Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოართმევენ თუ არა ტელეკომპანია ”იმედს” მაუწყებლობის ლიცენზიას


რამდენიმე კვირა იქნება, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ

ტელეკომპანია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის საქმის წარმოება დაიწყო. თუ კომისია ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტებს აღმოაჩენს, შესაძლებელია ტელეკომპანიას ლიცენზია დროებით შეუჩერდეს ან საერთოდ ჩამოერთვას. მე შევეცადე გამერკვია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ლიცენზიის ჩამორთმევა და არღვევდა თუ არა ”იმედი” სალიცენზიო პირობებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემები ჯერ გასული წლის 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის ტელეკომპანიაში შეჭრისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეწყდა, ხოლო მოგვიანებით, როცა კომპანიის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ირაკლი კოდუას საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, ტელეარხმა გადაცემების ეთერში გაშვება კვლავ შეაჩერა.

ამ დღიდან, ანუ 26 დეკემბრიდან, ”ტელეიმედის” ეთერში ტელესიგნალის ტესტი და რადიო ”იმედის” პროგრამები გადაიცემა. მედიის ექსპერტს ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ ეს არ შეიძლება ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს:

[ზვიად ქორიძის ხმა] ”მაუწყებლობის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ არანაირ სიგნალს ტელეკომპანია აღარ უშვებს ეთერში. უბრალოდ რომ ვთქვათ, მარტივად, ეკრანზე შიშინი ისმის მხოლოდ. ტელეკომპანია ”იმედმა” არა მაუწყებლობა შეწყვიტა, არამედ მაუწყებლობა შეაჩერა, არ გამორთო და ეთერში გადის, როგორც ვუყურებთ, რადიოსიგნალი. თუ მარეგულირებელი კომისია ამ კაზუისტიკით იმუშავებს, მაშინ უსამართლო იქნება გადაწყვეტილება, ”იმედს” ამის გამო ლიცენზია ჩამოართვას.”(სტილი დაცულია)

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტელეკომპანიას ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას, თუ ის ეთერში არ გადის 90 დღის მანძილზე. ჯერჯერობით არც 90 დღე გასულა და არც ”ტელეიმედის” სიგნალი შეწყვეტილა. მაშ, რა მიზეზით დაიწყო საქმის წარმოება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში? - ამ კითხვით კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს მივმართე.

[კახი ყურაშვილის ხმა] ”წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილის ფაქტობრივ თუ იურიდიულ მფლობელობასთან დაკავშირებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამის გამო არის წარმოება დაწყებული.”

უფრო კონკრეტულად კი, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი გახდა, ეს კი კანონით აკრძალულია. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ექსპერტის თამარ კორძაიას კომენტარი:

[თამარ კორძაიას ხმა] ”ისიც კი რომ იყოს, რომ ის იყო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ფლობდა, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დარღვევა არსებობდა და შეუჩერონ ლიცენზია, იმიტომ რომ უნდა დაასაბუთონ, რომ ის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირია. ეს არ ჩანს კომისიის გადაწყვეტილებაში.”(სტილი დაცულია)

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის ზურაბ ნონიკაშვილის განცხადებით კი, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო ”იმედის” საქმე უნდა შეწყდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიდო მარეგულირებელი კომისიის 15 თებერვლის სხდომაც. ჯერჯერობით გაურკვეველია, იგი კვლავ დაუბრუნდება თუ არა ”ტელეიმედისთვის” სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხს.
XS
SM
MD
LG