვიქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეს ჩვენი სატრანსპორტო ფუნქციის შესასრულებლად, იქიდან გამომდინარე, რომ აშკარა არის, თუ ვის აქვს ყველაზე დიდი ინტერესი აკონტროლებდეს საქართველოში რკინიგზას.”(სტილი დაცულია)

ლადო პაპავას და, საერთოდ, რკინიგზის პრივატიზაციის მოწინააღმდეგეთა შეშფოთებას არ იზიარებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მინისტრის მოადგილის ვახტანგ ლეჟავას კომენტარი:

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] ”სომხეთის რკინიგზა გადაეცა რუსეთის რკინიგზას 30 წლიან მართვაში. თუ ეგეთი გემოვნება აქვთ რუსებს, რომ დაარქვეს ”სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”, ღმერთმა მშვიდომაში მოახმაროთ სახელიც და რკინიგზაც, რომელიც საქართველოს რკინიგზის გარეშე ვერ ფუნქციონირებს.”

ვახტანგ ლეჟავამ ეს განცხადება გააკეთა ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” (”სოროსის ფონდის”) კონფერენციაზე, სადაც საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რკინიგზის პრივატიზების პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებული შეშფოთება გადაჭარბებულია:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”აქ მთავარია, რომ კომპანია, რომელიც შემოვა და მართვაში აიღებს თუ ნაწილობრივ პრივატიზაციაში თუ მთლიან პრივატიზაციაში, ეს არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს. იმას აქვს თავისი კომერციული ინტერესი და ის ისევე ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას, როგორც მოხელე თუ მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. მაგრამ რისკები შეიძლება იყოს იმ თვალსაზრისით, რამდენად გამჭვირვალეა შემოსავლების და გასავლების პროცესი და ხომ არ არის აქ კორუფციის ნიადაგი და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციის პროცესში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული.
დღემდე გაურკვეველი რჩება, ვინ იყო კომპანია ”ფარქფილდ ინვესტმენტი”, რომელსაც საქართველოს რკინიგზა, პირდაპირი მიყიდვის წესით, 99 წლით მართვის უფლებით უნდა გადასცემოდა. ”სოროსის ფონდის” თანამშრომლებმა ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია ვერც ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან მიიღეს და ვერც საქართველოს რკინიგზიდან. ინტერნეტში ძიებაც უშედეგოდ დამთავრდა, რადგან მსგავსი დასახელების კომპანია არსად ჩანდა.

მოგვიანებით ”ფარქფილდთან” საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა არ შედგა, მაგრამ, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებით, საჯაროობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. ასევე წინააღმდეგობებია საკანონმდებლო ბაზასა და სატარიფო პოლიტიკაში. ექსპერტები საქართველოს მთავრობას რკინიგზის პრივატიზებისას ამ ხარვეზების გათვალისწინებას ურჩევენ.

XS
SM
MD
LG