Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 734-ე გამოშვება



ბიძინა რამიშვილი:

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. გესაუბრებით რუსეთ-საქართველოს პრობემებზე; შემოგთავაზებთ მასალას მშობლისა და შვილის შეძენაზე; მოგითხრობთ ე.წ. "ბედნიერი ტრეფიკინგის" შესახებ; გაგაცნობთ რუსეთში მოქმედ ერთ საბავშვო ორგანიზაციას, რომელსაც არა მხოლოდ ბავშვური მიზნები აქვს. ამ და სხვა თემებზე გესაუბრებით მეათე სტუდიის დღევანდელ გამოშვებაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გუშინ და დღეს

ბიძინა რამიშვილი:
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება გამოაცხადა. ორი ქვეყნის მოლაპარაკების განახლება ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი - პრეზიდენტების დონეზეა დაგეგმილი. მოსკოვთან მოლაპარაკების მთავარ თემებად თბილისი კონფლიქტების მოგვარებას და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას მიიჩნევს. პოლიტიკური დიალოგის განახლება ორ ქვეყანას საერთაშორისო სამართლებრივი დავის ფონზე მოუწევს. ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისში მუშაობა დაასრულა სპეციალურმა კომისიამ, რომლის დასკვნის საფუძველზე, საქართველომ რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ამ საქმის ძველ და ახალ დეტალებზე ნინო როდონაია მოგითხრობთ.

იხ. აუდიოვერსია.



,,გაურკვეველი სტატუსი”, ანუ მშობლისა და შვილის შეძენის უფლება

საქართველოში 44 ბავშვთა სახლია, ანუ როგორც დღეს უწოდებენ, ობოლ და მზურველობასმოკლებულ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება. ამ სახლებში ცხოვრობს ბევრი ბავშვი, რომელიც აქ ან გაუსაძლისი ყოფისა, ან კიდევ ვინ იცის რა მიზეზის გამო აღმოჩნდა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვების საკუთარ სახლებში წაყვანაზე ოცნებობენ. საქართველოში დღეს მოქმედ კანონს შვილად აყვანის შესახებ 1-ლი მაისიდან სრულად შეცვლის უკვე ახალი. მას დიდი იმედით ელოდება ათასობით ადამიანი. ისინი, ვინც წლების მანძილზე ოცნებობს შვილზე და მრავალი მიზეზის გამო ვერაფერს ახერხებს. რა არის ეს მიზეზები, როგორ ცხოვრობენ ბავშვები სამზრუნველო დაწესებულებებში, რატომ ვერ ხერხდება მათი გაშვილება ან რას შეცვლის მომავალი მშობლებისა და შვილებისათვის ახალი კანონი? ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

იხ. აუდიოვერსია.



"ბედნიერი ტრეფიკინგის" სამწუხარო რეალობა

ტრეფიკინგის მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართულ ძირითად იარაღს ყოველთვის წარმოადგენდა ფსიქოლოგიური ძალადობა. თუმცა ბოლო დროს მოძალადეებმა ფსიქოლოგიური წნეხი დაფინანსებას შეუთავსეს და ამით ნაკლებად სარისკო, სამაგიეროდ - კიდევ უფრო სარგებლიანი და მომგებიანი გახადეს თავიანთი საქმიანობა. ადამიანებით მოვაჭრეები შესანიშნავად ახერხებენ თავიანთი მსხვერპლი თანამონაწილედ აქციონ. თუ როგორ ხდება ეს და როგორ დაიბადა ცნება "Happy Trafficing", ქართულად - "ბედნიერი ტრეფიკინგი", ლელა კუნჭულია მოგითხრობთ. მაგრამ ვიდრე მას დავუთმობ მიკროფონს, გეტყვით, რომ 11-დან 15 თებერვლამდე ვენა მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სწორედ ტრეფიკინგთან ბრძოლის პრობლემებს ეძღვნებოდა.

ლელა კუნჭულია:
ადამიანებით ვაჭრობას – ტრეფიკინგს – არაფერი აქვს საერთო ბედნიერებასთან, თუმცა ეს ცნება - "ბედნიერი ტრეფიკინგი" სულ უფრო ხშირად გვხვდება მსოფლიო მედიაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი სქემის სახელი, რომლის საშუალებითაც ადამიანებით მოვაჭრეები ცდილობენ უფრო საიმედოდ გაექცნენ კანონს. სქემა ასეთია: მოძალადეები უშვებენ თავის მსხვერპლს და ხშირად აფინანსებენ იმ პირობით, რომ დაბრუნდეს სამშობლოში, თავისი სანაცვლო ერთი ან რამდენიმე გოგონა იპოვოს და მიჰგვაროს მოძალადეებს.

ამის გაკეთება, ბუნებრივია, მხოლოდ ტყუილით შეიძლება და სწორედ აქ იჩენს თავს "მოჩვენებითი ბედნიერება". გამოშვებული, ყოფილი მსხვერპლი პოტენციურ მსხვერპლს ბედნიერი სახით უყვება ზღაპრებს, თუ როგორი კარგი, კანონიერი სამსახური ჰქონდა მას და რა კარგია იქ, უცხოეთში. ლამაზი, ბედნიერი ზრაპრები ბევრზე მოქმედებს. ასეთებს ერთი ნაბიჯი რჩებათ მეძავთა სახლებამდე და შემაძრწუნებელ რეალობამდე:

[ლიას ხმა] "არ ვიცოდი, რომ გამყიდეს და ძალადობის მსხვერპლად მაქციეს. მამცირებდნენ... და, მართალი გითხრათ, ვერ ვპოულობ შესაბამის სიტყვებს, რომ აღვწერო ჩემს მიერ გამოვლილი საშინელება. სადაც კი წყალს ვნახავდი, სასწრაფოდ ვბანაობდი – თითქოს საპონს შეეძლო კანიდან ამ ტკივილების ჩამორეცხვა... დღე არ გასულა სასტიკი მოპყრობისა და მუქარების გარეშე. მე თავს შეურაცხყოფილად და უმწეოდ ვგრძნობდი."

ეს ლიაა, სწორედ გამოგონილი ბენიერი ისტორიებით მოხიბლული რუმინელი ქალი, რომელიც მოძალადეებმა თურქეთში მეძავად გაამწესეს. 16 წლის ირინამ კი, რომელიც მეზობელმა 200 დოლარად ასევე მოტყუებით გაყიდა, რუსეთში ამოყო თავი. გოგონა წარსულს კოშმარივით იხსენებს:

[ირინას ხმა] "გვცემდნენ, თუკი არ გვინდოდა იმის გაკეთება, რასაც ისინი გვეუბნებოდნენ. გვემუქრებოდნენ, რომ ფანჯრიდან გადაგვყრიდნენ, მოგვკლავდნენ... სულ გვიმეორებდნენ, რომ ჩვენში დიდი ფული გადაიხადეს, გვიყიდეს და ახლა შეუძლიათ, მოგვექცნენ ისე, როგორც სურთ."

როგორც ექსპერტები ამბობენ, არანაკლებ საშინელი წნეხის ქვეშ იმყოფებიან "ბედნიერი ტრეფიკინგის" სქემაში ჩართული ადამიანები, რომლებიც მოძალადეებმა მოძალადეებად აქციეს. როგორც ტრეფიკინგის საკითხებზე გაეროს ეგიდით მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტინა კანგასპანტამ ვენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, მოძალადედ ქცეული ყოფილი მსხვერპლი იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება, რომ, სასტიკი ანგარიშსწორების შიშით, შეთავაზებულზე უარის თქმას და გაქცევას ვერ ბედავს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ადამიანებით მოვაჭრეები ადვილად იყოლიებენ მეძავებს და ამასაც აქვს მიზეზი:

[კანგასპანტას ხმა] "ალბათ ყველაზე დაუცველ ჯგუფს, ტრეფიკინგის მსხვერპლის როლში აღმოჩენის მხრივ, წარმოადგენენ სექსის ბიზნესში დასაქმებული პირები. ისინი მეტად დაუცველები არიან, მათ არავინ ეხმარება, რადგანაც მათი წონა საკმაოდ გაუფასურებულია საზოგადოებაში. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ტრეფიკინგში მათი ჩათრევა ადვილი ხდება. რადგანაც, ფაქტობრივად, ეს არავის ადარდებს."

სწორედ საზოგადოების გულგრილობაზე საუბრობდა ბრიტანელი კინომსახიობი ემა ტომპსონი, ტრეფიკინგთან ბრძოლის აქტივისტი, რომელიც ასევე გახლდათ ვენის საერთაშორისო ფორუმის მონაწილე. ტომპსონი დარწმუნებულია, რომ სექსუალური ძალადობის საშინელი ფაქტების გამომზეურების გარეშე, ტრეფიკინგის მიმართ გულგრილი დამოკიდების შეცვლას არ უნდა ველოდეთ:

[ტომპსონის ხმა] "ჩვენ მხოლოდ სტატისტიკის საჭიროებას არ განვიცდით. ნაკლებად შუქდება ამგვარი საქმიანობის გულახდილი, საშინელი ფაქტები. ხალხს არ უნდა, რომ მეტი იცოდეს. ბევრი ადამიანი არც კი აღიარებს აშკარა ფაქტებს. ისინი არ განიცდიან, როცა ახალგაზრდა გოგონების გაუპატიურება ხდება. ისინი არ ფიქრობენ, რომ ამით რაღაც განსაკუთრებულად ცუდი ხდება. მათი შეხედულებით, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში გაუპატიურება ცხოვრების ნაწილია და რომ, ასე ვთქვათ, ეს უბრალოდ ხდება ხოლმე..."

დაბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ "ბედნიერი ტრეფიკინგის" აღმოცენება საერთაშორისო მედიამ თავდაპირველად ბალკანეთის ქვეყნებსა და იტალიაში შენიშნა. თუმცა, როგორც ავსტრიის დედაქალაქში გამართულ ფორუმზე ითქვა, "ბედნიერი ტრეფიკინგის" სქემა სწრაფად გავრცელდა და ის უკვე მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გვხვდება. ერთი სიტყვით, საზღვარგარეთ მუშაობით დაინტერესებულ ქალებს დიდი სიფრთხილე ჰმართებთ.



დათუნიები

ბიძინა რამიშვილი:
რუსეთში კრემლის მხარდამჭერმა ახალგაზრდულმა მოძრაობა "ნაშიმ" ჩამოაყალიბა ბავშვთა ორგანიზაცია, რომლის მიზანია 7 წლის ასაკის რუსებს ჩაუნერგოს სამოქალაქო ცნობიერება. ორგანიზაციის დამაარსებლების თანახმად, "მიშკი" - დათუნიები (ასე ეწოდება ამ ორგანიზაციას) - არაფრით განსხვავდება დასალეთში გავრცელებული საბავშვო ორგანიზაციებისგან და ის რუსეთის ახალგაზრდობის მორალისა და ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება. კრიტიკოსთა აზრით კი, "მიშკი" ძალიან ჩამოჰგავს საბჭოთა პერიოდის პიონერთა კავშირს...

მოსკოვში ცივი, ქარიანი დღეა. 25 ბავშვი მაგიდას უზის ესტონეთის საელჩოს წინ და ჯარისკაცის ძეგლის უზარმაზარ პლაკატს აფერადებს. მათ დაახლოებით სამი საათი იმგზავრეს ავტობუსით ქალაქ ვლადიმირიდან მოსკოვამდე და ისე გამოიყურებიან, რომ უმეტეს მათგანს სახლში წასვლა უნდა.

ბავშვების უკან უზარმაზარი დინამიკებიდან საბჭოთა პერიოდის ცნობილი სამხედრო სიმღერის, "კატიუშას" ჯაზურად არანჟირებული ვარიანტი ჟღერს. წითელ პერანგებში გამოწყობილი 5-6 თინეიჯერი კი ცდილობს, ბავშვები გაახალისოს. ბავშვები "მიშკის" წევრები არიან.

"მიშკის" ორგანიზაციის მესვეურები აცხადებენ, რომ მას არავითარი პოლიტიკური საფუძვლები არა აქვს და "ნაშისთან" კავშირი სრულიად შემთხვევითია. "მიკშის" დამაარსებელს, 20 წლის იულია ზიმოვას მოუსმინეთ:

ზიმოვას ხმა 1304 "არა. მე ამჟამად მოძრაობა "ნაშის" კომისარი ვარ. შეიძლება არსებობს კიდევ 2-3 ადამიანი, რომლებიც მოძრაობა "ნაშის" კომისრები არიან. ყველა დანარჩენი, მათ შორის "მიშკის" ხელმძღვანელები სხვა ქალაქებში, არა არიან "ნაშიდან". "მიშკის" ხელმძღვანელთა უმეტესობა პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან. მე-3, მე-4, მე-5 კურსელებიდან და მოძრაობა "ნაშისთან" მათ კავშირი არა აქვთ."

თუმცა უხერხულობა, რაც ეტყობათ "მიშკის" ხელმძღვანელებს, გასაგებია. ორგანიზაციის სათაო ოფისი იმავე შენობაშია განთავსებული, რომელშიც "ნაშის" შტაბ-ბინა მდებარეობს. ის მაღალი ღობითაა გარშემორტყმული და შეიარაღებული დაცვა იცავს.

შიგნით კედლები და იატაკი წითლად, "ნაშის" ფერად არის შეღებილი. გარშემო "ნაშის" დროშები კიდია. კედლებზე გაკრულ ასობით სურათზე აღბეჭდილია "ნაშის" აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე სართულზე, ძოწისფერ ოთახში "მიშკის" ოთხი ლიდერი უზის მაგიდას და გეგმავს ექსკურსიებს ლიპეცკში, ტამბოვში, სარანსკსა და ბელგოროდში - რამდენიმეში რუსეთის ევროპული ნაწილის იმ 20 ქალაქიდან, სადაც "მიშკი" აქტიურად მოღვაწეობს.

ზიმოვას თქმით, დღეს "მიშკი" აერთიანებს ათასამდე ხელმძღვანელს და 3000-მდე თავად მიშკის, დათუნიებს. მათი ასაკი 7-დან 15 წლამდეა.

ზიმოვას ხმა 1305 "ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს ვასწავლოთ, თავად განაგონ თავიანთი უშუალო გარემოცვა. რათა ისწავლონ გაუფრთხილდნენ მას ყველაზე მცირედიდან ყველაზე დიდამდე. ჯერ საკუთარ ეზოს, შემდეგ საკუთარ რაიონს, მერე საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ალტერნატივა. ძალგვიძს იმის ჩვენება, რომ შეგვიძლია ბავშვის გამოთრევა კომპიუტერიდან, ტელევიზორიდან და მივცეთ მას ალტერნატიული შესაძლებლობა, რომ სხვაგვარ შესაძლებლოაც არსებობს."

მაგრამ დღეს რუსეთი პოლიტიზებულია. და მიუხედავად იმისა, რომ "მიშკის" ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ სოციალური მოძრაობაა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვში მათ უკანასკნელ აქციას აშკარად იდეოლოგიური მიზნები ჰქონდა.

გასულ წელს "ნაში" და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები ესტონეთის საელჩოს წინ დაბანაკდნენ ერთი კვირის განმავლობაში. ისინი კვერცხებს და საღებავს ესროდნენ საელჩოს შენობას და აიძულეს ესტონეთის ელჩი, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა.

ეს აქცია ჩატარდა მას მერე, რაც ესტონეთის ხელისუფლებამ ტალინის ცენტრიდან აიღო და სხვაგან გადაიტანა რუსი მეომრის ბრინჯაოს ძეგლი - მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცილთა მემორიალი.

ესტონეთის ხელისუფლების თქმით, მემორიალი იმიტომ გადაიტანა ცენტრიდან, რომ ის რუსულენოვანი და ესტონური მოსახლეობის დაპირისპირების ადგილად იქცა. "ნაშიმ" და რუსეთის სხვა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი რუსეთისთვის სილის გაწნად აღიქვეს. მათ, როგორც ვარაუდობენ, კრემლის მხარდაჭერით, ფართო ვერბალური და კიბერშეტევა განახორციელეს ესტონეთის მთავრობის წინააღმდეგ.

გასულ კვირაში ესტონეთის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე მისული ბავშვებიდან ცოტამ თუ იცოდა, რატომ იყო საერთოდ იქ ან რას ნიშნავდა პლაკატზე ბრინჯაოს ჯარისკაცის მონუმენტი, რომელსაც აფერადებდნენ. ერთ-ერთმა, მაგალითად, სახელად ვანიამ, ჩვენი რადიოს მოსკოველ კორესპონდენტს უთხრა, რომ მოსკოვში ავტობუსით ჩაიყვანეს. როცა შევეკითხეთ, რატომ შევიდა "მიშკიში", მან პასუხი ვერ გამონახა.

რაც შეეხება "ნაშის" წევრებს, რომლებიც ზედამხედველობდნენ "დათუნიებს", ისინი ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ პატარებთან საუბარში.

თუკი მხედველობაში მივიღებთ ესტონეთის საელჩოს წინ აქციას, ბრინჯაოს პლაკატს და "ნაშისთან" კავშირს, "მიშკის" იდეოლოგიური არჩევანი არ არის გასაკვირი. ზიმოვასთვის ვლადიმირ პუტინი არის ჭეშმარიტი რჩეული:

ზიმოვას ხმა 1306 "ჩვენ ვთხოვეთ პუტინს მოძრაობა "მიშკის" ლიდერი გამხდარიყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ლიდერია. მეორე მხრივ ის ღირებულებითი ორიენტირია, რომელიც შეიძლება მაგალითად დაუსახო ბავშვებს. მისი არ შეგრცხვება. ის პრეზიდენტია, ქვეყნის სიამაყეა. მან ბევრი რამ გააკეთა. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც."

პუტინს ჯერ არ უპასუხია ამ თხოვნისთვის. მაგრამ საფიქრებელია, რომ მისი სავარაუდო მემკვიდრე, დმიტრი მედვედევი, შესაფერისი კანდიდატურა იქნება. ბოლოს და ბოლოს, "მედვედ" ხომ "დათვს" ნიშნავს რუსულად.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის, მაშა ლიპმანის თქმით, "მიშკის" გამოჩენა საგანგაშო ნიშანია და ის საბჭოთა პერიოდის პიონერებსა და ოქტომბრელებს მოგვაგონებს:

ლიპმანის ხმა 1307 "ვფიქრობ, ნებისმიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ზემოდან არის მართული, საბჭოთა ეპოქის ძალიან უსიამოვნო ასოციაციებს ბადებს. ჩემის აზრით, "ნაშიც" ძალიან უსიამოვნო ორგანიზაციაა, თუ გავიხსენებთ, როგორ აწუხებენ ოფიციალურ პირებს, როგორ დაუსჯელები არიან. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ისინი იდეოლოგიურ ხელმძღვანელობას უწევენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვებს, ეს ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ტენდენციაა."

XS
SM
MD
LG