Accessibility links

logo-print

კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში კვლავ განხეთქილებაა


წუხელ გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზე დასწრების მსურველი ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

საბჭოს ეს შეხვედრა შედგა სერბიის, მასთან ერთად, რუსეთის მოთხოვნით, იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურდათ კიდევ ერთხელ და ცხადად გამოეხატათ თავიანთი პოზიცია, რომ წინააღმდეგი არიან კოსოვოს ოლქის სერბიისგან გამოყოფისა, რადგან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს ბალკანეთისათვის.

სერბიის შემადგენლობაში მყოფი ეს ოლქი, კოსოვოს ოლქი, მისი ალბანური უმრავლესობის წარმომადგენელი მთავრობა აპირებს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს კვირას, 17 თებერვალს. ამ მოახლოებულ აქტს უსწრებდა წინ უშიშროების საბჭოს ეს დახურული სხდომა, რომელზეც სერბიის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა თქვა: ბელგრადი გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საშუალებას, რათა შეაჩეროს ამ, უპირატესად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული, ოლქის გამოყოფა. გაეროსადმი სერბიის წარმომადგენლობის წერილობით მიმართვაში წერია, რომ “სერბია არც ახლა, არც ერთ წელიწადში, არც ათ წელიწადში, არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობასო”. თუმცა იერემიჩმა იქვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ სერბია არ გამოიყენებს ძალს:

(იერემიჩის ხმა) “სერბია არ აპირებს ძალა იხმაროს. და ეს არის პოზიცია, რომელიც სერბიას (კოსოვოელი ალბანელებისგან განსხვავებით) - დემოკრატიულ სერბიას - უკავია მას მერე, რაც ეს პროცესი დაიწყო.”

უშიშროების საბჭოს კოსოვოელი ალბანელების წარმომადგენლები არ დასწრებიან და არც სიტყვა მოუთხოვიათ. მაგრამ უშიშროების საბჭო ვერ აუდიოდა მოთხოვნებს, რომლებიც შევიდა იქ სხდომაზე დასწრების მსურველი 45 წევრი ქვეყნისაგან.

ცხადია, თავისი თვალსაზრისი გამოხატა რუსეთმა. გაეროში კრემლის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ ის კვლავ წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობისა. ჩურკინის თანახმად, ერთადერთი გზა, რომლითაც კოსოვოს კრიზისის მოგვარება შეიძლება, გაეროს 1999 წლის 1244-ე რეზოლუციაა - მასში დადგენილია სერბიის ტერიტორიული ინტეგრაცია, რომელიც კოსოვოს ოლქს შეიცავს:

(ჩურკინის ხმა) “მივიღეთ სიტუაცია, როცა არ შესრულებულა პირობები, რომლებიც ჯერ კიდევ საკითხის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა შესრულებულიყო. მივიღეთ სიტუაცია, როცა კოსოვოში თითქმის აღარ არიან სერბები. მივიღეთ სიტუაცია, როცა კოსოვოელი ალბანელები აშკარად არ არიან მზად დამოუკიდებლობისთვის, რადგან თვით მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ საერთაშორისო მისიები იქ ძალიან დიდხანს უნდა დარჩნენ. მაშ რატომ ვირთულებთ საქმეს, რატომ ვაჩქარებთ პროცესს, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც წესი და რიგია?”

ჩურკინმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ცალმხრივი გამოცხადება დამოუკიდებლობისა, მართლაც, შეიძლება იქცეს რეალურ საფრთხედ კვლავ განახლდეს ეროვნებათა შორის ძალადობა და, ასევე, კვლავ გააქტიურდნენ ექსტრემისტები კოსოვოსა და მთელ ბალკანეთში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის (მუდმივი და დროებითი წევრების რიცხვი 15-ია) აზრი კოსოვოს დამოუკიდებლობის თაობაზე გაყოფილია. აშშ, ბრიტანეთსა, საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა წევრებთან ერთად, სერბიისგან ოლქის გამოყოფას ემხრობა და აპირებს აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ ალეხანდრო უოლფმა გამოაცხადა, მსჯელობას კოსოვოს საკითხზე აზრი აღარ აქვს, მორიგება ფუნდამენტურ საკითხებში ვერ ხერხდება მხარეებს შორისო:

(ვოლფის ხმა) “ერთხელ კიდევ ნათელი შეიქნა, რომ ეს საბჭო, ისევე როგორც უწინ, ახლაც ბლოკირებულია. ახალი მოსაზრებები არავის წარმოუდგენია. აშშ-ის სახელით ვაცხადებ, რომ კოსოვოს შემთხვევა განსაკუთრებულია - მას აქვს თავისი წარსული. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ან უგულებელვყოთ ისტორია და სლობოდან მილოშევიჩისა და მისი მთავრობის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგები. ამან ის გამოიწვია, რომ კოსოვოს ვეღარასოდეს მართავს ბელგრადი. მარტივი ფაქტია, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან ძირეულ საკითხებში. ამას დრო ვერ მოაგვარებს.”

ასეთია გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის პოზიცია. კოსოვოს ოლქი კი მოელის მისთვის უკვე ჩვეულ, მაგრამ გარემოსთვის უნიკალურ მდგომარეობას, როცა მას არ აღიარებს სერბია, რუსეთი, გაერო, მაგრამ აღიარებს ევროკავშირი, აშშ და, შესაბამისად, გადაიქცევა რაღაც, პროტექტორატის მსგავს, ერთეულად.
დასასრულ, კიდევ ერთი: სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ტელევიზიით გამოსვლისას, პირველად აღიარა, რომ კოსოვოს დაკარგვა რეალობაა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ სერბია ვერასოდეს შეეგუება ამას.

XS
SM
MD
LG