Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართული პრესა ბევრ განსხვავებულ პრობლემაზე წერდა, მაგრამ მთავარი თემა კვირის

დასაწყისიდან კვლავ ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი და მემორანდუმის პირობების შესრულების პრობლემა იყო, რომლის ვადაც კვირის ბოლოსათვის იწურებოდა.

,,არა მგონია, ოპოზიციის მოთხოვნები იმ სახით დაკმაყოფილდეს, როგორც მემორანდუმში წერია”, - განაცხადა პოლიტილოგმა დავით დარჩიაშვილმა გაზეთ ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში. ორშაბათის ამ პუბლიკაციაში ექსპერტი საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: ,,კინწურაშვილის საკითხი ისე არ უნდა გადაწყდეს, თითქოს საფრანგეთის რევოლუცია მოხდა და ვიღაცას მარია ანტუანეტას თავი სურს.”

ეს საკითხი ერთი-ერთი საკვანძო გახდა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპისათვის. და ორშბათის ”რეზონანსი” ამ პრობლემასთან დაკავშირებით წინა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზეც წერდა, რონელშიც ,,თავისუფლების ინსტიტუტი” ხელისუფლებასა და ოპოზიციას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავებას ურჩევდა.
,,ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი აცხადებს, რომ ,,თავისუფლების ინსტიტუტმა თავად უნდა შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში უხეში ჩარევა”, - წერდა გაზეთი.

,,კატასტროფამდე რომ არ მივიდეთ, ამიტომაც გვინდა დიალოგი” - ეს სიტყვები კი მიხეილ მაჭავარიანის მიერ კვირის დასაწყისში მიცემული ინტერვიუდან გახლავთ, რომელიც ,,კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა.

ოთხშაბათს კი ”24 საათი” წერდა: ”მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილმა, ერთიანი ეროვნული საბჭოს სახელით, მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა, მდგომარეობა კრიტიკული გახდა. მართალია, ნინო ბურჯანაძემ სიტუაციის განმუხტვა თითქოს მოახერხა, მაგრამ არსებითი პროგრესი მაინც არ შეინიშნება”, - წერდა გაზეთი და დასძენდა, რომ თუ კონსენსუსი არ იქნება მიღწეული, შემდგომში შეთანხმების მიღწევა კიდევ უფრო გაძნელდება და მოვლენები ქუჩის სცენარით განვითარდება.”

15 თებერვალი კი ახლოვდებოდა...

კვირის დასაწყისში გაზეთი ”24 საათი” წერდა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედისათვის” ლიცენზიის შეჩერებას უკანონოდ მიიჩნევს და გენერალური პროკურორისაგან ამ საკითხის შესწავლას ითხოვს.

ორშაბათს ,,კვირის პალიტრამ” ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერთან, გოჩა ჯოჯუასთან, ინტერვიუ გამოაქვეყნა. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,ბადრი პატარკაციშვილი შეურაცხყოფილი და გულნატკენია. ცესკოში, ახლა თუ არა, მერე მაინც იტყვიან, რა შედეგები ჰქონდა არჩევნებს. კაცი ამბობს, გამაკეთებინეთ ქვეყნისთვის რამეო, და საშუალებას არ აძლევენ”, - ვკითხულობთ გაზეთში ”კვირის პალიტრა”.

ხუთშაბათს კი ქართული პრესის მთავარი თემა ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი იყო. გაზეთი ,,ყველა სიახლე” წერდა: ,,13 თებერვალს, დილის 9 საათზე, საზოგადოებამ ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო. წინასწარი ვერსიით, იგი გულის შეტევით აღესრულა.”
,,დუმილი და ემოცია” - ამგვარი იყო ”24 საათის” მოწინავე სტატიის სათაური იმ დღეს, ”რეზონანსის” მოწინავეს კი ერქვა: ,,სიკვდილი საეჭვო გარემოებებში ”. იმ დღეს ”ალია” შემდეგ კითხვებზე ცდილობდა პასუხის გაცემას: ,,რას საუბრობდნენ გუშინ პატარკაციშვილის ოჯახში ბადრის ავადმყოფობაზე? ვინ მიემგზავრება ლონდონში ცხედრის ჩამოსასვენებლად? რისი ეშინია ბადრის საარჩევნო შტაბს?” და ა. შ...

ბადრი პატარკაციშვილის შესახებ პუბლიკაციები კვირის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა პრესის ყურადღების საგანი კვლავ 15 თებერვლის მოლოდინი იყო.

პარასკევს მთავარი თემა ხელისუფლების საპასუხო მემორანდუმი და მასობრივი საპროტესტო აქცია იყო. ”24 საათი” ხელისუფლების მემორანდუმის სრულ ტექსტს აქვეყნებს. . ”რეზონანსი” კი ოპოზიციის მოთხოვნებს და ხელისუფლების შესაბამის პასუხებს ბეჭდავს და ოპოზიციონერთა კომენტარებს სთავაზობს მკითხველს: ”ეს მემორანდუმი არის აბუჩად აგდება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან საკუთარი თავის”, - აცხადებს ”ახლების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.

”24 საათში” კი მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე, წერდა, რომ ოპოზიცია ცდილობს მთავრობა პროვოკაციაზე წამოაგოს და 7 ნოემბრის მოვლენები გაამეორებინოს. ”აი, მაშინ კი დაიწყება ის შეტაკებები და არეულობა, რომელიც გაცილებით მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში”, - წერდა ავტორი და აღნიშნავდა, რომ, პირველ რიგში, მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ძალა, თუნდაც ეს ლეგიტიმური იყოს.

ამ დროს ქუჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და მის შეფასებას უკვე შაბათის გამოცემებში ვეცნობით.

,,გრანდიოზულობა 22 თებერვლისათვის გადაიდო” - ასეთია შაბათის” 24 საათის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი ”ახალი თაობა” კი წერდა, რომ ოპოზიცია სახალხო შიმშილობას იწყებს. ,,მთელ საქართველოს კარვების ქალაქად ვაქცევთ” -ასეთია ”ახალი თაობის” პირველი გვერდის გამხსნელი ქუდი. ”რეზონანსის” შაბათის პუბლიკაციაში კი, სათაურით ,,შემაძრწუნებლად მოვედებით საქართველოს ყველა სოფელს და რაიონს”, ვკითხულობთ: ,,ოპოზიცია წყვეტს ყველანაირ დიალოგს ხელისუფლებასთან, მშვიდობიანი ბრძოლის ყველაზე რადიკალურ მეთოდს მიმართავს და 22 თებერვლიდან შიმშილობის დაწყებას აპირებს. - ეს გადაწყვეტილება გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე, არცთუ მცირეხნიანი თათბირის შემდეგ მიიღეს ეროვნულ საბჭოში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა”, - ვკითხულობთ გაზეთ ”რეზონანსის” შაბათის პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG