Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციის მიზეზით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრა გადაიდო


სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა ვერ უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის მიღებაც

საჭიროა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებისთვის, რასაც, 5 იანვრის პლებისციტის შედეგის მიხედვით, მხარი დაუჭირა მოსახლეობამ, 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაყვანისთვის და ა. შ. კენჭისყრის გადადების მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადდა და საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა... მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა იყო ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმის დაკმაყოფილებას ელის... წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთო-სახალხო შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

[კახა კუკავას ხმა] ” სანამ პოლიტიკური პატიმრების საკითხი არ გადაწყდება, სანამ კინწურაშვილის და თარხნიშვილის საკიხი არ გადაწყდება, შეჩერებული გვაქვს ყველა სახის მოლაპარაკება. ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, მზად ვართ ვილაპარაკოთ ნებისმიერ საკითხზე. ”


”მოლაპარაკებების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტის სხდომაზე და, შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში”, - გვითხრა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, კახა კუკავამ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის საღამოს სხდომაზე ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდა მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში:

[ნინო ბურჯანაძის ხმა ] ”ჩვენის მხრიდან შეთანხმებები, რომლებიც, განვაცხადეთ, რომ მისაღებია, სრულდება და ამის მაგალითები ნამდვილად აშკარაა. შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი არის ისიც, რომ ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ჩვენი მხრიდან არის ნაბიჯი შეთანხმებებისაკენ.”(სტილი დაცულია)


”უმრავლესობისთვის ამ ცვლილებების უმრავლესობა არავითარი შეღავათის მომტანი არ არის ”, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. მაგრამ მისი მოწოდება ოპოზიციამ არ მიიღო. კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე კი უმრავლესობას არ შეეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისთვის საჭირო ხმების მოგროვება.

რა ცვლილებებზეა ლაპარაკი? როგორც ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ მემორანდუმში წერია, პარლამენტის არჩევნები გაიმართება არა უადრეს 14 და არა უგვიანეს 24 მაისისა. ეს საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს სწორად დაგეგმოს საარჩევნო პროცესი და დათვალოს რესურსები. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის პირობებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონალური პროპორციული სისტემით; კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილება იმისთვისაც, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს 7-დან 5 პროცენტამდე.


სწორედ ამ შეთავაზებების რეალიზაციისთვის დაიგეგმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა... აქვე ვიტყვი იმასაც, რომ, პროექტის თანახმად, პარლამენტის უფლებამოსილების ვადა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას უტოლდება. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ვერ შედგა. ”აქამდე არ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა და რაღა დღეს შეიტანა უმრავლესობამ საკითხი დღის წესრიგში - დღეს, როცა ოპოზიციას ხელისუფლებისთვის წაყენებული აქვს ულტიმატუმი და ნათელია, რომ ულტიმატუმის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მისი წარმომადგენლები არ შევლენ სხდომაზე?” - ასეთი შეკითხვა დასვა ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა, ფიქრია ჩიხრაძემ... საღამოს სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კენჭისყრა გადაიდო, ნინო ბურჯანაძემ განმარტა :

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მარტის შუა რიცხვებში ცვლილებების მიღება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება ივნისის შუა დეკადამდე. ცვლილებები უნდა იქნეს მიღებული 2 თვით ადრე არჩევნების გამოცხადებამდე. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ოპოზიცია ჩაიგდებს თავს უხერხულ მდგომარეობაში, როცა შეეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც თითქოს დაიწყო ყველაფერი.. ”

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი დაიტოვა, რომ კენჭისყრები მომავალ კვირაში მაინც შედგება... შეგახსენებთ: საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად 157 ხმა იყო საჭირო.
XS
SM
MD
LG