Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


,,ბალკანეთიდან ახალი კრიზისის სიო უბერავს”, - წერდა გუშინდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”. ”იზვესტია” კი პუბლიკაციის სათაურში აზუსტებდა:


,,სამხრეთ ოსეთს სურს კოსოვოს პრეცედენტით ისარგებლოს”.
,,საქართველო ,,კოსოვოს შტორმში” აღმოჩნდა” - ეს კი გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეი”-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურია. ,,კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ თბილისსა და მოსკოვს შორის ნეგატიური ემოციების ტალღა გამოიწვია, - წერს გაზეთი. - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ,,როგორც ჩანს, მოუწევს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და აღიარების გათვალისწინება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციასთან დაკავშირებით.” ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვს ურჩია, საქართველოს ერთიანობასთან დაკავშირებით,,ცეცხლთან თამაშს” თავი დაანებოს.” პუბლიკაციის
შემდეგ მონაკვეთში კი ვკითხულობთ: ,,რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აუღიარებელ რესპუბლიკებს, ისინი მოლაპარაკებებით არ კმაყოფილდებიან და სასწრაფოდ ემიჯნებიან საქართველოს მასშტაბური ეკონომიკური პროექტებით, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს.” ”ვრემია ნოვოსტეი” აღნიშნავს, რომ ,,ცხინვალმა შესაძლოა მალე მიიღოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთისაკენ გაზსადენის მშენებლობის მეორე ეტაპმა უკვე აიღო სტარტი”, - წერს გაზეთი და დასძენს: ,,ეს მილსადენი თბილისში გაღიზიანებას იწვევს, ისევე როგორც მეორე აუღიარებელი რესპუბლიკის, აფხაზეთის, სურვილი მონაწილეობა მიიღოს მიმზიდველი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას უკავშირდება.”
ავტორის დასკვნა კი ასეთია: ,,ჯერჯერობით კი თბილისის მოლაპარაკებები სოხუმსა და ცხინვალთან გაყინულია. ეს სასიკეთოდ არ ადგება საქართველოს, მით უმეტეს, რომ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მის ქვეყანას მეტად სერიოზულ ქარიშხალს უწინასწარმეტყველებს. ის, თუ რა მოჰყვება კოსოვოს სცენარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში.”

საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ეძღვნებოდა ”ნეზავისიმაია გაზეტას” პუბლიკაცია ,,თბილისი და მოსკოვი შერიგებას ცდილობენ”. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მოსკოვი და თბილისი აქტიურად ამზადებენ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრას. პრეზიდენტების მოლაპარაკება გატანილია 22 თებერვალს დაგეგმილი დსთ-ს ქვეყნების სამიტის ფორმატიდან. წინასწარი მოლაპარაკებით, შეხვედრა კრემლში ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, შედგება და პრეზიდენტებს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ექნებათ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრონ, - წერს გაზეთი და დასძენს: ,,თუმცა, ამავე დროს, ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დღეებში იდგმება ორი ქვეყნის დედაქალაქებში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სერიოზული შეთანხმებების მიღწევის საკითხს. ”

”ნეზავისიმაია გაზეტას” მიხედვით, ეს ნაბიჯები შემდეგია: ,,მაგალითად, იცის რა მოსკოვის ნეგატიური დამოკიდებულება თბილისის კურსის მიმართ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ლიდერმა სწორედ გასულ კვირას გაგზავნა ბრიუსელში წერილი, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა საქართველო მაპს შეუერთდეს, და ნატოს ხელმძღვანელობას ოფიციალურად სთხოვა ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მომდევნო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იმის საპირისპიროდ, რაც სერგეი ლავროვმა იანვარში თბილისში ვიზიტის დროს თქვა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,, კოსოვოს საერთაშორისო აღიარების შემთხვევაში, მოსკოვი ამ გარემოებას მაინც გაითვალისწინებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.” იმავე დღეს სმოლენსკის მოედანზე ყველაზე მაღალ დონეზე მიიღეს სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი. თბილისს ამაზე ხისტი რეაქცია ჰქონდა: შაბათს რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამ ამბავს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”.

,,მოსკოვსკი კომსომოლეცი” დღევანდელ პუბლიკაციაში სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ზემოთ ნახსენებ ვიზიტს ეხმიანება. სტატიის სათაური კი ამგვარია: ,,პრიშტინას მაგალითი გადამდებია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მიაღწევენ”.

და კიდევ ერთი პუბლიკაცია. გაზეთი ”კომერსანტი” მომღერალ ზემფირას თბილისურ კონცერტზე წერდა: ,,კონცერტის ბოლოს ზემფირამ მთავარი კოზირი დადო - სიმღერა ,,ჩვენ ვიშლებით”. ეჭვს არ იწვევდა, რომ სიტყვებს ,,საზღვრები პირობითია, მე შენთან ვარ” იგი განსაკუთრებით გულწრფელი გრძნობით მღეროდა. ეს იყო მისი მთავარი პოლიტიკური განცხადება... ”



XS
SM
MD
LG