Accessibility links

logo-print

როგორია ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის სამომავლო გეგმები


პარიზში ირაკლი ოქრუაშვილთან გამართული შეხვედრების შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები

ეკა ბესელია, გიორგი ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე. პარიზულ კონსულტაციებზე ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის სამომავლო გეგმებსა და თავად ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრეს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რას აპირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია - ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის”.

იმ პოლიტპატიმრების სიაში, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო ითხოვს, ირაკლი ოქრუაშვილიც ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციის ეს მოთხოვნა, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, ოღონდ სამშობლოდან 4 ათასი კილომეტრით დაშორებული პარიზიდან. საქართველოში კი მისი პოლიტიკის გატარებას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” შეეცდება. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, განმარტავს:

[ეკა ბესელიას ხმა] ”ირაკლი ოქრუაშვილი გააგრძელებს აქტიურად პოლიტიკურ საქმიანობას, ის იქნება პოლიტიკაში და მიიღებს მონაწილეობას ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ის არის ჩვენი ლიდერი და ყველა გადაწყვეტილება იქნება მასთან შეთანხმებული.”(სტილი დაცულია)

მასთან უკვე შეთანხმებულია პარტიული აღმშენებლობის საკითხები და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოსთან ერთად. და თუ რატომ, ამის შესახებ ეკა ბესელიას კომენტარიდან შეიტყობთ:

[ეკა ბესელიას ხმა] ”მისი თხოვნაა გადაგვეცა ჩვენი მეგობარი პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც შედის საერთო სახალხო მოძრაობაში, მათ კარგად გაიაზრონ, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა ოპოზიციის დაშლის შემთხვევაში. ამიტომ ერთიანობა აუცილებელია და, კიდევ ერთი, ის აფრთხილებს სააკაშვილს, მოემზადოს პოლიტიკური ბრძოლის მეორე რაუნდისთვის.”(სტილი დაცულია)

სანამ ბრძოლის ”მეორე რაუნდი” გაიმართება, მანამდე პარიზის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. როგორც ცნობილია, მას ამჟამად, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის გამო, აკრძალული აქვს როგორც პარიზის დატოვება, ასევე აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებთან მიახლოებაც კი. ოქრუაშვილი საფრანგეთისგან პოლიტიკურ თავშესაფარსაც მოითხოვდა, თუმცა ამჯერად თანამებრძოლებთან შეხვედრაზე ამ საკითხის შესახებ ვრცლად აღარ უსაუბრიათ. კვლავ ეკა ბესელიას მოვუსმინოთ.

[ეკა ბესელიას ხმა] ”ის ამ საკითხებზე არ ნერვიულობს და მიაჩნია, რომ ეს პროცესები ჩაივლის ისე, როგორც ეს არის საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი: ობიექტურად და მიუკერძოებლად. საქართველოში აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნა კი უნდა შეწყდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, საერთო სახალხო მოძრაობის.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე ხელისუფლების ზუსტი პასუხი უცნობია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ და მისმა დაპატიმრებამ გამოიწვია ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთიან ეროვნულ საბჭოში გაერთიანება და ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის დაწყება.
XS
SM
MD
LG