Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


ვიდრე ლონდონში გამოძიება დასრულდებოდეს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ ქართული პრესაც

ამ დრომდე გავრცელებულ მწირ ინფორმაციასა და ცნობილი პირების მიერ გამოთქმულ ვერსიებს სჯერდება.
”პატარკაციშვილის სიკვდილმა ხელისუფლების რეიტინგი ნულამდე დაიყვანა”, ”მოულოდნელ გარდაცვალებათა სერია - ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი...”, ”პატარკაციშვილის მოწამვლის ორი ვერსია”, ”რა უნდოდა ბადრი პატარკაციშვილთან სიკვდილის წინ ბორის ბერეზოვსკის?”, ”სიკვდილი საეჭვო გარემოებებში”, ”მოულოდნელი წერტილი ლონდონში” - ასეთია პუბლიკაციების სათაურები დღევანდელ ქართულ პრესაში. გაზეთები იხსენებენ პატარკაციშვილის ბიოგრაფიას, განსაკუთრებით კი - მისი საქართველოში დაბრუნების დეტალებს.

”24 საათი”: ”ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი პირველად 2001 წლის შემოდგომაზე გახმაურდა. 7 წლის წინათ ჟურნალისტებმა საიდუმლო შეხვედრიდან გამოსული ცნობილი პირების ფირზე აღბეჭდვა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრიდან გამოსულებმა ვიდეოკამერებისგან დასამალად თავზე პირსახოცები გადაიფარეს, მაინც ცნობილი გახდა, რომ ”პირსახოცების შეთქმულებად” მონათლულ საიდუმლო სერობას პატარკაციშვილთან ერთად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ”, - წერს ავტორი და განაგრძობს: ”საქართველოში პატარკაციშვილის გასაიდუმლოებულად ყოფნას ფარდა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ახადა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკის ”მარჯვენა ხელად” წოდებულმა პატარკაციშვილმა თბილისი გაზის გათიშვისგან იხსნა.”

”რეზონანსი” დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა ინფარქტის ხელოვნურად გამოწვევა: ”როგორც სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ერთ-ერთი სანდო წყარო ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ადამიანის სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევა ისე, რომ იგი ბუნებრივს ჰგავდეს, ტექნიკურად შესაძლებელია”. ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი რესპუბლიკური პარტიის წევრი ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ”ხელოვნურად შეიძლება შეიქმნას ისეთი ფონი, რომ ინფარქტამდე მიიყვანო ადამიანი”, და დასძენს: ”მე პირადად მგონია, რომ იგი მოკვდა თავისი სიკვდილით. ვერ გადაიტანა ეს შეურაცხყოფა, პატივმოყვარე ადამიანი იყო.” ”რეზონანსი” მკითხველს სთავაზობს მეორე რესპუბლიკელის, პაატა ზაქარეიშვილის, მოსაზრებასაც: ”მისმა გულმა ვერ გაუძლო იმ საშინელებას, რომელიც მის წინააღმდეგ აწარმოა ხელისუფლებამ. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არა სამართლებრივი”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

”24 საათი”, გენპროკურატურაზე დაყრდნობით, წერს, რომ პატარკაციშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად ჯერ არ შეწყვეტილა და ამის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება. გაზეთ ”ყველა სიახლის” თანახმად კი, საქმე შეწყვეტილია. ამასთან, გაზეთი წერს: ”ოჯახს აქვს უფლება ძიების განახლება და ბოლომდე მიყვანა მოითხოვოს, რათა ბიზნესმენის შელახული სახელისა და ავტორიტეტის აღდგენა მოხერხდეს. სავარაუდოდ, პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ასეც მოიქცევიან.”

”ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. მნიშვნელობა არ აქვს, მას ესროლეს თუ სიკვდილამდე მიიყვანეს”, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს. ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში მეორე ექსპერტი, სოსო ცინცაძე, შეკითხვაზე ”რას დაარქმევდით ბადრი პატარკაციშვილის უეცარ სიკვდილს”, ამბობს: ”სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, ძნელი სათქმელია. თუმცა 90% დარწმუნეული ვარ, რომ ექსპერტიზის დასკვნის პასუხი იქნება ინფარქტი. სულელი არავინაა, რომ მოწამვლის ვერსია გამორიცხოს, მაგრამ პრაგმატიზმით, ჩვენი ხელისუფლებისთვის რაც შეიძლება ცუდი მომხდარიყო, ესაა პატარკაციშვილის სიკვდილი. ეს ამათ ხელს არ აძლევს”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” ბეჭდავს.

”პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან პრობლემები მოუხსნა სააკაშვილის ”ვარდების” რეჟიმს. ფაქტია, რომ მისმა სიკვდილმა ნულამდე დაიყვანა რეჟიმის შავი პიარი და, მეტიც, ამ ომში დაამარცხა კიდეც მმართველი ძალა. პატარკაციშვილმა თავისი სიკვდილით არა მარტო გაანადგურა სააკაშვილის პიარკამპანია, არამედ კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა ისედაც პრობლემებში ხრჩობად რეჟიმს”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG