Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის უეცარმა გარდაცვალებამ მიმდინარე კვირას ყველა სხვა მოვლენა გადაფარა.

მეტიც: მაგნატის მოულოდნელი სიკვდილი, სავარაუდოდ, არამხოლოდ მის პოლიტიკურ საქმეებსა და პარტნიორებზე აისახება. როგორც განვლილმა დღეებმა უჩვენა, სრულიად სხვა რეჟიმში მოუწევს მუშაობის გაგრძელება პატარკაციშვილის აქტივებსაც.

`ტელეიმედისთვის" ლიცენზიის შეჩერების საკითხის განხილვა გადაიდო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო, ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით კანონის მიხედვით, საქმის წარმოება საერთოდაც უნდა შეწყდეს. "იმედისთვის" მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მას შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს, რაც მაუწყებლობის შეწყვეტიდან 90 დღე გავა. კანონის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლობის წლის განმავლობაში 120 დღეზე ან ზედიზედ 90 დღეზე მეტი ხნით შეწყვეტა. `იმედმა~ მაუწყებლობა 2007 წლის 27 დეკემბერს შეწყვიტა.

რაც შეეხება პატარკაციშვილის კიდევ ერთ ქართულ აქტივს, `სტანდარტ ბანკს~, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის განცხადებით, მისი ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, 24 თებერვლამდე გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის "სტანდარტ ბანკში" ყოფნის ვადა სწორედ 24 თებერვალს იწურება. `სტანდარტ ბანკის~ გაყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებმა უნდა მიიღონ. მას ამ ეტაპზე პატარკაციშვილის საინვესტიციო კომპანია `სალფორდ საქართველო~ მართავს, სადაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებდნენ.

მიმდინარე კვირას პარლამენტმა რევოლუციურად წოდებული `საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ~ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. თუმცა პირველივე მოსმენისას პაკეტს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა როგორც პარლამენტში, ასევე სხვა სახელისუფლო სტრუქტურებში. კერძოდ, პარლამენტარებმა დაიწუნეს კანონის ის ნაწილი, რომელიც ეროვნული ბანკის შესუსტებას და მის დეინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებს.

მთავრობის იდეით, ზედიზედ 3 კვარტლის განმავლობაში ინფლაციის დაგეგმილ დონეზე 2%-ით მეტობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრს უნდა დაეყენებინა; ამავე დროს, ბანკის პირველ პირს თანამდებობა უპირობოდ უნდა დაეტოვებინა; ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები პარლამენტს აღარ უნდა დაემტკიცებინა, საბანკო ზედამხედევლობა კი ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან მთლიანად უნდა გამოსულიყო; ეროვნულ ბანკს კი განვლილი წლის ანგარიში პარლამენტში არა დასამტკიცებლად, არამედ მხოლოდ ცნობად მისაღებად უნდა წარედგინა. ანუ, ახალი პროექტით, რამდენიმე არსებული კონსტიტუციური ნორმა ირღვევა, მიიჩნევენ პარლამენტარები.

საფინანსო სექტორის მარეგულირებელ კანონპროექტთა პაკეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შენიშვნები კონტროლის პალატამაც გაგზავნა. როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარე აღნიშნავს, კანონპროექტების რაოდენობიდან გამომდინარე (პაკეტში 25 დოკუმენტია), მათი განხილვისა და სრულყოფილი გაანალიზებისათვის, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით მეტი დრო არის საჭირო.
კონტროლის პალატის დასკვნაში აღნიშნულია, რომ “საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტში მოცემულია რიგი ტერმინები, რომლებიც მოითხოვს სათანადო განმარტებას. ესენია: გლობალური ფინანსური ცენტრი, ფინანსური სისტემა, ფინანსური სექტორი, ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ფინანსური კომპანია, საჯარო ფინანსები და სხვ.

`საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონში ცვლილებებსა და დამატებებთან დაკავშირებით კონტროლის პალატას გაცილებით მეტი შენიშვნა აქვს. პალატის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დარღვევის შემთხვევაში, გადამეტებული სანქციაა, ვინაიდან ინფლაციაზე მოქმედებს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, რომელთა კონტროლი სცილდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობის ფარგლებს. შენიშვნები ეხება სტრუქტურულ და სინაარსობრივ გარდაქმნებსაც. კანონების პარლამენტში წარმდგენმა პრემიერმა ამ შენიშვნების გათვალისწინების პირობა დადო.

