Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მრავალათასიან მიტინგს მართავს


15 თებერვალს, დღის 2 საათზე, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის შენობის წინ ათობით ათასი თბილისელი შეიკრიბა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილე ადამიანებმა შეავსეს როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ასევე რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან იმ მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, რომლებიც 29 იანვარს გამოქვეყნებულ მემორანდუმშია ასახული. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსთაველის გამზირზე და რას ითხოვენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

15 თებერვლის მიტინგისათვის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები 29 იანვრიდან, ანუ მემორანდუმის გამოქვეყნების დღიდან, ემზადებოდნენ. გია თორთლაძემ, ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიისა „ერთიანი საქართველოსათვის“, რადიო ”თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მთელი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლება თვალთმაქცობდა და დროის გაყვანას ცდილობდა:

[გია თორთლაძის ხმა] „მთავარი მოთხოვნაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოში და აქედან გამომდინარე ღონისძიებების გატარება. ეს არის ცესკოს დაკომპლექტება პარიტეტის საწყისებზე და თარხნიშვილის გაშვება; საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს ხალხს, იქაც „ბორდი“ უნდა დაკომპლექტდეს, ასევე პარიტეტულ საწყისებზე. რაც შეეხება კოდექსში ცვლილებების შეტანას, აუცილებლია ამის გაკეთება და ასევე პოლიტპატიმრების გამოშვება... ასე რომ, პრაქტიკულად არც ერთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის და ასეთი მდგომარეობაა.“

მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას გაერთიანებული ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი ადასტურებს. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით,
ვითარების დაძაბვის მთავარი შემოქმედი ოპოზიციაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ 14 თებერვალს გამოქვეყნებული საპასუხო მემორანდუმით ხელისუფლება მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „არის მოთხოვნათა სრული თანხვედრა ვიდეოთვალების გახსნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილელებთან დაკავშირებით, საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებზე, საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც არჩევნების პროცესში სარჩელებს განიხილავს.“

მიხეილ მაჭავარიანის მიერ ჩამოთვლილ დათმობებს სერიოზულად არ აღიქვამს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელსაც ნიმუშად ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი მოაქვს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისგან სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) პასუხი, სადაც ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ რაღაც საკითხზე ისინი შექმნიან კომისიას, რომელმაც უნდა შექმნას მუშა ჯგუფი, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ანუ საკითხის გაწელვაზე არიან ორიენტირებულნი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ვაგრძელებთ ქუჩის აქციებს.“(სტილი დაცულია)

თუმცა ქუჩის აქციების გასამართად მხოლოდ ოპოზიციის სურვილი რომ არ კმარა, ამაში დარწმუნებულია კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის თქმითაც, ბევრი რამ ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „რომ იყოს სერიოზული ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკის მართვის სტილში, საკითხებისადმი დამოკიდებულებაში, მაშინ ჩვენ დავინახავდით იმას, რომ დაიკარგებოდა ინტერესი ქუჩაში გასვლისა.“

ხალხი კი ისევ გავიდა ქუჩაში და პარლამენტის წინ ისევ გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი.

[მამაკაცის ხმა] „არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და არა ისე, როგორც ჩატარდა, როცა ლევან თარხნიშვილი, თავის ხალხთან ერთად, დაინტერესებული იყო ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის - პრეზიდენტად არჩევაში.“

[ქალბატონის ხმა] „რატომ მძულს? რა გამიკეთა?! დაგვარბია! მოგვსპო და გაგვანადგურა! გადადექი, დედიკო, სადაც არა ჯობს, გაცლა ჯობს...“

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში წამოყენებული ყველა ლოზუნგი და მოთხოვნა ძალაში რჩება:

[ლევან გაჩეჩლაძის ხმა] „კიდევ ერთხელ თავიდან ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას. ყველას მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ომახიანად შევძახოთ: მიშა, მოვედით!“

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქციებით შეიძლება. შესაბამისად, ერთიანი ეროვნული საბჭო მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მიტინგების შეწვეტას არ აპირებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, გასული წლის ნოემბრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ხელისუფლების სიხისტე ქვეყანას კვლავ კრიზისამდე მიიყვანს:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „ვერ წარმოუდგენიათ როგორ მოიქცნენ, რომ საქმე კრიზისამდე არ მიიყვანონ. ამიტომ მიჰყავთ საქმე კრიზისამდე. მერე ამბობენ, რომ კრიზისი ვიღაცის გამოწვეულია და მერე იწყება შეთქმულების თეორია, რომ ვიღაცეები გადატრიალებას აკეთებენ.“(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG