Accessibility links

logo-print

ლონდონის მახლობლად, საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი


ლონდონში, საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი ბადრი ბატარკაციშვილი. წინასწარ გავრცელებული ცნობებით,

რაც თავად პატარკაციშვილის ახლობლებმაც დაადასტურეს, ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, ისე რომ ექიმებმა მისთვის დახმარების გაწევა ვერ შეძლეს.

უფრო მეტი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. 13 თებერვალს თბილისში მთელი დღის მანძილზე ხალხმრავლობა იყო გრიბოედოვის ქუჩაზე, პატარკაციშვილის დის სახლთან... ბიზნმესმენისა და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მეგობრები, პოლიტიკური პარტნიორები სამძიმარს უცხადებდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარს პოლიტიკურ მკვლელობად აფასებდნენ. რა მოხდა ლონდონში და რა რეზონანსი აქვს საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას?

ერთ-ერთმა პირველმა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეგობარმა ბორის ბერეზოვსკიმ დაადასტურა.... სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მან აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე შეხვდა და ესაუბრა მეგობარს. ბერეზოვსკიმ თქვა, რომ ამ საუბრისას პატარკაციშვილი გულს უჩიოდა. 13 თებერვალს ბორის ბერეზოვსკის რადიო ”თავისუფლებაც” დაუკავშირდა:

[ბორის ბერეზოვსკის ხმა] ” ბადრი გუშინ, გვიან ღამით, გარდაიცვალა. ამწუთას მის სახლში პოლიცია მუშაობს, მხოლოდ მათ შეეძლებათ თქვან, რა მოხდა სინამდვილეში. ”

ბორის ბერეზოვსკის რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის თანამშრომელმა ჰკითხა: ”არის თუ არა რაიმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ გარდაცვლილა ბუნებრივი მიზეზით?”

[ბორის ბერეზოვსკის ხმა] "ეს შეკითხვა არ არის ჩემთვის. ამ შეკითხვით პოლიციას უნდა მიმართოთ."

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა პირველი კომენტარი დღის პირველ ნახევარში გააკეთეს. გავრცელდა ცნობა, რომ სურეის საგრაფოს პოლიცია გვამის ექსპერტიზამდე მომხდარს საეჭვო შემთხვევად განიხილავდა, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე მოულოდნელი გარდაცვალების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოში კი ბადრი პატარკაციშვილის მეგობრებმა - მათ გარდა, ოპოზიციური ძალების სხვადასხვა წარმომადგენლებმა - პირველი შეფასებები გააკეთეს. ” ის არის მსხვერპლი, მსხვერპლი უსამართლობის”, - თქვა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა ვაჟა ლორთქიფანიძემ:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] "ის ძალიან გულწრფელი ადამიანი იყო, მებრძოლი, და იბრძოდა თავისი ქვეყნისათვის. ”

ის განიცდიდა იმას, რაც ქვეყანაში და უშუალოდ მის მიმართ ხდებოდა და ამდენს ადამიანის გულმა ვერ გაუძლო. ეს არის ირიბი პოლიტიკური მკვლელობა. - დაახლოებით ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ბადრი პატარკაციშვილის მეგობრები და მისი პოლიტიკური თანამებრძოლები. მაგრამ არსებობს სხვაგვარი, კონკრეტული ეჭვების შემცველი, შეხედულებებიც :

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "ეჭვი, რომ ბადრი პატარკაციშვილი თავისი სიკვდილით არ არის გარდაცვალებული, სავსებით ლეგიტიმური იქნება.”

თქვა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჯონდი ბაღათურიამ. მის მიერ გამოთქმულ ეჭვთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება განავითარა საბჭოს სხვა წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] "დღეს ყველამ ვიცით, რომ გულით არავინ აღარ კვდება, მეტადრე განვითარებულ ქვეყნებში და მეტადრე ლონდონში, სადაც ძალიან ადვილია გადაარჩინო ადამიანი."

სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენებ განვითარებულ ქვეყანათაგან გერმანიაში
წელიწადში დაახლოებით 100 000 ადამიანი კვდება გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილით. თანაც, ბერლინის გულის ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფესორი ლადო ალექსი-მესხიშვილი ხაზს უსვამს, რომ ინფარქტის შედეგად უეცარი სიკვდილი, 45 პროცენტის შემთხვევაში, 65 წელზე დაბალი ასაკის ადამიანებში ხდება:

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა] "უეცარი სიკვდილი აუცილებლად ინფარქტის გამო არ ხდება. მთავარი მიზეზი თითქმის 80 პროცენტში არის გულის რიტმის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობა შეიძლება აბსოლუტურად სიმპტომების გარეშე ვითარდებოდეს და ის შეიძლება მაშინ გამოვლინდეს მხოლოდ, როცა ადამიანი ან გარდაიცვალა ან დაემართა გულის შეტევა და გახდა საოპერაციო ან სადიაგნოსტიკო."

ყველაზე კრიტიკული 50-დან 60 წლამდე ასაკიაო - უთხრა რადიო "თავისუფლებას" ბერლინის გულის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა.

მაგრამ საქართველოში ეჭვი ეპარებათ, ბადრი პატარკაციშვილი 52 წლის ასაკში გულის მოულოდნელი შეტევით გარდაცვლილიყო.

"ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა", - განაცხადა 13 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ. ”ქართული აკადემიის” წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ კი საქართველოს ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის მორალური მკვლელი უწოდა. თავად პატარკაციშვილს ბოლო დროს არაერთხელ უსაუბრია მისი ლიკვიდაციის გეგმაზე... ამ თემას ის ცოტა ხნის წინ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც შეეხო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის კომენტირებისას:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] "როცა ეს ყველაფერი დაიწყო, - მარტო ჩანაწერს არ ვგულისხმობ, - როცა დაიწყო ჩემ წინააღმდეგ მთელი კამპანია, არ მეგონა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. მაგრამ შემდეგ მე დამიგროვდა ბევრი მტკიცებულება, რაც მაძლევს საშუალებას ვილაპარაკო იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად გეგმავს ჩემ მოკვლას, თანაც ყველა საშუალებებით."

ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუსწრებლად მისცა, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას ბრალი სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ედებოდა, სწორედ იმ სამხილის საფუძველზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელი სპეცსამსახურის დახმარებით მოიპოვა. ვგულისხმობთ სკანდალურ ფარულ ჩანაწერს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურამდე ბადრი პატარკაციშვილს რუსეთის გენერალური პროკურატურა ეძებდა. ბრალდება იყო ის, რომ პატარკაციშვილმა ხელი შეუწყო ”აეროფლოტის” დირექტორის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ გულოშკოვს საპატიმროდან გაქცევაში. რუსეთიდან საქართველოში პატარკაციშვილი 2001 წელს დაბრუნდა. იყო ჰოლდინგ ”ი-მედიას” დამფუძნებელი, ტელეკომპანია ”იმედის” აქციების მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ასევე -”ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი. ” ბოლო პერიოდში - მას შემდეგ, რაც აშკარა პოლიტიკური ამბიციები გამოავლინა -პატარკაციშვილი გაუშვეს ოლიმპიური კომიტეტიდან, დაუყადაღეს ბანკი და ასე შემდეგ. აღარ შევჩერდები ტელეკომპანია ”იმედზე”. ბადრი პატარკაციშვილმა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება დაეფინანსებინა ოპოზიციის საპროტესტო კამპანია, მოგვიანებით საქართველოს გარედან წარმართა თავისი საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დაახლოებით 7 პროცენტი დააგროვა. საკუთარი პოლიტიკური პარტიით გეგმავდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში... ის ლონდონში 52 წლის ასაკში გარდაიცვალა... მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გარდაცვალების მოტივებსა და ეჭვებზე საუბრისას აცხადებენ, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაფანტავს ეჭვებს .... იქ ეჭვი შეაქვთ ისეთი მაღალი რეპუტაციის პოლიციის მუშაობაში, როგორიც "სკოტლანდ იარდია".

[კახა კუკავას ხმა] "სკოტლანდ იარდი", რამდენადაც მე ვიცი, ინგლისშიც არ სარგებლობს მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით. ამიტომ კარგი იქნება, თუ შესაძლებლობა მიეცემათ ოჯახის წარმომადგენლებს, ადვოკატებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, საქმის მასალების გაცნობისა."

საქართველოში ინგლისის პოლიციის დასკვნას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG