Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო მარათონისთვის ემზადება


გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო 15 თებერვლიდან პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებს.

წინასწარი ინფორმაციით, მიტინგი, სულ ცოტა, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მანამ არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება 29 იანვარს გამოქვეყნებული მემორანდუმის პირობებს არ შეასრულებს. საპროტესტო გამოსვლების პარალელურად ოპოზიცია არც მართლმსაჯულების სისტემას ივიწყებს და გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რას ითხოვს გაერთიანებული ოპოზიცია და როგორ ემზადებიან მისი ლიდერები მიტინგისთვის.

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, გენერალურ პროკურატურაში სარჩელი დეპუტატმა კახა კუკავამ და ადვოკატმა ეკა ბესელიამ შეიტანეს. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, მათი საჩივარი შეეხება არჩევნების გაყალბებასა და შეთქმულებას, ანუ გაყალბების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

[ეკა ბესელიას ხმა] „ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 იანვრის არჩევნებზე, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მიეცეს ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში. ეს არის: სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, ყალბი ბიულეტენები, შემაჯამებელი ოქმები და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

სარჩელის შეტანის დროს ოპოზიციის ლიდერებს პროკურატურაში მხარდამჭერებიც ახლდნენ. რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა თავისი პროტესტი სტვენით გამოხატა.

[ისმის სტვენის ხმა]

სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მეტი ხმაური იქნება 15 თებერვალს რუსთაველის გამზირზე. საქმე ის არის, რომ ერთი კვირის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა თბილისის მერია წერილობით გააფრთხილეს, რომ აპირებენ 15-დან 25 თებერვლამდე პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქციის გამართვას. გაფრთხილებაში, რომელიც მერიაში „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა შეიტანა, ასევე მითითებული იყო შეკრების ფორმა, მიზანი და მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა - დაახლოებით 100 ათასი ადამიანი:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ამა წლის 15 თებერვალს, 2 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება საპროტესტო აქცია, რომლის მიზანია მემორანდუმში გათვალისწინებული საკითხების დაკმაყოფილება. ჩვენ ვითხოვთ იმ ადამიანთა დასჯას, ვინც მოაწყო შვიდი ნოემბერი და 5 იანვარი; ჩვენ ვითხოვთ სამართლიან საარჩევნო კანონმდებლობას, გამყალბებლების პასუხისგებაში მიცემას, თავისუფალ მასმედიას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ არხს და ამ ყველაფერს ვითხოვთ ხალხთან ერთად.“

ოპოზიციის გაფრთხილების პასუხად, თბილისის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს შეახსენებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მთელ რიგ მოთხოვნებს და რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული კანონის მოთხოვნები და შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეკრება შეწყვეტილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების გამოყენებით. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ, კონსტიტუციის თანახმად, მერიას არა აქვს შეკრების აკრძალვის უფლება:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, მხოლოდ მაშინ აქვთ შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ამის შესახებ შეატყობინონ თვითმმართველობის ორგანოებს. თუ ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას არ იმართება შეკრება, შეტყობინების ვალდებულებაც კი არ გვაქვს. ასე რომ, ნებართვის გაცემა არ ხდება. გამონაკლისია შემთხვევა, როცა ერთ ადგილზე ორი აქცია იმართება.“

ასე რომ, შეკრებას, რომელიც პარლამენტის წინ 15 თებერვლის 14 საათზეა დანიშნული, წინ ვერაფერი დაუდგება. კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მემორანდუმის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში მიტინგი რამდენიმე საათში დაიშლებოდა, თუმცა, კუკავას თქმითვე, ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა:

[კახა კუკავას ხმა] „15 თებერვალს დაიწყება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. ყველაზე ეფექტური მოლაპარაკებები არის მოლაპარაკებები უშუალოდ ხალხთან. ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენს შუამავლობაზე. ჩვენ არსებითად ვიყავით შუამავლები ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ახლა ჩვენ მივცემთ საშუალებას ხალხს უშუალოდ ელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას.“

ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო გამოსვლებისთვის საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციის მოთხოვნათა დიდი ნაწილი გაიზიაროს და ყოველივე ეს საგანგებოდ შედგენილ დოკუმენტშიც ასახოს:

[ნინო ნაკაშიძის ხმა] „17 პუნქტიდან 15-ზე მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ ყოველივე ამას სჭირდება დრო და ოპოზიციის თანხმობა.“

ნინო ნაკაშიძის განმარტებით, ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციის იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას და 5 იანვრის არჩევნების რევიზიას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG