Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ნინო დანელია გასულ კვირაში, რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიურს ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ნინო დანელია წერდა.

20 იანვარი, კვირა
“დე-ე-ე, მე გავიღვიძე!” – მესმის ალექსანდრეს, ჩემი ოთხი წლის შვილის ხმა.
ეს კვირა დღეც ზუსტად ისევე დაიწყო, როგორც ყველა დანარჩენი კვირა დღეები იწყება ხოლმე.
გაღვიძება, როგორც ყოველთვის, არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე, კარაქს და თაფლს ვურევ ერთმანეთში და პურზე ვუსვამ. ჩვენი პოლიკლინიკის ექიმმა მითხრა, რომ ალექსანდრეს იმუნური სისტემისთვის უებარი წამალია.
ვსაუზმობთ და თან, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ვუყურებთ.
“მოდი, მიკარნახე რა ტექსტი” – კალმისტარმომარჯვებული მიშკა მოგვიჯდა მაგიდასთან. მიშკა ჩემი ქმარია – მიხეილ გოგრიჭიანი, ძალიან კარგი მხატვარი. გამოფენა აქვს 16 თებერვალს. ბატონ-რუჟში გაკეთებული სერია უნდა გამოფინოს. გამოფენის გახსნის დღეს ნიუ-ორლეანური ჯაზი შესრულდება და სპეციფიკურად ლუიზიანური კერძი, ჯამბალაია იქნება. მაგრამ, სანამ გამოფენა გაიხსნება ბევრი დეტალია მოსაგვარებელი. მაგალითად, მოსაწვევის ტექსტია დასაწერი. სწორედ ამ ტექსტის დაწერას მთხოვს. რამდენიმე წინადადება დავწერეთ ქართულ-ინგლისურად და მიშკა ნიუ-არტ კაფეში წავიდა მიშა ქობულაძესთან შესახვედრად. აფიშის დიზაინი უნდა გააკეთონ.
დედაჩემის ზარს ათას სხვა ზარში გამოვარჩევ. სანამ კარს არ გააღებ, მანამ შეუძლია ზარის ღილაკს ენერგიულად აჭიროს თითი და რეკოს. დედა კვირაობით მოდის ხოლმე და მთელ დღეს ჩვენთან ატარებს. ვცდილობ, რომ ალექსანდრეს ზღვარგადასული სინაზისგან დავიცვა, მაგრამ ნაკლებად ვახერხებ ამას. დღის ბოლოს, სრულიად დაქანცულია ხოლმე. ალექსანდრეს და დედაჩემის ურთიერთობას რომ ვიყურებ, ჩემი ნინა ბებია მახსენდება და რაღაცნაირი, სენტიმენტალური ვხდები. ვხვდები, რომ უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ჩემი ოჯახის ყველა წევრზე უნდა ვიზრუნო – მოვუარო, გავართო, გავუფრთხილდე. ხშირად, ეს არ გამომდის.
მიშკა ჯერ არ ჩანს. არადა, როგორ ვთხოვე, რომ მალე მოსულიყო – ინტერნეტ-კაფეში მინდოდა წასვლა. ლოდინი წყენაში გადადის. “მამა მოვიდა!” – ყვირის ალექსანდრე. მიხარია, მაგრამ ვცდილობ, რომ ნაწყენი ცოლის როლიდან არ გამოვიდე და კარისკენ არც ვიყურები. “დე, შეხედე, ყვავილები მოგიტანა!” – არ ცხრება ალექსანდრე. მას ხომ ყველაზე ძალიან არ მოსწონს დაძაბულობა. ახლა კი მართლა ძალიან გამეხარდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში, მიშკამ ალბათ სულ სამჯერ მაჩუქა ყვავილები. არ უყვარს ყვავილების ჩუქება – მკვდარიაო, ამბობს. გულგრილობას დიდხანს ვერ ვინარჩუნებ და ვიღიმები. ოდნავ მთვრალი მიშკა მიყვება რა კარგად დააყენა რუსიკომ (რუსიკო ოატი, ჩვენი მეგობარი, ნიუ-არტ კაფის მეპატრონე) განათებები. მთელი დარბაზი ჩაბნელებული იქნება და მხოლოდ პორტრეტები იქნება ლოკალურად განათებული. ჩემი საყვარელი პორტრეტები. . . ჩუმი ნიუ-ორლეანური ჯაზი. . . და, ჯამბალაია. . .…წესით, კარგი უნდა გამოვიდეს.

21 იანვარი, ორშაბათი
სახლიდან გასვლის წინ, ჩემს დილის რიტუალებს კიდევ ერთი მიემატა. ირინას, ჩემს ორი თვის შვილს, რძე უნდა დავუტოვო მაცივარში. მას შემდეგ, რაც ირინა გაჩნდა, ამ რიტუალის გარეშე სახლიდან ვერასოდეს გავდივარ. ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ვარ, მაგრამ პატარ-პატარა საქმეები მაინც გამომიჩნდება ხოლმე.
ტაქსი გავაჩერე და მძღოლს დეტალურად ავუხსენი როგორ უნდა მისულიყო ჭავჭავაძიდან ბროსეს ქუჩამდე. თითქმის არასოდეს იციან ეს პატარა ქუჩები და მანქანა ყოველთვის სიგარეტის ბოლით აქვთ გაბუღული. როცა ვეწეოდი, მაშინაც კი ძალიან მაწუხებდა სიგარეტის ეს ქსოვილში ჩაბუდებული უსიამოვნო სუნი. ტაქსში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა მაშინვე გამიბა საუბარი. არ მოწონდა სიცივე და მოყინული გზები. საუბრის დროს, განუწყვეტლივ ახველებდა. ბოლოს საკუთარ თავს გაუბრაზდა, - “რა ჭირმა დამალევინა ეს გაყინული წყალი”. დარწმუნებული იყო, რომ ცივი წყლის გამო ახველებდა. სად იყო ახლა ჩემი საყვარელი თიკო ცომაია! მაშინვე დეტალურად აუხსნიდა, რა მავნე რამაა სიგარეტი და რომ სწორედ სიგარეტი აღიზიანებს სასუნთქ გზებს.
ამინდიდან მთავრობაზე გადავედით. მძღოლს ამის საბაბი თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის დანახვამ მისცა. ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე ამ სახლს, სანამ სამსახურში, ბროსეს ქუჩაზე მივალ და როგორც კი მას ვუახლოვდები, ვიცი, რომ პოლიტიკური სჯა-ბაასი არ ამცდება. უფრო ხშირად, მსმენელის როლში ვარ. კამათს რა აზრი აქვს. მაინც ისევ ისე იფიქრებს, როგორც მანამდე ფიქრობდა. თაბუკაშვილის სახლის ნგრევის კადრები კი მართლა საშინელი სანახავი იყო.
ამასობაში სამსახურშიც მივედი. ჯიპაში, ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში ვმუშაობ. ვცდილობ ისე შევიდე ჩემს ოთახში, რომ სტუდენტებმა არ დამინახონ. აუცილებლად გამომკითხავენ ირინას ამბებს. მერე, მომიყვებიან სად უნდათ, რომ ინტერნშიპი გაიარონ. კიდევ უამრავი რამ გაახსენდებათ და აუცილებლად დამაგვიანდება. არადა, დრო ზუსტად მაქვს გათვლილი. ირინას რომ მოშივდება, სახლში უნდა ვიყო. ჯიპაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ მარჯი ჩამოსულა. მარჯი ფრინი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ სრულიად არაჩვეულებრივმა ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის როგორ ასწავლოს სტუდენეტებს სწორი კითხვების დასმა, რესპონდენტისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და წერის დროს, მაქსიმალური ობიექტურობის დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მარჯის ეს შრომა ადრე თუ გვიან ჩვენს მედიაში გამოჩნდება.
საღამომაც მშვიდად ჩაიარა. ამ ბოლო დროს, მიშკაც იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს და მაინცდამაინც გულს არ მწყვეტს მისი გულგრილობით. მგონი დავაჯერე, რომ ხანდახან, პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. არადა, 2003 წლის ნოემბერში წარმოდგენა არ ქონდა ვინ იყო ნანა დევდარიანი!

22 იანვარი, სამშაბათი
დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი და ვწერდი ჩღღჩ-სთვის ანგარიშს. ერთი სული მაქვს როდის ჩავაბარებ. 5 საათისთვის წერა დავმთავრე. ალექსანდრეც ბაღიდან მოვიდა და სასადილო მაგიდას მივუსხედით. მალე ბაბუც შემოგვიერთდა. სანამ მე და ალექსანდრემ ერთი თეფში “макароны по-флотски” დავამთავრეთ ბაბუმ ყველა აუცილებელი სადღეგრძელოს თქმა მოასწრო. “რა ვქნა, დღიურში იმას ხო მარ დავწერ, რომ ალექსანდრეს ერთი საათი ვაჭმევდი და ასჯერ მაინც ვთქვი - ჩქარა გადაყლაპე, თორემ თოვლის დედოფალი მოვა”, - შევჩივლე ზურიკოს. ასე ქვია ბაბუს, მიშკას მამას. “რატომ არ დაწერ?!” – გაიკვირვა ზურიკომ. ჰემინგუეი გაიხსენა და მითხრა, რომ მთავარი გულწრფელობაა.
როგორც იქნა საღამოს ტრაპეზა დასრულდა. ზღაპრების კითხვის, სხვადასხვა არხის ერთნაირი საინფორმაციო გადაცემებისა და ბაბილინას ზღაპრების ყურების შემდეგ, ალექსანდრეს ძილის დროც მოვიდა. დღის ბოლო ჩემი საყვარელი დროა. ალექსანდრეს მშვიდად ძინავს, მე ჩაის ვსვამ, მიშკა ჩაის ან ლუდს, ტელევიზორს ვუყურებთ და ერთმანეთს რაღაც ისტორიებს ვუყვებით. ამჯერად, გოგის წითელ ზონას ვუყურეთ. მიშკა კიდევ ერთხელ აღშფოთდა, რომ ფილმი გვიან გადის. დიდი სიამოვნებით ვუყურე გადაცემის პირველ ბლოკებს. თემა საბჭოთა პერიოდის ფილმებისა და ლიტერატურის იგავური ენა იყო. განსაკუთრებით კარგად გამოვიდა ის ნაწილი, სადაც პოლიტიკოსების სიმბოლოებით ლაპარაკის სიყვარულზე საუბრის დროს კადრში წმინდა გიორგის ოქროსფერი ქანდაკების ფონზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა და ემოციურად ისაუბრა იმაზე, რომ რაც უნდა დიდი იყოს ბოროტება, სიკეთე მას აუცილებლად დაამარცხებს.

23 იანვარი, ოთხშაბათი
როგორ მიყვარს ოთხშაბათი. და კიდევ შაბათი მიყვარს. ამ დღეებში ჩემი საყვარელი ჯულია მოდის. სახლს აწკრიალებს, გემრიელ სადილს აკეთებს და თავს მევლება. ვის არ უყვარს, როცა თავს ევლებიან! ეს ოთხშაბათი კი განსაკუთრებით კარგი გამოდგა. როგორც იქნა ჩღღჩ-ში კვლევის პირველი ეტაპის ანგარიში ჩავაბარე. თუკი ოდესმე საქმე გქონიათ ანგარიშების, სნობურად რომ ვთქვა რეპორტების წერა-ჩაბარებასთან, ზუსტად გაიგებთ რამხელა ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდან. მართალია მხოლოდ დროებით, რადგან სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნები წინაა, მაგრამ ნახევარი გზა ხომ უკვე გავლილია. კვლევის მოყოლას ახლა არ დავიწყებ. როცა დასრულდება, ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებაში იქნება ამაზე სიუჟეტი და შეიძლება ერთო-ორ თოქ-შოუსაც გამოვკრა ხელი. მოკლედ, ყველაფერს ისედაც გაიგებთ. თან ახლა ძალიან მეზარება ეს აკადემიური სჯა-ბაასი.
ცრრც-ში მიშკაც წამომყვა. სახლში დაბრუნებამდე, ჯანაშიაზე, ჩარჩოების სალონში შევიარეთ. მიშკამ ორი პორტრეტისთვის ე.წ. “матовый” მინა შეუკვეთა. ლექსიკონში კი ვნახავ როგორ უნდა ვთქვა ეს გამართული ქართულით, მაგრამ ყველა ასე ეძახის – “матовый”, ანუ ისეთი მინები, სინათლეს რომ არ ირეკლავს და არ პრიალებს.
“ესეც ასე! ზანგების სერია ამ ორი პორტრეტით დავამთავრე”, - თქვა მიშკამ როგორც კი სალონიდან გამოვედით. არც პოლიტკორექტულობა იცის და არც დეროგატორული სიტყვები ანაღვლებს მაინცდამაინც. მთავარია, ყოფით ძალიან არ შეაწუხო. განსაკუთრებით კი ისეთ დროს, როცა გამოფენისთვის ემზადება, როგორც ახლა.
