Accessibility links

logo-print

კოსოვოს დამოუკიდებლობა პირველმა აშშ-მა აღიარა


მას შემდეგ, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა ის იყო, თუ ვინ აღიარებდა პირველი

კოსოვოს დამოუკიდებლობას. ამ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი: აშშ არის პირველი ქვეყანა, მას კი სულ რამდენიმე წუთში მოჰყვნენ ბრიტანეთი და იტალია. ამასობაში, გერმანიამ განაცხადა, რომ ის და ევროკავშირის დანარჩენი წევრების უმრავლესობაც აპირებს დემოკრატიული კოსოვოს აღიარებას. რამდენიმე ქვეყანა კი, მათ შორის ესპანეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი არ აპირებენ მათი მაგალითის მიბაძვას საკუთარი სეპარატისტული პრობლემების, თუ სერბიის ტრადიციული მოკავშირეობის გამო.

[ხალხის ხმაური პრიშტინის ცენტრში]
ამ დღეებში მთელი მსოფლიოს მასმედია მოიარა დამოუკიდებლობის მოზეიმე კოსოვოელების ამსახველმა კადრებმა, მათმა ხმებმა.

[ნური შაკირის ხმა] “ცრემლს ვერ ვიკავებ, დილიდან ასე ვარ. არც კი ვიცი, როგორ გითხრათ რას ვგრძნობ! ამ დღეს მთელი ცხოვრება ველოდი და ყველა კოსოვოელს ვულოცავ დამოუკიდებლობას.” თუ 76 წლის ნური შაკირისა და ბევრ სხვა კოსოველ ალბანელს მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულდათ, კოსოვოელი სერბები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ: ისინი (კოსოვოს მოსახლების 10-მდე პროცენტი) კომპაქტურად არიან დასახლებული რამდენიმე რეგიონში და რა მოელის კოსოვოს ამ რეგიონებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ეთნიკური ნიშნით გაყოფილ ქალაქ მიტროვიცის სერბი მკვიდრი ჟივკა ვუკოვიჩი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი: [ჟივკა ვუკოვიჩის ხმა] “არაფრის მეშინია. დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება არანაირი საფრთხე. ჩემი სახლი აქ არის და სხვაგან წასასვლელი არა მაქვს”.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის, სხვათა შორის, ნათქვამი აქვს, რომ სერბიის ყოფილი პროვინცია თავის ყველა მოქალაქეზე იზრუნებს.

რაც შეეხება სერბიის ლიდერებს - კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ცალსახა, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აი რა თქვა საჯარო გამოსვლაში სერბიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა: [ბორის ტადიჩის ხმა] “სერბია ყველა ღონეს მიმართავს დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესითა და უკანონოდ გამოცხადების გასაუქმებლად. სერბია არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. სერბიის მხრიდან უკვე მოჰყვა და კიდევ მოჰყვება მშვიდობიანი, დიპლომატიური და სამართლებრივი ზომებით რეაგირება კოსოვოს ინსტიტუტების მიერ მიღებული ამ აქტის გასაუქმებლად. სერბიამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო ინსტიტუტებს კოსოვოში, გააუქმონ ეს აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”.

კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას უფრო მკვეთრი რეაქციებიც მოჰყვა: ბელგრადში დემონსტრანტებმა ფანჯრები ჩაუმსხვრიეს აშშ-ის საელჩოს (ჯერ კიდევ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე). ინციდენტი მოხდა სლოვენიის საელჩოსთანაც: სლოვენია ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა. ევროკავშირი კი, მთლიანობაში, როგორც ცნობილია, ემხრობა კოსოვოს ახალ სტატუსს.

ევროკავშირს კოსოვოში საერთო მისია აქვს: თუ 1999 წლიდან მოყოლებული კოსოვოს მართვის პასუხისმგებლობა გაეროს ეკისრა და ძლიერი იყო ნატოს როლიც, ახლა ვითარება იცვლება. კოსოვოში მუშაობას იწყებს ევროკავშირის 2000-კაციანი მისია, რომელიც სრული ძალით 120-დღიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ამოქმედდება პოლიციელების, მოსამართლეების, მებაჟეების მოსამზადებლად.

ცნობილია რუსეთის პოზიციაც - უარყოფითი პოზიცია კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ - რაც კვირას, ანუ კოსოვოელების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს დაადასტურა გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა.

ამასობაში, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას გამოეხმაურნენ ჩეჩენი მეამბოხეებიც: ისინი მიესალმებიან ამ ნაბიჯს და კოსოვოელი ალბანელების დაპირისპირებას ბელგრადთან ადარებენ თავიანთ ბრძოლას მოსკოვის წინააღმდეგ. ჩეჩენი სეპარატისტების ემიგრაციაში მომქედი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უსმან ფერზაულიმ შემდეგი განცხადებაც გააკეთა ჩვენი რადიოს ჩრდილოავკასიურ რედაქციასთან სატელეფონო ინტერვიუში: [უსმან ფერზაულის ხმა] “რასაკვირველია, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუ ჩეჩნებს გვსურს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამასვე უნდა ვუსურვებდეთ ყველა დანარჩენ ხალხსაც, პატარას თუ დიდს. მაგრამ იცით, აქ სხვა სიტუაციაა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებსა და ხალხებს არ უნდათ თავისუფლება. მათ სურთ ტერიტორიის ანექსირება საქართველოსაგან, ამის შემდეგ რუსეთთან მისაერთებლად. როგორც ცნობილია, ამ მოქალაქეების 80-90 პროცენტს რუსეთის პასპორტები აქვს. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ტერიტორიის კლასიკური ანექსია და ჩვენ, რასაკვირველია, ამის წინააღმდეგნი ვართ”.
XS
SM
MD
LG