Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოს კარზე მეორედ აკაკუნებს


პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ქვეყნის გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩართვა ითხოვა. ერთი თვით ადრე ანალოგიური შინაარსის მიმართვა ბრიუსელს უკრაინის პრეზიდენტმაც გაუგზავნა. გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში უკრაინისა და საქართველოს მოკლე ვადებში ჩართვას მხარს უჭერს ამერიკის სენატი, რომელმაც გასულ კვირაში მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. იგრძნობა ერთგვარი სიჩქარე, რათა ორმა ყველაზე უფრო დაწინაურებულმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ვადაზე ადრე შეაფაროს თავი სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს და ამით თავიდან აიცილოს შიდადაპირისპირების ესკალაცია, რამაც ბოლო ხანს საკმაოდ სახიფათო ხასიათი შეიძინა. თუმცა საკითხავია, არის თუ არა ვადამდელი MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიღება რეალური.

ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა მიემართა თუ არა ბრიუსელისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების თხოვნით. ამ ყოყმანის მიზეზი ყოვლად უცნაური ჩანდა მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერისა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების საკითხში პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე. თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობდა პრაგმატული მიზეზის გამო, რაც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ასე განმარტა:

[ბათუ ქუთელია] ”ჩვენი მაპის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში იმ მომენტში, როდესაც ამას ჩვენ ალიანსთან ერთად ჩავთვლით საჭიროდ და პოლიტიკურად იქნება ყველაზე სწორი.” (სტილი დაცულია)

ნატოში გაწევრიანების გზაზე სიჩქარის შენელება ან, გნებავთ, ფრთხილი ოპტიმიზმი იკითხებოდა მეორე ვადით არჩეული მიხეილ სააკაშვილის კომენტარში, რომელიც სტრასბურგში მყოფმა საქართველოს ლიდერმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში 24 იანვარს გააკეთა. შეიძლება მოგჩვენებოდა, რომ სააკაშვილი მზად არის დათმოს ნატოში გაწევრიანების იდეა, ოღონდ მოიგოს რუსეთის გული:

[მიხეილ სააკაშვილი] “მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ნატოს საკითხი გეოპოლიტიკურად იწვევს ... უფრო სწორად, ეს არის ცხელი თემა, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ იდეის მიმართ შეჩვევა ხდება. ეს ხომ ძალიან გრძელი პროცესია, ეს არის რთული პროცესი, ეს არის შიდა რეფორმების პროცესი და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რუსეთს... იმდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი მთლიანობაში, - იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ლაპარაკი კანდიდატად გახდომაზე, არამედ თვითონ წევრობაზე, - რომ ამასობაში ძალიან ბევრი რამ, თვითონ მიდგომაც, რუსეთში შეიცვლება.”(სტილი დაცულია)

რაღაც მართლა იცვლება. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაშიც განაცხადა, რომ რუსეთთან გრძელდება კონსტრუქციული დიალოგი, რათა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ხასიათის პრობლემები მოგვარდეს. ითქვა ისიც, რომ, შესაძლოა, საქართველომ ხელი არ შეუშალოს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში, რადგან მოსკოვი თურმე თანახმაა გარკვეულ შემხვედრ ნაბიჯებზე, მათ შორის, ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე კონფლიქტურ რეგიონებთან მდებარე სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე:

[მიხეილ სააკაშვილი] ”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტები გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე - მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებში - და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე.” (სტილი დაცულია)

თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება საქართველოს სუვერენიტეტის სანაცვლოდ არ მოხდება:

[მიხეილ სააკაშვილი] ”საქართველოს აღარ აქვს არც ერთი გასაცემი ტერიტორია, არც ერთი კილომეტრი დასაკარგავი მიწა და ეს არის ჩემი გულწრფელი, მეგობრული და გულღია გაფრთხილება, ყველასადმი გაკეთებული, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღითა ადრე.” (სტილი დაცულია)

რთული საერთაშორისო კონიუნქტურის მიუხედავად, საქართველო არ აპირებს გადახედოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს. მეტიც, გასულ კვირაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური თხოვნა, რათა ნატომ განიხილოს საქართველოს ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში, რაც ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების პროცედურით განსაზღვრული ბოლო და არსებითი ეტაპია. საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ძალებისთვის ძლიერ არგუმენტად იქცა შეერთებული შტატების სენატის რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მოკლე ვადებში. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ბევრ ექსპერტს ეეჭვება, რომ საქართველომ გაწევრიანების გეგმა ბუქარესტის სამიტზე მიიღოს. მათ შორის არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი თორნიკე შარაშენიძე:

[თორნიკე შარაშენიძე] ”თვითონ 7 ნოემბრის ამბები, რა თქმა უნდა, ცუდი იყო. მაგრამ, წესით, ალბათ, მაპს [გაწევრიანების სამოქმედო გეგმას] ჩვენ მაინც არ მოგვცემდნენ აპრილში, სხვადასხვა მიზეზების გამო. და 7 ნოემბრის ამბებმა, ჩემი აზრით, მოიტანა რაღაც პროგრესი ქვეყნის განვითარებაში, რადგან ხელისუფლებაც გამოფხიზლდა და ოპოზიციაც და ნაბიჯი გადავდგით წინ რაღაც დიალოგისა და კომპრომისისკენ. თუ ეს ვერ ვისწავლეთ, - დიალოგი და კომპრომისი,- მაშინ აზრი არა აქვს არაფერს, მაშინ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ, იმიტომ რომ, თუ პოლიტიკური კრიზისი ვერ დავძლიეთ მოლაპარაკებითა და მშვიდობიანი კომპრომისით, მაშინ საერთოდ არაფერი გამოვა არც დემოკრატიისა და არც არაფრისგან.”

იმის დასადგენად, თუ რამდენად ისწავლა საქართველომ დიალოგის გზით პოლიტიკური პრობლემების მოწესრიგება, საქართველოს გასულ კვირას ნატოს კიდე ევრთი დელეგაცია ესტუმრა. ალიანსის წევრი ხუთი ქვეყნის - ესტონეთის, ლატვიის, იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის -წარმომადგენლები ხელისუფლებასაც შეხვდნენ და ოპოზიციასაც, მაგრამ საქართველო ისე დატოვეს, რომ არ უთქვამთ, თუ რამდენად ოპტიმისტური იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჩაიტანენ ნატოს შტაბბინაში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG