Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საერთო ენა ისევ ვერ გამონახეს


არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ მემორანდუმზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

მოლაპარაკების წარუმატებლობის მიზეზად მხარეები ოპონენტთა არაკონსტრუქციულობას ასახელებენ. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ზეპირი შეთანხმების შესრულებას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა პასუხად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით საქართველოში არავინ იდევნება და რომ დიალოგის დროს მიუღებელია ულტიმატუმების წამოყენება. რატომ ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რას მოიტანს მოლაპარაკების ჩაშლა?

29 იანვარს გამოქვეყნებული მემორანდუმის 17 მუხლიდან ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პოზიციები მხოლოდ სამ მოთხოვნაზე შეაჯერეს. ერთიანი ეროვნული საბჭოს მტკიცებით, ხელისუფლება დათანხმდა როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლაზე, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოპოზიციამ საჭიროდ მიიჩნია შემდეგი განცხადების გაკეთება:

[კობა დავითაშვილის ხმა] „დღემდე გაწელვა მიდის პროცესის და ამოცანა არის დროის გაწელვა და ჩვენ ხელისუფლებას ამ თამაშში ვერ ავყვებით. შეასრულებენ მოთხოვნებს? გაგრძელდება საქმიანი საუბარი. ოღონდ რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება, ჯერ მიღწეული შეთანხმებები უნდა შესრულდეს. უნდა მიეჩვიონ ამას.“ (სტილი დაცულია)

პასუხად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს. პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ გასათავისუფლებელ პატიმართა სიის შესასწავლად ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებს დრო სჭირდებათ. კუბლაშვილი ოპონენტებს მოთმინებას ურჩევს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „დიალოგი არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და თუ ვინმეს უნდა, რომ დროზე ადრე დაასრულოს ეს დიალოგი ან რაიმე სხვა ფორმით გამოხატოს ულტიმატუმი ამ საკითხებთან მიმართებაში, ასეთი რამე, ბუნებრივია, რომ არ გავა. მე მოვუწოდებ მათ მიიღონ მონაწილეობა იმ შეხვედრებში, რომლებიც იმართება ამ დიალოგის ფარგლებში და, აქედან გამომდინარე, გვექნება საშუალება, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის მემორანდუმში ან რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვენისთვის, იქნება ხელისუფლების პოზიცია დაფიქსირებული.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, ხელისუფლება არ ჩქარობს და გამოწვლილვით სწავლობს იმ ადამიანთა სიას, რომლებიც, ოპოზიცის აზრით, პოლიტიკური ნიშნით განიცდიან დევნას. ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერთმანეთს ადარებს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ძველ და ახალ სიებს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ამ სიაში არ არიან ის ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ. პირველ, 44 კაციან, სიაში ასეთი იყო 11. როგორც ჩანს, ოპოზიციას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ახალ სიაში ასევე დამატებულია რამდენიმე გვარი. ესენია: გიორგობიანი ბიძინა, ოქრუაშვილი ირაკლი და მიხეილ ქარელი. თავდაპირველ სიაში ოპოზიცია ამ პირებს, როგორც ჩანს, პოლიტპატიმრებად არ განიხილავდა და, შესაბამისად, სიაშიც წარმოდგენილი არ ჰყავდა.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიციის განმარტებით კი, ხელისუფლებისათვის გაგზავნილ სიაში, პოლიტიკოსების გარდა, შეტანილია იმ ადამიანთა გვარებიც, რომელთა დაკავება ნოემბრის საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ოპოზიციის მტკიცებით, 4 პირი დაკავებულია 2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე, შვიდი კი – 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე. კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ სიებთან დაკავშირებული „ვითომ გაუგებრობა“ ხელისუფლების მიერაა ინსპირირებული. კუკავას თქმით, ხელისუფლების ტაქტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში მოექცა:

[კახა კუკავას ხმა] „ხელისუფლებამ პრაქტიკულად შეწყვიტა მოლაპარაკებები და არანაირ ფორმატში ეს დიალოგი აღარ მიმდინარეობს. 15 თებერვალს დაიწყება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციები. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე, ყველაზე ეფექტური მოლაპარაკებები არის მოლაპარაკებები უშუალოდ ხალხთან. ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენს შუამავლობაზე. ჩვენ არსებითად ვიყავით შუამავლები ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ახლა ჩვენ მივცემთ საშუალებას ხალხს უშუალოდ ელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას.“

თუმცა ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ შეწყვეტილა. პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას უახლოეს დროში წერილობითი ფორმით წარმოადგენენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG