Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


საქართველოს წარსულმა კიდევ ერთი,

პოლიტიკური თვალსაზრისით, დაძაბული და ემოციური კვირა მიითვალა... გასულ კვირაში ლონდონში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი და მიხეილ სააკაშვილის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ოპონენტი ბადრი პატარკაციშვილი, გასულ კვირაშივე საქართველოში ოპოზიციამ შეწყვიტა ხელისუფლებასთან დიალოგი და განაახლა საპროტესტო აქციები და, კიდევ, გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის მიერ კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხსნებამ საქართველოს პრეზიდენტს ათქმევინა, რომ საქართველოში დგება გადამწყვეტი მომენტი, მომენტი, როცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ მას აღარა აქვს გასაცემი ტერიტორიები.... რა შეიცვლა გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში?

შეიცვალა ბევრი რამ... მოხდა და ხდება ისეთი ფაქტები, რომელთა გამოც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება აშკარად ახალ ფაზაში შედის... ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა და ულტიმატუმის პოლიტიკა აირჩია:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ” საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა დიდ ქალაქში და, უმთავრესად, თბილისში დაიწყება საერთო სახალხო შიმშილობა საბოლოო გამარჯვებამდე.”

სულ მალე მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად - თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გასულ პარასკევს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე... გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიტინგს შეუერთდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც: ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები, გიორგი თარგამაძის მიერ ახლად დაფუძნებული ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ... ასეთი ერთიანობის დემონსტრირებით ოპოზიციამ ხელისუფლებას ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა: ან ხელისუფლება სასწრაფოდ დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნებს, ან ის მიიღებს დაძაბულობის კერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ასეთია ულტიმატუმი. აქვე ჩამოვთვლი მოთხოვნებს: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” დაუბრუნდეს ხალხს... მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს საერთო სახალხო შიმშილობა. - ასეთია მუქარა. მაგრამ ხელისუფლებაში მუქარა მშვიდად მიიღეს. მისი წარმომადგენლებისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ ჩააგდო შოკში ოპოზიცია ხელისუფლების მემორანდუმის ტექსტმა, რომელიც ითვალისწინებს კონსენსუსის პრინციპით შეთანხმებების მიღწევას ოპოზიციის მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დიდ უმრავლესობაზე. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ დიალოგზე უარი და ისევ ქუჩაში დაბრუნება ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაა. ” მათ აქვთ სრული კარტ-ბლანში აქციების ჩასატარებლად. ნოემბერში რაც მოხდა, მოხდა იმიტომ, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე”, - თქვა რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. ის ნათქვამს დასძენს, რომ დღეს ასეთი საფრთხე აღარ არსებობს:

[გივი თარგამაძის ხმა] ”დღეს ასეთი საფრთხე არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ სრული უფლება და საშუალება ქუჩის აქციების წარმოებისა და მათ შეუძლიათ სრულად დაიკმაყოფილონ ქუჩაში დგომის სურვილი, თუ ასეთი სურვილი გააჩნიათ. ”

გივი თარგამაძემ წარსულში ახსენა სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე. ისიც და ხელისუფლების სხვა წევრებიც დღეს უკვე სხვა საფრთხეზე ლაპარაკობენ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყანა რამოდენა გამოწვევის წინაშე დგას. გაიხსენეთ, რომ 17-ში მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს არის კოსოვო, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ”

თავისი სატელევიზიო გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კოსოვოს თემა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას ახსენა.. ”ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს არ უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ”, - თქვა მან ... ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ, თუ ვინმე ვინმეს ჭამს, ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს, ხელისუფლებისთვის სახიფათო ადამიანებს იცილებენ. ადამიანს სიტყვით მოკლავ თუ ტყვიას ესვრი, არა აქვს მნიშვნელობა. მორალური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პირადად მიხეილ სააკაშვილს ეკისრება ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილზე. ”

ასეთი აზრი მარტო ”ახალი მემარჯვენეების ” ლიდერს დავით გამყრელიძეს არ გამოუთქვამს... ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც უწოდეს მორალური მკვლელი... გამოითქვა ეჭვები პირდაპირი მკვლელობის მიმართულებითაც. მაგრამ ბრიტანული პოლიციის ”სკოტლანდ იარდის” წინასწარმა დასკვნამ პატარკაციშვილის ბუნებრივი მიზეზით გარდაცვალების შესახებ ეს ეჭვი, ასე თუ ისე, გაფანტა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ” სკოტლანდ იარდის” სანდოობაც კი დააყენეს ეჭვის ქვეშ. ინგლისის პოლიციას ინგლისელების მაღალი ნდობა აქვს, - გვითხრა რადიო ”თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” ინგლისურენოვანი ვებგვერდის რედაქტორმა, ბრიტანეთის მოქალაქემ ლუკ ოლნატმა და ამის დასადასტურებლად დაასახელა ” გარდიანის ” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი - ნდობა 74 პროცენტით. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმაც განაცხადეს, რომ სავსებით ენდობიან ბრიტანეთის პოლიციისა და კრიმინალისტების პროფესიონალიზმს... გარდაცვლილის ცხედრის გამოკვლევისას აღმოჩენილ იქნა გულის იშემიური დაავადება, თანაც ისეთი სიმწვავის, როგორსაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოჰყოლოდა უცაბედი სიკვდილი. ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგები მოგვიანებით იქნება. ბადრი პატარკაციშვილს საქართველოში დაკრძალავენ... საქართველოში დღეს ცოტას საუბრობენ იმაზე, თუ რა იცვლება ქართულ პოლიტიკაში მისი წასვლით. ხელისუფლებაში ხელმძღვანელობენ პრინციპით, რომ გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი... ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ პატარკაციშვილი სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას შეეწირა, ზოგიერთი პოლიტოლოგი კი - მაგალითად, შალვა ფიჩხაძე - ხაზგასმით აცხადებს, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მნიშვნელოვნად დაასუსტებს:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ” ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც ღიად შეეძლო ეთქვა, რომ აფინანსებს ოპოზიციას და ამის გამო არ შეშინებოდა. დღეს ხელისუფლებას და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზს მოაკლდა ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ქართული პოლიტიკა გახდა ნაკლებად კონკურენტული, რაც, საბოლოოდ, ქვეყნისთვის არის ცუდი.. ”

ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა... სააკაშვილის ხელისუფლებაში მას კულუარულ პოლიტიკურ მოღვაწედ განიხილავდნენ, ინტრიგებზე ორიენტირებული პოლიტიკის მკეთებლად და მოუწოდებდნენ ღია პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმულიყო... პატარკაციშვილში ხედავდნენ სერიოზულ საფრთხეს, ტელეკომპანია ”იმედს” მის მძლავრ პოლიტიკურ იარაღს უწოდებდნენ.... ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის ფარულმა დაპირისპირებამ ღია სახე გასული წლის შემოდგომაზე მიიღო :

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”მინდა კონსტრუქციულად მივიღო ყველაფერი, მაინც მინდა დავიწყნარო თავი. ნუ წამართმევენ ღირსებას, ნუ შეეცდებიან ”იმედს” ზიანი მიაყენონ, სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიაყენონ. ამას ნამდვილად ვერ შევეგუები და მერე, ნათქვამია, ცხვარი ცხვარიაო... ”

”მისი პოლიტიკაში წასვლა შეცდომა იყო, მაგრამ ის აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო ”, ამბობს დღეს ექსპერტი გია ხუხაშვილი.... საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტი ვერ დაუსვამს წერტილს საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა. ”სახელმწიფო გადატრიალების საქმე, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მივიდეს”, - აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების ყურადღება, როგორც უკვე ითქვა, ახალ საფრთხეზე გადააქვთ. გივი თარგამაძე ამბობს :

[გივი თარგამაძის ხმა] ” რუსეთი სულ უფრო შორდება მთელ დანარჩენ სამყაროს და ყალიბდება აგრესიულად გაბუტულ ქვეყნად. ასეთ დროს კოსოვოს კონტექსტში ჩვენი რეგიონების ხსენება რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მეტყველებს, რომ საქართველო მართლაც შევიდა მის წინაშე მდგომი ყველაზე საშიში საფრთხეების გააქტიურების ფაზაში. ”

რუსეთის პრეზიდენტმა კოსოვოს თემაზე საუბრისას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ორიოდე დღის წინ თავის პრესკონფერენციაზე ახსენა, როცა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთის დამოკიდებულება კოსოვოს საკითხთან მიმართებით. მან თქვა, რომ ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ კოსოვო თავისი სამომავლო სტატუსით იქნება უნიკალური შემთხვევა, გამონაკლისი.... ” აი, მაგალითად, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები ”, თქვა მან ... პუტინის მინიშნებას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც, აქვე ვიტყვი, ამ უწყებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან შეხვედრების შემდეგ გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება ცვლილებებს შეიტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხისადმი რუსეთის დამოკიდებულებაში. საქართველოში იმდენად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას არ ელიან, რამდენადაც კოსოვოს თემით რუსეთის ვაჭრობას და მისი მხრიდან კონფლიქტის ზონებში ვითარების დაძაბვას, პროვოკაციებს... რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის უკვე დაგეგმილი შეხვედრები მოსკოვში, ძნელი სათქმელია..”მე დავგეგმე იქ შეხვედრები, მაგრამ მანამდე რუსეთმა შეიძლება გადადგას რაღაც ნაბიჯები”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ საუბრისას.

ხელისუფლების წარმომადგენლები ყველას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხის გარშემო კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა საქართველოში სხვა ნიშნის კონსოლიდაცია ხდება. ვგულისხმობ ოპოზიციის კონსოლიდაციას საპარლამენტო არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურად გადაქცევის მიზნით. მორიგ არჩევნებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი. ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ულტიმატუმი 22 თებერვალს ამოიწურება... ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა საქართველო კარვების ქვეყნად. მანამდე კი ჩვენ შორის ხდება ის, რასაც საქართველოში დიდი ხანია შიშით ელიან. პოლიტიკური ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს არ ჩააბას საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების კამპანიაში, როგორც ამას საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები აპირებენ. ასეთი იყო რეაქცია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შენიშვნაზე ოპოზიციისადმი - რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ საქართველო თავისი ცხოვრების მეტად რთულ და საშიშ ფაზაში შევა.

XS
SM
MD
LG