Accessibility links

logo-print

რუსული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი მიუნხენის კონფერენციის გაშუქებისას ”ნოვიე იზვესტია” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ უპასუხა მთავარ შეკითხვას,

რომელიც ფორუმის მონაწილეებმა მის ქვეყანას დაუსვეს - როგორ იმოქმედებს თბილისი, თუ კოსოვო ამ კვირას დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ”ნეზავისიმაია გაზეტა” კი ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ის მოსკოვში ჩასვლას და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას აპირებს და რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის პასუხზე, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისის დაძლევას რუსეთიც ცდილობს.

”ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სავალალო მდგომარეობის გამოსწორება”, - წერს გაზეთი და დასძენს: ”მიუნხენის კონფერენციაზე სააკაშვილის წარმოთქმული სიტყვიდან და რუსეთის დელეგატების გამოსვლიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორები არსად გამქრალა.”

”ნოვაია გაზეტა” კი სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას აანალიზებს. ”დროებითი სტაბილურობა არამდგრადია და თავის თავში ბევრ საფრთხეს შეიცავს” - ასეთია სტატიის ქვესათაური. ჟურნალისტი წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საფრთხე ოსურ-ინგუშური პრობლემაა. გაზეთი განაგრძობს: ”აქაური გადმოსახედიდან მზერა შეჩერდება სამხრეთ ოსეთზე, რომელიც ფორმალურად მეზობელი უცხო სახელმწიფოს, საქართველოს, ნაწილია. ოსურ-ინგუშურ და სამხრეთოსურ - ქართულ კონფლიქტებს ათეულობით კილომეტრი აშორებთ. ამ მონაკვეთის სიმცირე მთელი კავკასიის არასტაბილურობის ერთგვარი სიმბოლოა.”

ჟურნალისტი ასკვნის, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიებს შორის ერთი მსგავსებაა - მუდმივი დაძაბულობა და რომ ერთ მხარეში გაღვივებული კონფლიქტი პირდაპირ ან ირიბად გამოიწვევს სიტუაციის გაუარესებას მეორე მხარეში. გაზეთი ასკვნის: ”ნებისმიერ ძალადობას აფხაზეთში მოჰყვება ექო სამხრეთ კავკასიაში, სადაც ბევრს გაუჩნდება სურვილი დაეხმაროს თვითაღიარებულ რესპუბლიკას. მოსკოვი მოხალისეებს პრობლემას ნამდვილად არ შეუქმნის, ხოლო თუ მოსკოვი თბილისისადმი პოზიციას შეარბილებს, მაშინ შეიძლება დაკარგოს პატივისცემა ჩერქეზებისა, რომლებიც აფხაზ ძმებს უჭერენ მხარს.”

”ნოვიე იზვესტია” წერს, რომ, შესაძლოა, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარს წლის ბოლომდე დაუბრუნდეს. გაზეთის მიხედვით, მართალია, მოლაპარაკების მაგიდას ჯერ არავინ მისჯდომია, მაგრამ თბილისი უკვე ამჩნევს ცვლილებებს რუსი ჩინოვნიკების განწყობაში. ”ნოვიე იზვესტია” გაესაუბრა ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორს ვადიმ დრობიზს, რომელმაც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ღვინის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. ექსპერტის თქმით, ქართული ღვინის ჩანაცვლება შეუძლებელია მისი სპეციფიკური არომატისა და გემოვნებითი მახასიათებლების გამო.

”იზვესტიას” კორესპონდენტი ელენა იამპოლსკაია კი წერს კარენ შახნაზაროვის ახალ ფილმზე, რომელსაც ”გამქრალი იმპერია” ჰქვია და რომელშიც მოთხრობილია საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე განვითარებული სასიყვარულო სამკუთხედის ისტორია. ჟურნალისტი წერს: ”ჩვენ აშკარად გვეუფლება იმპერიული განწყობა და ამაში არაფერია ცუდი ან უცნაური. პირადად მე, როდესაც ჩემს საყვარელ საქართველოში ჩავდივარ, ისე მწყდება გული, რომ ერთი იმპერია, ერთი ოჯახი აღარა ვართ, რომ ჭამაც კი მიჭირს.”
XS
SM
MD
LG