გზად, თაყაიშვილის კუთხეში ანანასის ნამცხვრები ვიყიდეთ, რომლებიც ძალიან უგემური გამოდგა.
სახლში მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ბანკში გადახდილი ფული თელასში ჯერ არ მისულა და ორი საათი სიბნელეში ვისხედით. მე რა თქმა უნდა, 90-იანი წლები გამახსენდა. ყველა ოპონენტთან შემიძლია დაუსრულებლად ვიკამათო იმაზე, რომ სინათლე ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ძალიან ცუდია როცა ის არ გაქვს.
ხუთისთვის ალექსანდრეც მოვიდა ბაღიდან და სულმოუთქმელად მომიყვა როგორ ყავთ ბაღში სათამაშო ცხენები და კუები. მერე, იატაკის ჯოხისთვის დიდი ორთაბრძოლა გაიმართა ჯულიასთან. გამარჯვებული, რა თქმა უნდა ალექსანდრე დარჩა. ჯოხს “აჩუო” შემოსძახა და მთელი სახლი ერთ დიდ იპოდრომს დაემსგავსა.
ასე ჩამთავრდა ოთხშაბათი. არც მულტიტაბსი დამავიწყდა, არც ბანანა, არც ანტონოვკა. ალექსანდრე მივაძინე და ჩაის შემოვუსხედით.
დღეს ფეხბურთის დღეა. სენეგალი ხვდება ტუნისს და მიშკას “მინუსოვკაზე” უდევს. ე.ი. ჩამოწერილი გუნდების მოგება-წაგებები უნდა გამოიცნოს და ერთი გუნდის სედეგი თუ შეეშალა, მაინც მოგებული რჩება. ბევრი ღელვის და “საჯარიმოში ჩადით”, “ბურთი დაიკავეთ”, “დაეხმარეთ”, “გააზრებულად” და მსგავსი შეძახილების მერე ტუნისის 21-მა ნომერმა ანგარიში გაათანაბრა. მიშკამ სიხარულისგან ისეთი ყიჟინა მორთო, ირინას გაეღვიძა. მიშკამ სიხარულისგან ბავშვი ხელში აიტაცა. მე დაძაბულად დავიწყე მატჩის ბოლო წუთების თვლა. ასეთი სურათი ხშირია ჩვენს სახლში. ახლა წერას დროებით შევწყვეტ. ძალიან კრიტიკული წუთებია. ეს თამაში აუცილებლად ფრედ უნდა დამთავრდეს. ირინაც გაჩუმდა დად ედ-მამასავით მიაშტერდა ტელეეკრანს. სამი წუთი დაამატეს. “აქეთ, ბიჭო!” “კარგი ხარ”! “მოიშორე!”. . ისმის დროდადრო მიშკას კომენტარი. კომენტატორს აღარ ვუსმენთ. მაინტერესებს რამდენი დარჩა მატჩის დამთავრებამდე. ვუყურებ ტაბლოს. ვერაფერს ვხედავ. მე ხომ ახლომხედველი ვარ. “გაიხარე”, - ამოისუნთქა მიშკამ. მსაჯმა ჩასტვინა. თამაში ფრედ დამთავრდა. ახლა შემიძლია ირინა წყნარად ვაბანაო და მშვიდად დავიძინო. მიშკას წინ კიდევ ორი თამაში ელის.

24 იანვარი, ხუთშაბათი
დილიდან ვღელავ. ირინას პირველი აცრა გავუკეთეთ. ექთანმა იმხელა ნემსი ჩაარჭო ერთ ციცქნა ფეხში, გული გამისკდა. მიშას შევხედე. არც იმას ქონდა მაინცდამაინც კარგი ფერი. სახლში მოსვლისას კალპოლი დავალევინე, ვაჭამე და ორივეს მაშინვე დაგვეძინა.
ირინას ტირილმა გამაღვიძა. სავარძელში გემრიელად მოვკალათდი და ირინაც ენერგიულად შეუდგა წოვას. გამეხარდა. არ არის ძალიან ცუდად. ჯერ-ჯერობით, აცრის რეაქცია მძიმე არაა. მიშკა ალექსანდრეს მოსაყვანად წავიდა.
ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვუყურებ როგორ მოძრაობენ ცაზე სხვადასხვა ფორმისა და ფერის ღრუბლები. ასე ბავშვობაში ვერთობოდი ხოლმე. დიდხანს შემეძლო ღრუბლის ფორმებში კოშკების, ცხენოსნების, ცხოველებისა და ზღაპრის გმირების ამოცნობა.
მზე მთის წვერზეა. მალე ჩავა. ირინა ძუძუს წოვს. მიშკა და ალექსანდრე მალე მოვლენ. სასაცილოა, მაგრამ ასეთ დროს, ყველაზე მეტად მახსენდება, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან ბედნიერი. რაღაცნაირი ბანალური და მშვიდი ბედნიერებაა – უცებ, ყველაფერი მეორეხარისხოვანი რომ ხდება და მთავარი უმარტივესი, თითქმის ინსტინქტამდე დასული ემოცია და შეგრძნებებია.
“დე, შეხედე”, - მესმის ალექსანდრეს ხმა და მგონია, რომ რაღაც უნდა მაჩვენოს. მისკენ მივტრიალდი. ხელში არაფერი უჭირავს. “აბა, რას შევხედო?” – ვკითხე. სრულიად გაოცებულმა მიპასუხა: “მე, დე! მე მოვედი!” ხო ძალიან მაგარია! აბა, რა უნდა ეჩვენებინა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი თავი?! ის ხომ ბაღიდან მოვიდა! მე კი ვწერ აქ რაღაცეებს. წავედი, მივხედო.

25 იანვარი, პარასკევი
დღეს სამის ნახევრამდე მეძინა. აცრის გამო ირინამ გუშინ მთელი საღამო და ღამე იჭიჭყინა. ამიტომ ცოტა დაღლილი ვარ. მიშკა სახელოსნოშია. მუშაობს. მე და ალექსანდრე კი ვცდილობთ, რომ ირინას “აღუ” და ღიმილი გამოვტყუოთ. ბოლოს ვახერხებთ კიდეც. ისე მიხარია, თითქოს რამე ძალიან განსაკუთრებული და თავის გამოსაჩენი გააკეთა. ბაბუც გვიერთდება. მასაც საშინლად უხარია, რომ ირინა უღიმის და თვალს აყოლებს. რა სასაცილოები ვართ ხოლმე ხანდახან ყველანი და რა სისულელეები გვყოფნის სიხარულისთვის.
მე და ალექსანდრემ ლოტო ვითამაშეთ და ჩემი სატელევიზიო საღამოც დაიწყო.
მთავრობის ახალ წევრებზეა სიუჟეტი. თითქმის არ ვუსმენ. მომწონს ეს შემადგენლობა. ნიკა კი უბრალოდ, ძალიან მიყვარს. ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვისაც ასე უყვარს და ასე კარგად იცის თავისი საქმე. თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეძლებს მედიასთან კომუნიკაციის დამყარებას. მე და თეომ, ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე ძვირფასმა მეგობარმა და თანამოაზრემ, ამაზე ერთმანეთს ჩვენი სკეფსისი გავუზიარეთ. ახლა, გვერდით, ვინმე ჭირდება, ვინც თანამედროვე ხელოვნებაში ისევე კარგად ერკვევა, როგორც ნიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ჩემი აზრით, ამ მხრივ, ჭოღო (ნინო ჭოღოშვილი) საუკეთესო კანდიდატურაა.
შემდეგი სიუჟეტი ოპოზიციას დაეთმო. კუკავა, ტრადიციულად, ნერვებს მიშლის. ნეტა კამერასთან იქცევა ასე თუ თემურ იაკობაშვილს პირადად შეუძლია უთხრას “ეგზიტ-პოლა მინისტრი” ხარო. მაოცებს ხოლმე, როცა სააკაშვილის არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. კარგი ბატონო, ცე-ეს-კო იტყუება, საერთაშორისო ორგანიზაციები დიპლომატიას იჩენენ, მაგრამ რა ვუყოთ ჩვენს მშობლიურ არასამთავრობო, სრულიად დამოუკიდებელ და არსებული ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციას “სამართლიანი არჩევნები”? მათი პარალელური დათვლის შედეგების მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. კი ბატონო, ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული, კი, ბატონო, პოპ-მუსიკა ჩაერთო საქმეში, მაგრამ ხომ გადალახა!
