Accessibility links

logo-print

საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მოლოდინში


საქართველოში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღის დაწყებამ ერთგვარად გადაფარა იმ საფრთხის თემა, რომელიც ქვეყნის გარეთ, კერძოდ, კოსოვოს გარშემო

ვითარდება. სულ მალე დასავლეთი მხარს დაუჭერს უკვე შემუშავებულ აზრს, რომ კოსოვოსა და სერბეთის ერთ სახელმწიფოში თანაარსებობა წარმოუდგენელია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 თებერვალს თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, კოსოვო დამოუკიდებლობას 17 თებერვალს გამოაცხადებს, რასაც მოჰყვება მისი აღიარება რიგი სახელმწიფოების მხრიდან. ამ საგანგებო განცხადებით მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკუთარ პრესკონფერენციაზე სწორედ კოსოვოს საკითხთან მიმართებით გაკეთებულ მინიშნებებს გამოეხმაურა...პუტინის ერთ-ერთი მინიშნება კი იყო ის, რომ კოსოვოს პრეცედენტი არ შეიძლება იყოს უნიკალური, გამონაკლისი. რა მოლოდინები უკავშირდება საქართველოში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას?

სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირწმინდა ტყუილი უწოდა გავრცელებულ აზრს, რომ დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებელი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ რუსეთი ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგრამ სულ ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტყვა ”ტყუილი” იმ შეხედულებასთან დაკავშირებით ახსენა, რომლის თანახმადაც, კოსოვო უნიკალური შემთხვევაა და მისი დამოუკიდებლობა არ გახდება პრეცედენტი სხვებისთვის:
”აი, მაგალითად, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან, კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა აქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის”, - თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე. სულ ცოტა ხანში პუტინი პრეზიდენტი აღარ იქნება, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის რუსეთის პოლიტიკის განმსაზღვრელ ფიგურად დარჩება. ბოლო პრესკონფერენციაზე დასავლეთის მიმართ მის მიერ გაკეთებულმა უხეშმა შენიშვნებმა - მათ შორის, კოსოვოს საკითხის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა შენიშვნებმა - საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით შეაშფოთა ... ”ჩვენ ვდგებით ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ეს არის გადამწყვეტი მომენტი... საქართველოს აღარა აქვს გასაცემი ტერიტორია”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. მაინც რა მნიშვნელოვანი მომენტის დადგომაზეა ლაპარაკი? როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აღნიშნავს :

[გივი თარგამაძის ხმა] ”რუსეთი სულ უფრო შორდება დანარჩენ სამყაროს და ყალიბდება აგრესიულად გაბუტულ ქვეყნად. ასეთ ვითარებაში კოსოვოს კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჩვენი რეგიონების ხსენება ადასტურებს, რომ საქართველო შევიდა მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფაზაში. ” (სტილი დაცულია)

”ერთია ცნობს თუ არა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მეორეა ივაჭრებს თუ არა ის კოსოვოს თემით აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის პრობლემებთან დაკავშირებით... ყველაზე მეტად შემაშფოთებელი არის მოსალოდნელი პროვოკაციები. ისინი რუსეთმა, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ინსინუაციების სახით შემოგვთავაზოს”, - ამბობს გივი თარგამაძე და იქვე დასძენს, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოში ყველას მართებს მეტი დაფიქრება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე...

კოსოვოს საკითხს რუსეთი სპეკულაციისთვის გამოიყენებს, მაგრამ არ წავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, - ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:

[პაატა ზაქარეიშილის ხმა] ”რუსეთი გამოიყენებს ამას სპეკულაციისთვის, რათა დაძაბოს რეგიონებში ვითარება, მაგრამ რუსეთი არ წავა საკუთარ საზღვართან დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებაზე. ეს გამორიცხულია.. კოსოვო შორსაა რუსეთისგან... ”

”და ამიტომაც კოსოვოს თემით რუსეთი იოლად სპეკულირებს ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ჩრდილოკავკასია რუსეთისთვის აქილევსის ქუსლია: იქ ვითარების არევამ რუსეთში, შესაძლოა, ყველაფერი ააყირაოს, ამიტომ რუსეთის ინტერესებში არ შედის თავის სამხრეთის საზღვართან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება... კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას არც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ იქნება რუსი პოლიტიკოსების პროვოკაციული განცხადებები. იაკობაშვილი უფრო ოპტიმისტია - ის მიიჩნევს, რომ სეპარატიზმი არა მარტო საქართველოს, რუსეთის პრობლემაცაა და, კოსოვოს თემით შექმნილი დაძაბულობის გავლის შემდეგ, საქართველო და რუსეთი შეძლებენ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე ერთმანეთთან უფრო რაციონალურად საუბარს.....უფრო ახლო მომავალში, ჟენევის შეხვედრაზე, იაკობაშვილს ლაპარაკი აფხაზთა წარმომადგენლებთან მოუწევს.

[თემურ იაკობაშვილის ხმა} ” არის მომზადებული თემები, რომლებსაც შევთავაზებთ ბატონ შამბას. მართალია, ცუდი მომენტია, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და იმედი მაქვს, წავიწევთ კიდეც წინ. იმედი მაქვს, გამოვნახავთ საერთო ენას ბატონ შამბასთან. ”

საინტერესოა მოხდება თუ არა ასე. მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში 18-19 თებერვალს არის დაგეგემილი. ამ მოლაპარაკებების წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა მოსკოვში კონსულტაციები გაიარეს. მათთან შეხვედრის შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს მხარეს არ გააჩნია რეალისტური მიდგომები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG