Accessibility links

logo-print

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წლიურ ანგარიშს აქვეყნებს


ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”, რომელსაც პარიზში უდევს ბინა, დღეს გამოაქვეყნა მორიგი წლიური ანგარიში.

ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ეს პროფესია კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათოა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანგარიშში ჟურნალისტების მუშაობას კონფლიქტის ზონებში, ცენზურას, არჩევნების პერიოდში მათზე ზეწოლას.

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ”-ის 2007 წლის ანგარიში შეიცავს პრესის თავისუფლების მიმოხილვას რეგიონების მიხედვით. ასევე მოცემულია ჟურნალისტების მდგომარეობის მიმოხილვა ქვეყნების მიხედვით. სულ განხილულია 98 ქვეყანა.

ანაგარიშის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში ხელისუფლება მტრულად არის განწყობილი მედიის მიმართ. ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უჭირავს რუსეთს.

ჩვერი რადიო ესაუბრა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის განყოფილების უფროსს, ელსა ვიდალს:

[ვიდალის ხმა] “2007 წლის მანძილზე რუსეთში მოწმე გავხდით იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიაზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, ჟურნალისტებს აპატიმრებდნენ ოპოზიციის დემონსტრაციების დროს; დამოუკიდებელი გაზეთები იხურებოდა და ზოგიერთ ჟურნალისტს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ დასასჯელად. მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ეს ძალიან ავის მომასწავებელი ნიშნებია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.”

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული შემთხვევებზე, როცა მოსკოვში 2007 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში აპატიმრებდნენ ჟურნალისტებს. უშიშროების ძალები ზეწოლას ახორციელებდნენ მედიასაშუალებებზე. ანგარიშის მიხედვით, დასჯის მიზნით სულ ცოტა ორი ჟურნალისტი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ამავე დროს ავტორები შენიშნავენ, რომ ცოტა რამ გაკეთდა შარშანწინ მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოსაძიებლად.

როგორც ელსა ვიდალმა გვითხრა, უარესი ვითარებაა ბელორუსიაში:

[ვიდალის ხმა] “სამწუხაროდ, ბელორუსია ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გვქონდა საბჭოთა კავშირში რეპრესიებისა და ცენზურის თვალსაზრისით.”

ვიდალის თქმით, პრესის თავისუფლება ბელორუსიაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ხელისუფლების ზეწოლა თითქმის ყველა სფეროში იგრძნობა, მათ შორის ინტერნეტის მოხმარების კონტროლში.

სხვა ვითარებაა უკრაინაში. მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა შესუსტდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იუშჩენკო მოვიდა 2005 წელს. მაგრამ პრესისა და საზოგადოების პოლარიზაცია ართულებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას. ვიდალის თქმით, უკრაინა დღემდე არ არის პრესის თავისუფლების მაგალითი:

[ვიდალის ხმა] “უკრაინა არ არის პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება უკეთესია. მე ვიტყოდი, ვითარება 2007 წელს ცოტა უკეთესია, ვიდრე რუსეთში.”

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ”-ის წლიური ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, მძიმე ვითარებაა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში. მაგრამ, ვიდალის თქმით, იქ არაერთგვაროვანი სურათია:

[ვიდალის ხმა] “ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი - ჟურნალისტებს არ უწევთ იმ დრამატული პრობლემების წინაშე დგომა, რასთან გამკლავებაც ყოველდღე უხდებათ უზბეკ ჟურნალისტებს. ასევე არ უწევთ მათ იმ პრობლემების წინაშე დგომა, რომლებიც არსებობს ისეთ ტირანულ სახელმწიფოში, როგორიცაა თურქმენეთი.”

რაც შეეხება საქართველოს, ის ორი გვერდი, რომელიც ეთმობა მას ანგარიშში, შეიცავს საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდის პოლიტიკური კრიზისის და მედიაზე მისი გავლენის აღწერას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობო 7 ნოემბერს საგანგებო ვითარების გამოცხადებას და ტელეკომპანია “იმედის” დახურვას.

“2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია მძიმე გამოცდა იყო პრესის თავისუფლებისთვის... პოლიტიკური პრობლემები მედიის ობსტრუქციას ახდენდაო,” ვკითხულობთ “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”-ის 2007 წლის ანგარიშში.
XS
SM
MD
LG