ბევრი პრობლემის მიუხედავად, მგონია, რომ ნოემბრის აქციებმა რაღაც შედეგი მაინც გამოიღო. მგონია, რომ სააკაშვილი და მისი მთავრობა მიხვდა, რომ არ შეიძლება საკუთარ ხალხს ზემოდან უყურო და ელაპარაკო.
მედიაშიც, დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება. წარმოუდგენელია არსებული ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. მაყურებელი ხომ ვერასოდეს იგებს სინამდვილეში რა მოხდა. ვიცით მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების აზრი რაღაც ვითარების შესახებ. არავინ ხარჯავს ძალისხმევას კონკრეტული ფაქტის გარკვევაზე. რა უნდოდა ბორჩალოში ჩასვლას და იქ მხცოვრებ ადამიანებთან დალაპარაკებას. ხომ გავიგებდით, იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე და საერთოდ, რას ფიქრობენ ამ არჩევნებზე. რაიმე მოვლენის ან ტენდენციის ანალიზზე ხომ სრულიად ზედმეტია საუბარი. თანამედროვე ხელოვნება თითქმის საერთოდ აღარ არსებობს მედია-სივრცეში და მხოლოდ ევროვიზიაზე გასაგზავნი მომღერლები იწვევენ ინტერესს. ხანდახან მგონია, რომ ათი წლის წინ, უკეთესი მედია გვქონდა. თითქოს სწორი ღირებულებები გვქონდა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის ნიშნებიც ჩანდა. ახლა რაღაცნაირი ზედაპირული და, ამავე დროს, ფუნდამენტალისტურ-ნაციონალისტურ-პარტიული მედიის ამარა ვართ დარჩენილები. ინტერნეტი რომ არა, არაფერი გვეცოდინებოდა იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში და კუბლაშვილი-კუკავას პოლემიკის სმენით შევიქცევდით თავს. თუმცა, ქართული მედიის დისკურსზე უფრო ზუსტად მაშინ ვილაპარაკებ, როცა ჩემს კვლევას დავასრულებ და ზუსტად მეცოდინება ის ღირებულებები და პრინციპები, რასაც დღევანდელი ქართული მედია ეყრდნობა. აუ! ეს რა პათეტიკურად გამომივიდა! ერთი რამ, უდავოა: აქამდე, ჟურნალისტები მხოლოდ მედიის თავისუფლებაზე საუბრობდნენ. ახლა, მის პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებზე, ანუ პროფესიულ სტანდარტებზეც ალაპარაკდნენ. იმედი მაქვს, ეს ლაპარაკი რაღაც შედეგს მაინც მოიტანს.

26 იანვარი, შაბათი
ბაბუმ ალექსანდრე ვაკის პარკში წაიყვანა. ირინა კი აივანზე მზეს მივუფიცხე. მიშკა ჯინჭარაძესთან წასასვლელად ემზადება. თბილისში მყოფ რამდენიმე უცხოელს ქართველი მხატვრების ნამუშევრები უნდა აჩვენონ. კოტე და მიშა შენგელია (მიშკას საუკეთესო მეგობრები, ალექსანდრეს ნათლიები და, რაც მთავარია, სრულიად არაჩვეულებრივი მხატვრები)ადრე აპირებენ მისვლას, რომ რაღაც გემრიელი კერძი დაახვედრონ სტუმრებს. მომენატრა მიშასთან ერთად სტუმრად სიარული. ახლა ძირითადად, ერთმანეთს ვცვლით და ბავშვებს რიგ-რიგობით ვიტოვებთ. საღამოს ჩემი ჯერია. მანამდე კი რადიოში უნდა წავიდე და დღიურები ჩავწერო.
გადავხედე ჩემს ნაწერს. ცოტა უინტერესო მეჩვენა. კარგი, მე არსად დავდივარ, მაგრამ ნეტავ ჩემთან სტუმრად მაინც მოსულიყვნენ ჩვენი მეგობრები. სტუმრობის ამბებს მოვყვებოდი და დღიურებიც უფრო საინტერესო გამომივიდოდა. ან რამე ახალი წიგნი წამეკითხა, ან ახალი ფილმი მენახა. ხომ მოგიყვებოდით შთაბეჭდილებებს. მაგრამ, რას ვიზამ, ასეთი იყო ეს კვირა, ნაკლებად დინამიური და მღელვარე. რაღაცნაირი უფრო მშვიდი და რუტინული. და სწორედ ესაა ის სიმშვიდე, რომელიც ასე ხშირად მჭირდება და მაკლია ხოლმე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG