Accessibility links

“სიტყვების ომი” კოსოვოს გარშემო


მას შემდეგ, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მსოფლიო, ალბათ შეიძლება ითქვას, სიტყვების ომმა მოიცვა.

სერბიამ გადაწყვიტა თავისი ელჩების გაწვევა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებს შორის აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი არიან და მათ სულ უფრო მეტი ქვეყანა ემატება.

აშშ-მა პირველმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მას მალევე მოჰყვა ევროპის რამდენიმე ქვეყანა. აი, როგორ გამოთქვა კოსოვოს ახალი სტატუსისადმი მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გუშინ, ტანზანიაში ვიზიტისას: [ბუშის ხმა] “ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ისევე როგორც ევროპელებთან და სხვა ქვეყნებთან კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან გვჯერა, რომ საჭიროა ამის გაკეთება. არის უთანხმოება, მაგრამ გვჯერა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, რომ ისტორია დაამტკიცებს: ეს არის სწორი ნაბიჯი ბალკანეთში მშვიდობის დასამკვიდრებლად”.

თუ ორშაბათს, ანუ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების მომდევნო დღესვე, ეს დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნებმა ცნეს, დღეს მათ ავღანეთი, თურქეთი დაემატნენ და კოსოვოს დამოუკიდებლობას მიესალმა ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია. დღესვე კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა ალბანეთმა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი მიესალმა უცხოეთიდან მიღებულ ამ ძლიერ მხარდაჭერას, თუმცა განსაკუთრებული მადლობა აშშ-ის მისამართით გამოთქვა: [ტაჩის ხმა] “გმადლობთ, პრეზიდენტო ბუშო, გმადლობთ ამერიკის მთავრობავ და მოქალაქეებო. კოსოვოს ინსტიტუტები, კოსოვოელი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამერიკელი ხალხისა”.

რაც შეეხება კოსოვოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს, ცოტანი არც ისინი არიან: ესპანეთი, კვიპროსი - მათ საკუთარი სეპარატისტული პრობლემები აწუხებთ, რუმინეთი, რომელსაც მეზობელ მოლდავეთში მდებარე დნესტრისპირეთში კოსოვოს პრეცენდენტის გამოყენების ეშინია. სხვა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიდან ჩინეთის, შრი ლანკის დასახელება შეიძლება.

მაგრამ ყველაზე კატეგორიული მოწინააღმდეგე მაინც რუსეთია, ბუნებრივია, თუ სერბიას არ ჩავთლით. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას “საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების აშკარა დარღვევა” უწოდა. რაც შეეხება სერბიას, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით გამოწვეული აღშფოთება, ეჭვს არ იწვევს, დიდხანს გაგრძელდება.

ეს აღშფოთება არ დაუმალავს სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს გაეროს უშიშროების საბჭოში ორშაბათს გამოსვლისას: [ტადიჩის ხმა] “ახლა დამოკრატიულ, მშვიდობის მოყვარულ სერბიას ისევ სჯიან მისი ტერიტორიის ნაწილის წართმევით. მართლაც შეუძლებელია ახსნა, ან გაიგო ეს ფორმალური ლოგიკა და ფორმალური სამართალი”.

“კოსოვო არის სერბია” - ასეთი სახელწოდება შეურჩიეს სერბიის წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა დემონსტრაციას, რომელიც ზეგ, ხუთშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG