Accessibility links

logo-print

ოპოზიცია შიმშილობის აქციისთვის მზადებას იწყებს


18 თებერვალს ეროვნულ საბჭოში შემავალი 5 პარტიის ოფისში თბილისის მასშტაბით მოშიმშილეთა რეგისტრაცია გამოცხადდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მემორანდუმით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან სამს მაინც არ შეასრულებს, 22 თებერვალს შიმშილობის მასშტაბური აქცია დაიწყება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიებიდან ხუთში, კერძოდ: პარტია „თავისუფლების“, საქართველოს გზის“, „ქართული დასის“, „ხალხის პარტიის“, „კონსერვატიული პარტიისა“ და პარტია „თავისუფლების“ სათავო ოფისებში პოტენციურ მოშიმშილეთა რეგისტრაცია ყოველდღე 10–დან 18 საათამდე იწარმოებს.

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა]“ საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო აგრძელებს შიმშილობის აქციისთვის მზადებას. იწყება მოშიმშილეების და მოშიმშილეთა დამცველების რეგისტრაცია.“

ბრძანა პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ქვეყნის რეგიონებში მოშიმშილეთა რეგისტრაციის შესახებ განცხადება 2 დღეში გაკეთდება. შიმშილობის აქციის დაწყებას ოპოზიცია, თბილისის გარდა, საქართველოს 11 ქალაქში გეგმავს და მოხალისეებისა და მხარდამჭერების მობილიზებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აცხადებს. მათგან ერთია, მოშიმშილეთა უსაფრთხოების მიზნით, დამცველების ცალკე რეგისტრაცია, მეორე კი - შიმშილობის აქციის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა. მატერიალური მხარდაჭერა მოშიმშილეთა კარვებით, საბნებითა და ლეიბებით მომარაგებას გულისხმობს, ფინანსური კი - სპეციალურ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას.

[კობა დავითაშვილის ხმა] “ჩვენი ერთ–ერთი კოლეგა პარტიის ანგარიშია, კონსერვატიული პარტიის ანგარიშია TBC- ბანკში 700–804. ყველას ვთხოვ, ვისაც რამდენი შეუძლია–ერთი ლარი იქნება, ათასი, თუ მეტი თუ ნაკლები... ჩვენთვის მხარდაჭერას არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფულს.“ (სტილი დაცულია)

„ეს თანხები გვჭირდება იმისთვის, რათა ვაკეთოთ ხალხის საქმე, ვაკეთოთ ის, რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“, დასძინა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა და კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატა გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლებასთან ბუნდოვანი კონსულტაციები კი არა, შედეგზე ორიენტირებული ხალხმრავალი საპროტესტო აქციებია. ამ რიგის პირველი გამაფრთხილებელი აქცია გაერთიანებულმა ოპოზიციამ 15 თებერვალს გამართა. აი, როგორ მიმართა მხარდამჭერებს ამ აქციაზე გაერთაინებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] “კიდევ ერთხელ თავიდან ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას. ყველას მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ომახიანად შევძახოთ: მიშა, მოვედით!“

15 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინ გამართული სანქცირებული საპროტესტო აქცია 22 თებერვლამდე დაიშალა, 16 თებერვლიდან კი ოპოზიციის მოთხოვნებმა ულტიმატუმის სახე მიიღო. ულტიმატუმი მემორანდუმის 17 მოთხოვნიდან 3 მოთხოვნის 22 თებერვლამდე შესრულებას ითვალისწინებს. ეს მოთხოვნებია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილისა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია 22 თებერვალს მოშიმშილეთა კარვების გაშლას ერთდროულად თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში აპირებს.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “თითქმის ყველა პარტიის ლიდერი იშიმშილებს, ჩემ გარდა, და, თუ არ ვცდები, ზვიად ძიძიგურის გარდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული საქმიანობა. გარდა ამისა, მოშიმშილეები იქნებიან, ძირითადად, პოლიტიკური პარტიების წევრები.“

ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი ჯონდი ბაღათურია. მოშიმშილეთა რეგისტრაციის პირველ დღეს შიმშილობის აქციაში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა. მათგან მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეარჩევენ.

გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეწყვეტილი დიალოგის ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოპოზიციის ულტიმატუმი მიუღებელია. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შეთანხმებულ პუნქტებს ასრულებს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “შემიძლია ჩამოგითვალოთ რამდენიმე პუნქტი, სადაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პირველ ყოვლისა, გახსოვთ, რომ ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლებულები ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც 7 ნოემბრის შემდეგ იყვნენ დაპატიმრებულნი. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. ეს იცოდნენ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა და მინდა გითხრათ, რომ დღეს პატიმრების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG