Accessibility links

ნატოს მუდმივი წარმომადგენლები და საქართველოს მუდმივი საფიქრალი


ოთხშაბათს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

ნატოს შეფასების მისიის მსგავსად, დელეგაციას აინტერესებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გაცნობა და ინფორმაციის მიღება ყველა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რაც საქართველომ ნატოს წინაშე ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით იკისრა. თუ რამდენად კარგად ასრულებს ქვეყანა ამ ”საშინაო დავალებას”, ეს საკითხი საქართველოში მუდმივი განსჯის საგანია, რაც მსგავსი ვიზიტებისას კიდევ უფრო რელიეფურად წარმოჩნდება.

ნატოს ექვსი ქვეყნის ელჩი საქართველოში ოთხშაბათს გვიან ღამით ჩამოვიდა და ორიოდე საათში დელეგაცია უკვე ინტენსიურად გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში, რათა მნიშვნელოვანი შეხვედრები ვიზიტის პირველ დღესვე მოესწრო. ლატვიის, გერმანიის, იტალიის, ესტონეთისა და პოლონეთის ელჩები ნატოში თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეხვდნენ, ბოლოს კი საუბარი დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან გაიმართა.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ერთადერთი კომენტარი ლატვიის ელჩმა ნატოში იანის აიკმანისმა გააკეთა, რომელმაც გაიმეორა ის, რაც არაერთ სტუმრად ჩამოსულ დიპლომატს უთქვამს საქართველოში: ”ნატოში გაწევრიანებისათვის საჭიროა მთელი რიგი რეფორმების გატარება, რაც საქართველოში წარმატებულად ხორციელდებაო.”

საერთოდაც, ნატოში მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ასეთი შემადგენლობით ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ჩამოვიდნენ და ამ ვიზიტის იდეა სწორედ ლატვიას ეკუთვნის, რომელიც იმ ქვეყნების ჯგუფში შედის, ნატოში საქართველოს მთავარ ლობისტებად რომ ითვლებიან. თუმცა საქართველოში მყოფი დელეგაციის შემადგენლობა ამ თვალსაზრისით არაერთგვაროვანია. მასში შედიან აგრეთვე ელჩები გერმანიიდან და იტალიიდან, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებოდნენ საქართველოს კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურებას ალიანსთან ურთიერთობაში, ანუ ქვეყნის ჩართვას ბოლო და არსებით - ნატოს გაწევრიანების სამოქმედო - გეგმაში. გასული წლის მიწურულს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და სადავოდქცეული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა სკეპტიკოსებს კიდევ უფრო მეტი არგუმენტი მისცა იმისათვის, რომ არ განიხილონ საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხი ბუქარესტის ნატოს სამიტზე, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორმა თორნიკე შარაშენიძემ:

[ თორნიკე შარაშენიძე] ”თვითონ 7 ნოემბრის ამბები, რა თქმა უნდა, ცუდი იყო. მაგრამ, წესით, ალბათ, მაპს [გაწევრიანების სამოქმედო გეგმას] ჩვენ მაინც არ მოგვცემდნენ აპრილში, სხვადასხვა მიზეზების გამო. და 7 ნოემბრის ამბებმა, ჩემი აზრით, მოიტანა რაღაც პროგრესი ქვეყნის განვითარებაში, რადგან ხელისუფლებაც გამოფხიზლდა და ოპოზიციაც. და ნაბიჯი გადავდგით წინ რაღაც დიალოგისკენ და კომპრომისისკენ. თუ ეს ვერ ვისწავლეთ, - დიალოგი და კომპრომისი,- მაშინ აზრი არა აქვს არაფერს. მაშინ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. იმიტომ რომ, თუ პოლიტიკური კრიზისი ვერ დავძლიეთ მოლაპარაკებითა და მშვიდობიანი კომპრომისით, მაშინ საერთოდ არაფერი არ გამოვა არც დემოკრატიისაგან და არც არაფრისგან.” (სტილი დაცულია)

ნატოს სწორედ ის აინტერესებს, თუ რამდენად შეძლებენ ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევას საპარლამენტო არჩევნებამდე. ამის ზუსტი დადგენა კი ერთი წყაროდან საქართველოში შეუძლებელია. სრული სურათის შესაქმნელად ნატოს ელჩები ხუთშაბათს საქართველოს სახალხო დამცველს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან, რათა უფრო შეჯერებული ინფორმაცია წაიღონ ბრიუსელში და დაარწმუნონ ნატოს შტაბბინა, რომ ხმები პროდასავლური ძალების საბოლოო გათიშვისა საქართველოში ერთობ გადაჭარბებულია.
XS
SM
MD
LG