მთავრობასთან სერიოზული კონსულტაციების საგანი გახდება ევროობლიგაციების გამოშვების საკითხიც. ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება და გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული. დღეს ევროობლიგაციების გამოშვების საფრთხე მსოფლიოში მომძლავრებული ფინანსური კრიზისია. ბანკები უკვე განიცდიან სერიოზულ დანაკარგებს და ასეთ დროს ევროობლიგაციების გამოშვება საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია.
ამასთან, პარლამენტარებისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ევროობლიგაციების გამოშვება, ანუ 500 მილიონით საგარეო ვალის გაზრდა, რაზეც მთავრობას ჯერ პასუხი არ გაუცია.
მას სხვა პრობლემებიც აქვს მოსაგვარებელი, მათ შორის, დაბინავებისაც. საქართველოს მთავრობის ახალი კომპლექსის მშენებლობას შპს "არსენალ დეველოპმენტი" განახორციელებს.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფ. არსენალი) მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (773 ათასი კვ.მ.) 38,02 მილიონ დოლარად იყიდა. "არსენალ დეველოპმენტმა" აიღო ვალდებულება საპრივატიზებო ობიექტის 2 ჰა მიწის ნაკვეთზე ააშენოს 60 000 კვ.მ. მოცულობის სამთავრობო კომპლექსი, რომლის მშენებლობის ხარჯები მაქსიმუმ 30 მილიონი დოლარი იქნება. პროექტი უნდა შეთანხმდეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და აუქციონის ჩატარებიდან 4 წლის ვადაში გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში დასრულებული სახით.
მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე 9 წლის განმავლობაში განახორციელოს 700 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ახალ სამთავრობო კომპლექსში, მისი მშენებლობის შემდეგ, მთავრობის კანცელარია და რიგი სამინისტროები გადავლენ.

დაბინავების პრობლემით დაკავებულ მთავრობას მოულოდნელი ცნობა აზერბაიჯანიდან მოუვიდა: საქართველოს აზერბაიჯანიდან 1-1,5 მილიარდი კბ.მ გაზის შესყიდვა სურს, მაგრამ აზერბაიჯანს წლეულს მხოლოდ 500 მილიონი კბ.მ-ის მიწოდება შეუძლია. ამის შესახებ აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, აზერბაიჯანული გაზი 180-190 აშშ დოლარად (1000 კბ.მ-ზე) შეისყიდოს. 2007 წელს გაზის ფასი 120 აშშ დოლარი იყო.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ამჟამად საქართველოს გაზს არ აწვდის. `გაზის მიწოდება იმის შემდეგ განახლდება, რაც შესაბამისი ხელშეკრულება იქნება ხელმოწერილი~, - აღნიშნა ალიევმა.

ვითარების გასარკვევად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ბაქოში საგანგებოდ გაემგზავრა. თუმცა, მისი თქმით, გაზმომარაგებაზე წარმოებული მოლაპარაკებისას ტარიფის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ დაუფიქსირებია გაზის ახალი ფასი. ის, სავარაუდოდ, მაინც გაძვირდება და უწინდელზე 50-70 დოლარით მეტი ეღირება. სხვათა შორის, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კვირის ბოლოს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,56 ნიშნულზე დადგა, რაც გამყარების მორიგი რეკორდია.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” 25 თებერვლიდან ახალი რეისის, თბილისი-ბაქოს, შესრულებას იწყებს. რეისი კვირაში სამჯერ - ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას - განხორციელდება და ბილეთის ფასი 75 ევროდან დაიწყება. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობამ ახალი მიმართულების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მგზავრების მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
საქართველოში გამომგზავრების მსურველთა რიცხვის ზრდის გამო 2007-2010 წლების განმავლობაში თბილისში 5 მაღალი დონის სასტუმრო გაიხსნება. ერთ-ერთი მათგანი სასტუმრო “აჭარაა”, რომლის რეკონსტრუქციაც გაისად უნდა დასრულდეს.

InterContinental-ის, Hyatt--ის და Kempinski-ის სასტუმროების გახსნა 2010 წლისთვის არის დაგეგმილი. Radisson--ის ქსელში შესული განახლებული სასტუმრო `ივერია~ კი წელს უნდა ამოქმედდეს.

ეს სასტუმროები, არსებულ ორ `მარიოტსა~ და ერთ `შერატონთან~ ერთად, ბაზრის მოთხოვნას სავსებით დააკმაყოფილებენ. თუმცა, შესაძლოა, მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბოს კიდეც, რაც, სავარაუდოდ, სასტუმროების ფასების შემცირებას გამოიწვევს.

რაც შეეხება კიდევ ერთ შენობას, სადაც ასევე სასტუმროს განთავსებას მოელოდნენ, ის ბანკის კუთვნილება გახდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი შენობა `საქართველოს ბანკმა~ იყიდა. საამისოდ ბანკი 8,7 მილიონ დოლარს გადაიხდის. კონკურსში `საქართველოს ბანკმა~ კახა კალაძის მიერ დაფუძნებული `პროგრეს ბანკი~ დაამარცხა. გზების დეპარტამენტმა შენობა გასული წლის აგვისტოში დაცალა, დეკემბერში კი მასში ცენტრალური საარჩევნო კომისია განთავსდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მისამართს კიდევ ერთხელ შეიცვლის.

თუმცა, პირობების მიხედვით, აუქციონის ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში `საქართველოს ბანკმა~ ხელი არ უნდა შეუშალოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
XS
SM
MD
LG